EN

2013 წლის 17 მაისი

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2013 წლის 17 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ქვიარ უფლებები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ლგბტქ+ თემის წევრებისა და მათი უფლებების დამცველთა შეკრება

ორგანიზატორი

სასულიერო პირები

მთავარი მოთხოვნა

არ ჩატარდეს ლგბტ აქცია

პროტესტის ადრესატი

ლგბტ პირები

ვიზუალური ელემენტები

ჭინჭრები, ტაბურეტკა, ხატები, ჯვრები

პროტესტის შედეგი

ჩაიშალა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქვიარ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „იდენტობამ“ აქცია დაგეგმა. თუმცა, უფრო ადრე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და მთელი რუსთაველის გამზირი, სასულიერო პირების მოწოდებით, მოქალაქეებმა და სასულიერო პირებმა დაიკავეს. მათ ხელში ჯვრები, ხატები და ჭინჭრები ეჭირათ. 

ამ მიზეზით ლგბტ თემის წევრებმა, მათმა უფლებადამცველებმა და ჟურნალისტებმა შეკრების ადგილი შეიცვალეს და რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, პუშკინის სკვერში შეგროვდნენ, ჯამში 50-მდე ადამიანი. 

პოლიციას ამ ორ ჯგუფს შორის შორის რკინის ჯებირი გაავლო და ცოცხალი ძალით კორდონი შექმნა. ქვიარ აქტივისტებს სჯეროდათ, რომ პოლიცია მათ იმ დღეს ჰომოფობიური ჯგუფებისგან დაიცავდა, რადგან რამდენიმე დღით ადრე,  14 მაისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა – „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობების უფლებები დავიცვათ და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც“.

მოლოდინი არ გამართლდა. მაშინ, როცა რუსთაველზე ხალხის რაოდენობამ იმატა, სასულიერო პირების თანხლებით, ასობით ადამიანი პუშკინის სკვერისკენ დაიძრა. მათ გაარღვიეს პოლიციის კორდონი და სკვერში შეკრებილი ადამიანებისკენ გაიქცნენ. ისმოდა გინება, უნდოდათ ფიზიკურად გასწორებოდნენ ქვიარ აქტივისტებს, რაზეც პოლიცია სათანადოდ ვერ რეაგირებდა. 

მოულოდნელად, თავისუფლების მოედანზე, ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა. პოლიცია პუშკინის სკვერში შეკრებილ ყველა ადამიანს, განურჩევლად იმისა, წარმოადგენდა ლგბტ თემს, იყო უფლებადამცველი, თუ აშუქებდა მოვლენებს, ავტობუსში სვამდა, რომელსაც ისინი ქალაქის ცენტრიდან უნდა გაეყვანა. 

ხალხის ტრანსპორტში ჩასმის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაიწყეს ავტობუსებზე ხელის რტყმა და ქვების სროლა. მძღოლებისგან მოითხოვდნენ, კარი გაეხსნათ მათთვის. 

ერთი მიკროავტობუსი ტერიტორიას ნატო ვაჩნაძის სახელობის ვიწრო ქუჩის გავლით ტოვებდა. მასში, ძირითადად, ქვიარ აქტივისტები ისხდნენ, რაც ცნობილი იყო ჰომოფობიური ჯგუფებისთვისაც. მიკროავტობუსს ესროლეს ქვები, ჩაუმსხვრიეს მინები, მგზავრები ტიროდნენ და პოლიციისგან შველას ითხოვდნენ. მძღოლმა შეძლო ტერიტორიიდან გასვლა. იქ სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 პოლიციელი. “ამ დღის მონაწილეებს გვახსოვს თვალწინ ჩაფრენილი ქვები და დიდი, დაუვიწყარი იმედგაცრუება”, – წერს წლების შემდეგ თავის სტატიაში გიორგი კიკონიშვილი, რომელიც ამ მიკროავტობუსში იჯდა. ეს იმედგაცრუება მიემართებოდა პოლიციას და სახელმწიფოს, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა და ამ მცირე ჯგუფის დაცვა ვერ მოახერხა.

აქციის ჩაშლის მიუხედავად, ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირს არ ტოვებდნენ იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სამების ტაძარში წასვლისკენ არ მოუწოდა. ძალადობას გაემიჯნა საპატრიარქო, თუმცა თქვა, რომ „არ შეიძლება ამისი პროპაგანდა“.

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ ვერ მიიღო შესაბამისი ზომები, რაც საჭირო იყო აქციის ჩასატარებლად.

იმ საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ძალადობა დაგმო და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავეს „კანონის შესაბამისად მოექცეოდნენ“. ამ საქმეზე ბრალი რამდენიმე პირს წაუყენეს, მათ შორის ორი სასულიერო პირი იყო, სასამართლომ კი რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა 100-100 ლარით.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა თქვა, რომ 2014 წლიდან, ყოველ 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავდნენ.

2021 წლის 16 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა ამ ძალადობას და სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლების „მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა ძალადობა, 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. 

„[ხელისუფლებამ] არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ“, – წერია გადაწყვეტილებაში.

Media

2013 წლის 17 მაისი, ძალადობა ქვიარ აქტივისტებზე

2013 წლის 17 მაისი, ძალადობა ქვიარ აქტივისტებზე

ფოტო: გიორგი გოგუა, ლიბერალი

სასულიერო პირები და მათი მრევლი რუსთაველზე

სასულიერო პირები და მათი მრევლი რუსთაველზე

2013 წლის 17 მაისი

ფოტო: გიორგი გოგუა, ლიბერალი

მღვდელი ტაბურეტით

მღვდელი ტაბურეტით

ფოტო: დიმა ჩიკვაიძე, ტაბულა