EN

გორის ბაზრის მოვაჭრეთა აქცია

left arrow

2014

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2014 წლის 13 იანვარი – 15 აპრილი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

მოვაჭრეები გადაჰყავდათ ახალ ბაზარში, რომელიც მათი აზრით, ქალაქის ცენტრიდან შორს იყო, ამიტომ ვაჭრობა შემცირდებოდა.

ორგანიზატორი

გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები

მთავარი მოთხოვნა

მოვაჭრეები კვლავ ძველ ბაზარში დარჩენილიყვნენ

პროტესტის ადრესატი

ბაზრის მფლობელი კომპანია

პროტესტის შედეგი

მოვაჭრეთა ნაწილმა ძველი ბაზრის მიმდებარედ გადაინაცვლა და გარევაჭრობა დაიწყო

მნიშვნელოვანი რესურსები

https://factcheck.ge/ka/story/22280-goris-bazris-mphlobelisthvis-chamorthmeva-oqruashvilis-periodshi-mokhda

2014 წლის 13 იანვრიდან გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქციები დაიწყეს. ბაზრის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეთანხმების საფუძველზე აგრარული ბაზარი 20 იანვრიდან ქალაქგარეთ, წმინდაწყლის დასახლებაში უნდა გადასულიყო. ბაზრის კერძო მფლობელს, “საქართველო-ისრაელის კომპანიას” ახალი ბაზრის მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდა და, ხელისუფლების დახმარებით, მოვაჭრეების იქ გადაყვანას ელოდებოდა. მოვაჭრეები კი პროტესტს აცხადებდნენ და ძველი ბაზრის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. მათი თქმით, ქალაქგარეთ მომხმარებელი არ მივიდოდა, გაიზრდებოდა გადასახადები და მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდებოდა. 

გორის ბაზრის გადატანის პრობლემა 1 წლით ადრე წარმოიშვა. ახალი ხელისუფლება ორჯერ წავიდა კომპრომისზე: ბაზრის გადატანა ჯერ 2013 წლის მაისამდე, შემდეგ კი, მოახლოებული არჩევნების გამო, 2014 წლის 20 იანვრამდე გადადო.

აქციების დაწყებიდან მესამე დღეს, ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვისას, პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, უშანგი ბაშარული, დააკავა.  პოლიციელებისა და მოვაჭრეების შეხლა-შემოხლა მანამდეც არაერთხელ მოხდა.

17 იანვარს აქცია ლომჭაბუკის მემორიალთან განახლდა. აქციის მონაწილეებს დილიდან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუერთდა. მან მოვაჭრეებთან ერთად ქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო მიტინგი გამართა. ნათელაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და საქმის ვითარებაში გარკვევას მოითხოვდა. გორიდან ნათელაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ამ განცხადებებმა აქციის ზოგიერთი მონაწილის პროტესტი გამოიწვია და ნათელაშვილს პოლიტიკური პიარის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ლეიბორისტების ლიდერსა და საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ხელისუფლებამ მოვაჭრეებს პირობა მისცა, რომ მათ ახალ ბაზარში იძულებით არავინ გადაიყვანდა და მოთმინებისკენ მოუწოდა. ბაზრის ადმინისტრაციამ მათ ორი თვით გადასახადის გარეშე ვაჭრობის უფლებაც მისცა, თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა. ქალაქში რამდენიმე პატარა სავაჭრო ცენტრი უკვე გახსნილი იყო და ახალ ბაზარში მყიდველი თითქმის არ დადიოდა. ახალ ბაზარში გადასული მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. ამის გამო მოვაჭრეთა ნაწილმა ისევ ძველ ბაზარში თვითნებურად დაბრუნება გადაწყვიტა და იქ დახლები გაშალა. ამ დროს მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გორში ძველ ბაზარსაც „საქართველო-ისრაელის მენეჯმენტის“ კომპანია ფლობდა. 

13 აპრილს ძველი ბაზრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. მოვაჭრეები ფიქრობდნენ, რომ ეს ადმინისტრაციამ შეგნებულად გააკეთა, რათა მათ დაბრუნების ბოლო შანსი წართმეოდათ. ამიტომ ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს და იქ ღამის მორიგეობა დააწესეს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში მიიჩნევდნენ, რომ კონფლიქტი მოვაჭრეებსა და ადმინისტრაციას ერთად უნდა მოეგვარებინათ. ხელისუფლებას შეეძლო, მხოლოდ მედიატორის როლი  შეესრულებინა.

საბოლოოდ, მოვაჭრეთა ნაწილმა ძველი ბაზრის მიმდებარედ გადაინაცვლა და გარევაჭრობა დაიწყო.

Media

აქცია გორის ბაზარში, 2014 წელის 14 იანვარი

აქცია გორის ბაზარში, 2014 წელის 14 იანვარი

ფოტო: გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება