საყდრისის გადასარჩენად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. კომისიამ მიიჩნია, რომ ეს სტატუსი ძეგლს 2006 წელს დარღვევით მიანიჭეს. კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ძეგლის ამოღებას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა და ხელი მოაწერა.
ძეგლის ავთენტურობის შესახებ ეჭვი კომპანია „RMG გოლდმა“ გამოთქვა. ეს კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ფლობდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში კომპანია ამტკიცებდა, რომ ისტორიულ მაღაროში სპილენძს მოიპოვებდნენ და არა ოქროს და ამ მაღაროს პირვანდელი სახით შენარჩუნება შეუძლებელი იყო. კომპანია დამატებით აღნიშნავდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ძეგლის სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებობა ხელს უშლიდა მათ სალიცენზიო გადასახადის 100 მილიონის ბიუჯეტის შეტანაში.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება და ჩამორთმევა კულტურის მინისტრის პრეროგატივა იყო, ამისთვის კულტურის მინისტრს სპეციალისტებისგან შემდგარი კომისიის დასკვნა სჭირდებოდა. დასკვნა მოამზადა სამინისტროსთან შექმნილმა საყდრის-ყაჩაღიანის შემსწავლელმა 11-წევრიანმა კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მამა, ომარ ქუცნაშვილი იყო. ის, ამავდროულად, ფლობდა წილს (39%) კომპანია „ჯეოინჟინირინგში”, რომელიც RMG Gold-თან (მაშინდელი შპს „კვარციტი“) თანამშრომლობდა. 2011 წელს „ჯეოინჟინირინგმა” RMG Gold-ის დაკვეთით საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები სწორედ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე შეასრულა. ომარ ქუცნაშვილის მონაწილეობა კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი იყო.
სწორედ ქუცნაშვილის მონაწილეობით კომისიამ დაასკვნა, რომ საყდრისის მაღარო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სახელმწიფოს ვერ მოუტანდა იმხელა ფინანსურ სარგებელს, რამდენიც ამ ადგილიდან მოპოვებულ მადანს შეეძლო.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ „RMG გოლდი“ ბოლნისის რაიონში ააშენდებდა მუზეუმს, რომელშიც გადაიტანდნენ საყდრისში აღმოჩენილ არტეფაქტებსა და ძეგლის ნაწილებს (ამ საკითხზე მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კომპანიას შორის 2014 წლის 25 მარტს გაფორმდა).
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება 2013 წლის 13 ნოემბერს სამინისტროს წინ გააპროტესტა მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა. აქცია მინისტრის, გურამ ოდიშარის პირველი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაამთხვიეს, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების კულტურის ატაშეები ესწრებოდნენ.
2014 წლის 13 იანვარს კულტურის მინისტრმა თქვა, რომ შპს „არქეოლოგთა გაერთიანების“ კვლევის საფუძველზე ვერ გასცემდა წიაღისეულის მოპოვების ნებართვაზე დადებით დასკვნას და უნდა გაგრძელებულიყო საყდრისის შესწავლა. მისმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა კი თქვა, რომ RMG Gold-ი სამუშაოებს ნებართვის გარეშე ატარებდა და არქეოლოგიური ობიექტი დააზიანა. იმავე დღეს განცხადება გაავრცელა კომპანიამ და სამინისტრო მიზანიმართულ ხელის შეშალაში დაადანაშაულა.
ერთი თვის თავზე გაირკვა, რომ მინისტრი ოდიშარია მისი მოადგილის გადაყენებას სთხოვდა პრემიერ-მინისტრს. ოფიციალურ მიზეზად საყდრისის საკითხი არ დასახელებულა, თუმცა მინისტრმა თქვა, რომ მარინე მიზანდარი „თვითნებურად იღებდა გადაწყვეტილებებს“. 14 თებერვალს კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით – „გურამ, გადმოხტი“.
18 თებერვალს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურის სამინისტროსგან საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს. ერთობლივ პრესკონფერენციას ესწრებოდა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მარინე მიზანდარიც.
მოადგილის გადაყენებიდან ერთი თვის თავზე, 14 მარტს, მთავრობამ RMG-ს საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებარვთა მისცა. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა თქვა, რომ კვლევით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა, დადგინდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ არის. იმავე დღეს სტუდენტებმა („მწვანე მუშტმა“) პერფორმანსი მოაწყეს და სამინისტროსთან, როგორც „გაყიდულ უწყებასთან“, 30 კვერცხი მიიტანეს. 500-მდე ადამიანი საყდრისთან 22 მარტს მივიდა, პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილენი არ მიახლოებოდნენ ძეგლს. კიდევ ერთი აქცია-პერფორმანსი („წყლის ნაყვა“) ახლა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან 27 მარტს გაიმართა. 25 ივნისს კულტურის სამინისტროსთან მისულმა მოქალაქეებმა „საპნის ბუშტები“ გაუშვეს, რად მიიჩნევდნენ, რომ სამინისტროს ქმედებები საპნის ბუშტებს ჰგავდა.
“სამინსტროში, ისევე, როგორც საპნის ბუშტში, მხოლოდ დასაწყისია მომხიბვლელი. ისევე, როგორც ბავშვი, რომელიც პირველად ხედავს საპნის ბუშტებს და რჩება იმედგაცრუებული მათი დღემოკლეობით, ასევე კულტურის სამინისტროს დღევანდელი შემადგენლობა, რომელზეც კულტურის სფეროს თითქმის ყველა მოღვაწე დიდ იმედს ამყარებდა, იმედგაცრუებულს გვტოვებს”, – ამბობდნენ ისინი.
2014 წლის 2 ივნისს, საიას სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნათია ბუსკაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც „RMG გოლდს“ დროებით აუკრძალა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარება.
21 ივლისს, ექვს სხვა მინისტრთან ერთად, თანამდებობა დატოვა გურამ ოდიშარიამ. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ცვლილება საყდრისზე მის პოზიციას არ დაუკავშირა.
„RMG გოლდმა“ საყდრისში სამუშაოები კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ბრძანების საფუძველზე განაახლა. ბრძანება კულტურის მინისტრმა, ლევან გიორგაძემ გამოსცა. 13 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საყდრისში აფეთქების ხმა გაისმა – კომპანიამ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე მოქალაქეთა ერთი ნაწილი ამ ადგილისკენ გაემართა. 15 დეკემბერს საყდრისში მძიმე ტექნიკა აქციის ფონზე მუშაობდა, კომპანიის თანამშრომლებმა კი კონტრაქცია გამართეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ RMG Gold-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე მიწის სამუშაოები უნდა განაახლოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამუშაოს გარეშე დარჩებიან.
ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან რამდენიმე დღის შემდეგ თქვა: „ერთ მხარეს არის 3000 ოჯახის შენახვა, მათი კეთილდღეობა და მეორე მხარეს, სტერილური არქეოლოგიური ობიექტი“.2015 წლის 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილდა კულტურის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება (ძეგლის სტატუსის გაუქმებაზე) და სამინისტროს დაევალა, ხელახლა ემსჯელა ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის საკითხზე. საყდრისში სამუშაოები არ შეჩერებულა.