2013 წლის სექტემბერში სოფელ დვანში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მათ სოფლის განაპირას არსებულ მიწის ნაკვეთებზე ბოძები მიიტანეს და ტერიტორიები მონიშნეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მესაზღვრეებმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწიეს ეგრეთ წოდებული საზღვარი, რის გამოც ათეულობით ჰექტარი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ოკუპირებულ ზოლში დარჩენილი სახლების დასაცლელად და დემონტაჟისთვის რუსმა მესაზღვრეებმა მოსახლეობას 28 სექტემბრამდე მისცეს დრო.
ამ ფაქტს 28 სექტემბერს ჟურნალისტები საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ. „არა მცოცავ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით რამდენიმე ათეული ჟურნალისტი დვანში, ე.წ. საზღვართან, საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით შეიკრიბა. მათ საოკუპაციო საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ამ აქციით შეეცადნენ, ერთი მხრივ, რუსი ოკუპანტების მიერ ქართული სოფლების სიღრმეში სასაზღვრო-სადემარკაციო ხაზების გავლების ფაქტი გაეპროტესტებინათ, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიექციათ.
იმავე მიზნით, 2 ოქტომბერს, დვანში ჩავიდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებიც. “გაიღვიძე მსოფლიო” – ასე დაარქვა აქციას საზოგადოებრივმა მოძრაობამ სახელწოდებით „ხელები შორს საქართველოსგან!“ ეს მოძრაობა, გორელ მეგობრებთან ერთად, შექმნეს სამოქალაქო საზოგადოების თელაველმა წარმომადგენლებმა. აქციები გაიმართა გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც. 24 ოქტომბერს კი დვანში ჩავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წევრები. საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, მავთულხლართებთან, ახალგაზრდებმა ორი ტრაფარეტი ჩაარჭვეს ქართულ-ინგლისური წარწერით: „ყურადღება, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“. შეკრებილები ამბობდნენ, რომ ამ ფონზე საქართველოს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ უნდა მიეღო.