EN

ქართველთა მარში – ქსენოფობიური მსვლელობა

left arrow

2017

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2017 წლის 14 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

მარში

ლიდერები

სანდრო ბრეგვაძე, გია კორკოტაშვილი

მთავარი მოთხოვნა

არალეგალი უცხოელების გაძევება, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება, უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის შეზღუდვა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

შეძახილები

“საქართველო ყიზილბაშების არასოდეს გახდება”, “წმინდანების ქვეყანას ხრწნიან და ბილწავენ”, “ყველამ თავისი ადგილი იცოდეს”, “სტუმარი ქართველის ადგილს ვერ დაიკავებს და ვერასოდეს იქნება ეს ქვეყანა სტუმრის”

ვიზუალური ელემენტები

მოჰქონდათ დავით აღმაშენებლის ხატი

პროტესტის შედეგი

არ მოჰყოლია შედეგი

2017 წლის 14 ივლისს თბილისში გაიმართა “ქართველთა მარში”, რომლის ორგანიზატორიც იყო მოძრაობა “ეროვნულები”.  აღმაშენებლის გამზირზე გამართული მსვლელობის 2000-მდე მონაწილე მოითხოვდა არალეგალი უცხოელების გაძევებას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის შეზღუდვას და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას. მათ მსვლელობას საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის – პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი, ემზარ კვიციანიც, შეუერთდა.

მსვლელობისთვის აღმაშენებლის გამზირი საგანგებოდ იყო შერჩეული, რადგან ამ ქუჩაზე მდებარეობდა ბევრი კაფე-ბარი სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოთი, მათ შორის იყო ირანული, თურქული, ინდური, ლიბანური, ეგვიპტური… აქ დასაქმებულთა დიდი ნაწილიც უცხოელები იყვნენ. მარში სწორედ მათ წინააღმდეგ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები დავით აღმაშენებლის დიდი ხატით მოუძღოდნენ.

ისმოდა ქსენოფობიური შეძახილები: “საქართველო ყიზილბაშების არასოდეს გახდება”, “წმინდანების ქვეყანას ხრწნიან და ბილწავენ”, “ყველამ თავისი ადგილი იცოდეს”, “სტუმარი ქართველის ადგილს ვერ დაიკავებს და ვერასოდეს იქნება ეს ქვეყანა სტუმრის” და ა.შ.

აქცია ერთ საათში დასრულდა. მარშის გამართვამდე, სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და, რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობის ფაქტების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდეს.

საპასუხო აქცია

ამ მარშის საპასუხოდ და ქსენოფობიური მსვლელობის გასაპროტესტებლად პარტია “ევროპულმა საქართველომ” 23 ივლისს ასევე აღმაშენებლის გამზირზე გამართა აქცია “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში”. „ის, რასაც ვხედავთ, აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხ-ქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია – ეს არის ყველაფერი რუსული პროპაგანდის გამოვლინება და ეს არის ის ყველაფერი, რაც საქართველოს უხურავს ევროპული მომავლის კარს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. 

აქციას „არა რუსულ ფაშიზმს“ ასევე შეუერთდნენ რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერები, ასევე რამდენიმე სამოქალაქო ჯგუფი.

ევროპული საქართველოს აქციის ჩასაშლელად  „ქართველთა მარშმა“ აღმაშენებლის გამზირზე პარალელური აქცია დააანონსა.

„ქართველთა მარშის“ აქტივისტები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდნენ, რის შემდეგაც მიუწოდეს დაგეგმილი აქციები გაეუქმებინათ,  

თბილისის მერიამაც მოუწოდათ, რომ გადაედოთ აქცია ან სადმე სხვა ადგილას გაემართათ. მიუხედავად ამისა,  „ქართველთა მარშის“ დაახლოებით 50 აქტივისტი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ, პასტერის ქუჩაზე შეიკრიბა.  

ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებული, მათ კორდონი გააკეთეს, რათა კონტრდემონსტრანტებისთვის აღმაშენებლის გამზირზე შესვლის უფლება არ მიეცათ. თუმცა, რამდენიმე მცირე ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი. კონტრდემონსტრანტებთან მიახლოების შემდეგ ევროპული საქართველოს აქტივისტებს კვერცხები, ცარიელი ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

Media

სანდრო ბრეგაძე და ქართული მარშის სხვა წევრები

სანდრო ბრეგაძე და ქართული მარშის სხვა წევრები

14.07.2017 ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

აქცია "არა რუსულ ფაშიზმს"

აქცია "არა რუსულ ფაშიზმს"

23.07.2017 ფოტო: ტაბულა