2000-იანი წლების დასაწყისში აჭარის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლები, რომლებიც სტიქიით დაზარალდნენ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით და ინიციატივით წალკაში ჩასახლდნენ. სახელმწიფომ ისინი საბერძნეთში მიგრირებული ბერძენი ეროვნების მოქალაქეების სახლებში შეასახლა იმ გარანტიით, რომ სახლებს გამოისყიდდა. ეკომიგრანტების ინფორმაციით, წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 3300 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობდა, მთავრობამ კი ბერძენი მოქალაქეებისგან მხოლოდ 350 სახლი გამოისყიდა.
2012 წლის შემდეგ სახლების ბერძენი მესაკუთრეების წარმომადგენლები წალკაში ჩავიდნენ და ეკომიგრანტებს თავიანთ საკუთრების დაცლა სთხოვეს. კანონიერი მესაკუთრეების დაბრუნების შემდეგ აჭარიდან წაკლაში მიგრირებულებმა 2013 წლის მაისში სახლები დაცალეს და 13 მაისიდან ბათუმში აჭარის მთავრობის წინ კარვებში დაიწყეს ცხოვრება. ამის შემდეგ დაიწყო წალკაში გადასახლებული ეკომიგრანტების ბრძოლა საცხოვრებლისთვის. მათ დროებითი თავშესაფარი მოითხოვეს. კარვებში 144 ადამიანი ცხოვრობდა. ეკომიგრანტების თქმით, დანარჩენებმა უფუნქციო შენობა ნახეს და მის შესასვლელში განთავსდნენ, მაგრამ ამ შენობაში დროებით ოფიციალურად განთავსებაზეც უარი მიიღეს.
წალკიდან აჭარაში დაბრუნების 52-ე დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, როცა მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ეკომიგრანტებმა შიმშილობა დაიწყეს აჭარის მთავრობის სახლის წინ. მათთან მოლაპარაკებას შს სამინისტროს აჭარის სამხარეო სამმართველოს უფროსი, ვალერი თელია, ხოლო აჭარის მთავრობიდან ირაკლი ჭეიშვილი აწარმოებდნენ და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლებას სთხოვდნენ. ვალერი თელია ეკომიგრანტებს დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი შიმშილობას შეწყვეტდნენ, 10 ივლისს მივლინებიდან დაბრუნებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე და ხელისუფლების სხვა წევრები შეხვდებოდნენ. ეკომიგრანტებმა შიმშილობა გააგრძელეს.
შიმშილობის მერვე დღეს, 10 ივლისს მათთან შესახვედრად არჩილ ხაბაძე მართლაც მივიდა და აუხსნა, რომ მხოლოდ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, დავით დარახველიძეს შეეძლო მათი დახმარება.
ეკომიგრანტების პრობლემის გასაცნობად აჭარის მთავრობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკომიგრანტების განცხადებები დიდწილად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან მათ უმრავლესობას სახლ-კარი სინამდვილეში ჰქონდა. შესაბამისად, მათი პროტესტის ძირითადი მიზანი იყო, სახელმწიფოსგან აჭარაში ქონების გამოძალვა. მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მთავრობამ წალკაში ჯგუფი გაუშვა, რომლის ერთ-ერთი წევრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე “ბათუმელებთან” ამბობდა, რომ წალკაში ყოფნისას დარწმუნდნენ: ამ ხალხს წალკიდან გამოსახლება არ ემუქრება. “იყო რაღაც პრეცედენტები 3-4 შემთხვევა, ადგილზე ვთხოვეთ ბერძნებს და პრობლემას არ შევქმნითო… ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ დროებითი საცხოვრებელი გამოგვიყავით ბათუმშიო და, სამწუხაროდ, უარი ვუთხარით. დროებითი თავშესაფარი ავტონომიურ რესპუბლიკას არ გააჩნია“.
მოშიმშილეები კი ჟურნალისტებთან ყველა საუბარში აცხადებდნენ, რომ მათ აჭარაში კი არა, წალკაში უნდოდათ საცხოვრებელი სახლები.
წალკიდან წამოსული ეკომიგრანტები 11 ივლისს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხის ბავშვთა სახლში შესახლდნენ. როგორც “ბათუმელები” წერდა, ერთი ჯგუფი “თითქმის ჩურჩულით ამბობდა, რომ ბავშვთა სახლში შეჭრის უფლება მთავრობამ მისცა”. ოფიციალურად კი მათ გადაწყვეტილებას ეკომიგრანტი ამირან საგინაძე ასე ხსნიდა: “სადმე თავი უნდა შეგვეფარებინა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდანაც იყო მოწოდება, რომ გამოგვენახა ერთობლივად რაიმე საშუალება, სახელმწიფოზე დაქვემდებარებულ უფუნქციო შენობაში უნდა შევსულიყავით. გამოვნახეთ ეს შენობა, რომელიც უფუნქციოა და დროებით თავშესაფრად ვაქციეთ. 120 ადამიანი ვართ ძალიან ცუდ პირობებში, სველი წერტილიც კი არ არის”.
15 ივლისს ეკომიგრანტებმა შიმშილობა შეწყვიტეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო. “შიმშილის შეწყვეტის შემდეგ ექიმს არ გავუსინჯივარ, 65 კილოზე ჩამოვედი, წნევა დამივარდა, საჭმელს ვერ ვჭამ, ყავას ვსვამ, რომ წნევა ავიმაღლო”, – ამბობდა აქციის მონაწილე ჯუმბერ რიჟვაძე.
2013 წლის 10 ოქტომბერს წალკიდან წამოსული ეკომიგრანტები ბათუმში აშენებულ სოციალურ სახლში თვითნებურად შევიდნენ. იმავე ფართზე პრეტენზიას ბათუმის ბარაკებში მაცხოვრებლები აცხადებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ეს კორპუსი მათთვის აშენდა. 2013 წლის 11 ოქტომბერს ისინი სოციალურ სახლებთან შეიკრიბნენ და ეკომიგრანტებს შენობების დაცლა მოსთხოვეს.
2014 წლის 5 ნოემბერს ეკომიგრანტები წალკიდან უკვე თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ მართავდნენ აქციას.
მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ცნობებიდან ჩანს, რომ ბათუმში უშედეგო პროტესტის მერე, ნაწილი ისევ წალკაში დაბრუნდა. 2015 წლისთვის უსახლკაროდ დარჩენილი 30 ოჯახი წალკის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში აფარებდა თავს. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების დაკავების გამო შეუწყდათ სოციალური დახმარება და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.
2016 წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა ამოქმედდა აჭარაში. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკომიგრანტების ოჯახებს სხვადასხვა დროს გადასცემდნენ ხოლმე საცხოვრებლებს, მაგრამ კონკრეტულად წალკაში მცხოვრებლებსაც შეეხო თუ არა ახალი პროგრამა, არ ჩანს.
„მთავრობა გვეუბნება, რომ რიგია და ჩვენც მოგვცემენ სახლს, მაგრამ როდემდე? რამდენ ხანს შეიძლება ელოდო რიგს? ჩემთან უკვე მოვიდა ბერძენი მესაკუთრე და სახლის დაცლას მთხოვს,“ – ამას წალკაში სოფელ ქვემო ხარებაში მცხოვრები ნუგზარ პაქსაძე ამბობდა 2018 წლის 18 აგვისტოს გამართულ აქციაზე.
ამ დროს “ბათუმელები” წერდა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო წალკაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის პროცესის დასრულებას 2020 წლისთვის აპირებდა. სამინისტროს პრესცენტრში განმარტავდნენ, რომ ბინას ჯერ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები მიიღებდნენ. ეკომიგრანტს სახელმწიფოსთვის თავად უნდა შეეთავაზებინა საცხოვრებელი ბინა, რაშიც 25 ათასი ლარი დაიხარჯებოდა ბიუჯეტიდან. თუკი მოქალაქე 25 ათას ლარზე მეტი ღირებულების სახლს შეარჩევდა, სხვაობა თვითონ უნდა დაეფარა.
ეკომიგრანტები წალკიდან 2018 წლის 21 ოქტომბერსაც შეიკრიბნენ და ისევ საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.
2019 წლის აპრილში მათ საპროტესტო აქციები განაახლეს. “არა სახლი, არა მიწა, არა მომავალი?” “ეკომიგრანტებს მიენიჭოთ სტატუსი” – ეწერათ აქციაზე გამოსულებს ტრანსპარანტებზე. ერთ-ერთი ეკომიგრანტის, ელგუჯა შავაძის ინფორმაციით, წალკაში გადმოსახლებული ეკომიგრანტებიდან 220 ოჯახი ბათუმთან გაშენებულ „ოცნების ქალაქში“ დასახლდა, 60 ოჯახი – ერაყში წავიდა სამუშაოდ. “2 ათას ოჯახამდე ვიყავით ბოლო წლებია. ხელისუფლება სულ გვპირდება, მაგრამ რეალურად მხოლოდ 330 ოჯახს მისცეს სახლი საკუთრებაში“, – ამბობდა ელგუჯა შავაძე. ადგილობრივების თქმით, მათ ეკომიგრანტის სტატუსიც არ ჰქონდათ.
ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კოტე რაზმაძის მტკიცებით კი, წალკაში მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა იქ თვითნებურად, „ოჯახის გაფართოების მიზნით“ ჩასახლდა და დაახლოებით 300 ოჯახი იყო რეალურად ეკომიგრანტი. რაზმაძე პირობას დებდა, რომ 2019 წელს 174 ეკომიგრანტი მიიღებდა თანხას საცხოვრებელი სახლის შესაძენად, თუმცა მათ შორის წალკაში მაცხოვრებლები რამდენი იქნებოდა, არ იცოდა.
2019 წლის 17 აპრილს აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს წალკის მერიამდე და იქ გააკრეს ტრანსპარანტები. მათ პირველ მაისამდე მისცეს ვადა ხელისუფლებას, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, აქციების განახლებას აპირებდნენ.
მოთხოვნები არ შესრულდა. ამიტომ ეკომიგრანტები 11 ივნისს წალკიდან თბილისში ჩავიდნენ და აქციები პარლამენტის წინ გააგრძელეს. “მოვითხოვთ ელემენტარულს – წყალს და მიწას”; “შეგვისრულეთ დანაპირებით სტიქიით დაზარალებულ ეკომიგრანტებს” – იდგნენ ამ ტრანსპარანტებით.
ისინი კვლავ ითხოვდნენ, სახელმწიფოს შეესყიდა მათთვის სახლები და საკუთრებაში გადაეცათ ის მიწები, რომლითაც სარგებლობდნენ. ეკომიგრანტები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდებოდა, რადგან მათ ხელისუფლება სოფლების მიტოვებას აიძულებდა. აქცია 12 ივნისსაც გაგრძელდა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ თბილისში საპროტესტო აქციების დროს, მხოლოდ რეგიონული მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც დამაიმედებელი ვერაფერი უთხრა. წუხდნენ, რომ მათ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებიც კი არ შეხვდნენ, „არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ ინტერესდება ჩვენით, რომ გაგვცეს ამომწურავი პასუხი“, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.
2021 წლის 19 სექტემბერს წალკაში ეკომიგრანტებს შეხვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა თქვა, რომ იბრძოლებენ, მოინახოს “რაც შეიძლება კარგი გამოსავალი”.
აჭარის ტელევიზიის ეთერში 2023 წლის 1 იანვარს გასული სიუჟეტიდან კი ჩანს, რომ წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტების ნაწილი ისევ ბინებს ელოდა.