EN

სასწრაფოს ექიმების შიმშილობა

left arrow

2013

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2013 წლის 10-13 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, შიმშილობა

პროტესტის მიზეზი

სასწრაფოს 5 ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ორგანიზატორი

სასწრაფოს გათავისუფლებული ექიმები

მთავარი მოთხოვნა

მორიგეობისას დასვენებისთვის საჭირო გონივრული დროის გამოყოფა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა და გათავისუფლებული ექიმების სამსახურში აღდგენა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს და ექიმებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ექიმი 7 მარტს გაათავისუფლეს სამსახურიდან. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა კახა ჩიხრაძემ თანამშრომელთა დათხოვნის მიზეზად, ერთი მხრივ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, მეორე მხრივ კი, ექიმების მორიგეობაზე გამოუცხადებლობა და გაფიცვის ორგანიზების მცდელობა დაასახელა.

სასწრაფოს ექიმების შიმშილობა კოლეგების გათავისუფლების დღიდან დაიწყო . მოშიმშილე ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ,  რომ კახა ჩიხრაძემ ისინი მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო გაათავისუფლა.

შიმშილობის მეხუთე დღეს, 11 მარტს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს სოლიდარობის ნიშნად სხვა ექიმებიც შეუერთდნენ. მათ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ეზოში, სადაც მოშიმშილე ექიმებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, აქცია გამართეს. ექიმებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ: მორიგეობისას დასვენებისთვის საჭირო გონივრული დროის გამოყოფა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა და გათავისუფლებული ექიმების სამსახურში აღდგენა.

”სასწრაფო პაციენტთან 11-15 წუთის განმავლობაში უნდა მივიდეს და 2-3 საათის შემდეგ რომ მიდის, მე მგონი, ის სასწრაფო აღარ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ გამოძახება ბევრია, ბრიგადები არ არის საკმარისი ან არასწორი მენეჯმენტია”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები. 

თუ ხელისუფლებაში ახლად მოსული “ქართული ოცნება” თავიდან არ იწუნებდა სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის, კახა ჩიხრაძის გადაწყვეტილებას ექიმების სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოულოდნელად ვითარება შეიცვალა – ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე დაიბარა კახა ჩიხრაძე, მერიის სოციალური სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები. სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გაიწერა ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც ექიმებს შესთავაზეს ვითარების დასარეგულირებლად.

14 მარტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ კახა ჩიხრაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამბობდნენ, რომ ახლა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ აცნობა, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებაზე საკონსულტაციო-მმართველობითი საბჭო იზრუნებდა. მისივე განმარტებით, მმართველობით საბჭოში ორი წარმომადგენელი მერიიდან იქნებოდა, სამი კი  – ჯანდაცვის სამინისტროდან.

Media

მოშიმშილე ექიმების კარავი, 2013 წელი

მოშიმშილე ექიმების კარავი, 2013 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება