EN

„არა ხუდონჰესს“

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2013 წლის 17 სექტემბერი – 2018 წლის 20 მაისი

გავრცელების არეალი

რეგიონი, თბილისი

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია, პიკეტი, მარში

პროტესტის მიზეზი

ჰესის მშენებლობაზე მსჯელობის დაწყება.

ლიდერები, ორგანიზატორი

ადგილობრივები, ლაშა ჩხარტიშვილი

მთავარი მოთხოვნა

არ აშენებულიყო ჰესი

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„გადავარჩინოთ სვანეთი“, „არა ხუდონჰესს“,

პროტესტის შედეგი

ხუდონჰესი არ აშენდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში, მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების იდეა ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან არსებობდა. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი უნდა ყოფილიყო და წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ უნდა გამოემუშავებინა. კაშხლის სიგრძე კი 202 მეტრი უნდა ყოფილიყო.

1980-იან წლებში ეროვნული მოძრაობის მასობრიობას ხელი შეუწყო ეკოლოგის საკითხმაც – სამშობლოს დაცვა გულისხმობდა როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ისე, მისი ბუნების ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას. “მწვანეთა მოძრაობამ” პირველი პროტესტი ამ საკითხზე 1987 წელს გამართა, ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის, ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. მაშინ პარალელურად დავით გარეჯის უდაბნოდან საბჭოთა არმიის სამხედრო პოლიგონის გადატანასაც ითხოვდნენ. ჰესის ნაწილი აშენებული იყო და დასრულებით დაინტერესებული იყვნენ როგორც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება, ისე – საბჭოთა საქართველო. 

1989 წლის 30 ივნისს შეწყდა ხუდონჰესის მშენებლობა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს N11 დადგენილებაში ეწერა, რომ „საზოგადოებრივი აზრის, აგრეთვე, მესტიის, წალენჯიხის, ზუგდიდის ქ. ჯვრის მოსახლეობის და რესპუბლიკის საზოგადოებრიობის დაჟინებითი მოთხოვნის გათვალისწინებით“ შეწყდა მშენებლობა და გადაწყდა, შემუშავებულიყო სათანადო ღონისძიებები გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად.

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხი აქტუალური 2011 წლის აპრილში ისევ გახდა, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ „საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ კონტრაქტს კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ (Trans Electrica LTd) უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი“.

ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგაც. 2013 წლის აპრილში გაიმართა საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია. ექსპერტებმა გამოკვეთეს ორი მთავარი პრობლემა: ენერგოპოლიტიკისა და ენგურის აუზში წყლის რესურსების მართვის გეგმის არარსებობა. პრობლემებს შორის დასახელდა სვანეთში მიმავალი მაშინ ერთადერთი ვიწრო გზა, სადაც მცირე ავარიაც კი მოწყვეტდა ჰესის სამუშაოებს.

2013 წლის სექტემბერში 70-ზე მეტმა ოჯახმა დაიფიცა, რომ მშვიდობიანი ფორმებით წინააღმდეგობას გაუწევდნენ ჰესის მშენებლობას და არ დაიშურებდნენ „ძალ-ღონესა და ჭკუა-გონებას“ იმისათვის, რომ ხაიშის წმინდა გიორგის მოქმედი ტაძარი, სასაფლაოები, ხაიშის თემი და მასში შემავალი სოფლები წყალქვეშ არ მოქცეულიყვნენ. ოჯახებმა ჰესის მშენებლობის გამო ტერიტორიების მოსალოდნელი დატბორვისა და სავარაუდო კომპენსაციების ოდენობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და პროექტი 2013 წლის 17 სექტემბერს გააპროტესტეს სოფელ ხაიშში. 4 ოქტომბერს სტუდენტების აქცია „არა ხუდონჰესს“ გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოშიც, 26 ოქტომბერს კი ენერგეტიკის სამინისტროსთან. თბილისში იმართებოდა აქცია მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციასთან და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც.

აქციები გრძელდებოდა სოფელ ხაიშშიც. ერთ-ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა 3 ნოემბერს. მათ ამ დღეს კიდევ ერთხელ დაიფიცეს, რომ ჰესის აშენებას ხელს შეუშლიდნენ.  მათ იმავე შინაარსის ფიცი დადეს 2014 წლის 20 იანვარსაც. უკვე 29 იანვარს ადგილობრივებმა გაიგეს, რომ ხაიშში ტერიტორიების ასაზომად სპეციალისტები ჩადიოდნენ. მათ აქცია გამართეს და საავტომობილო გზა დიდი ლოდებით ჩახერგეს – ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა სამი საათის განმავლობაში არ მოქმედებდა. სპეციალისტებმა სამუშაოების ჩატარება ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი ბოლო აქცია ხაიშში 2014 წლის 20 თებერვალს გაიმართა, 23 აპრილს კი ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჰესის მშენებელ კომპანიას სამშენებლო ნებართვა 1 მარტს უნდა მიეღო, თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თქვა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა.

იმის მიუხედავად, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერებული იყო, 2018 წლის 20 მაისს სოფლის ცენტრში კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ადგილობრივები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ მშენებლობა განახლდებოდა. მათ მშენებლობის საბოლოოდ შეჩერება მოითხოვეს.

2022 წლის 19 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ ხუდონჰესის პროექტის დასაბრუნებლად ინვესტორს 14.5 მილიონი დოლარი გადაუხადა. ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 18 დეკემბერს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს სურდა ჰესი თავად აეშენებინა, თუმცა მეტი დეტალი აღარ გასაჯაროებულა.

Media

აქცია სოფელ ხაიშში

აქცია სოფელ ხაიშში

03.11.2013 კადრი "გრინფისის" ვიდეოდან

ხუდონჰესის მოწინააღმდეგეების აქცია–მსვლელობა

ხუდონჰესის მოწინააღმდეგეების აქცია–მსვლელობა

19.10.2013 ფოტო: ნეტგაზეთი

სტუდენტების აქცია "არა ხუდონჰესს"

სტუდენტების აქცია "არა ხუდონჰესს"

4.10.2013 ფოტო: კადრი "ლიბერალის" ვიდეოდან