EN

ქალთა მარში ძალადობის წინააღმდეგ

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2017 წლის 19 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

მარში, აქცია

პროტესტის მიზეზი

თათია დოლიძეს სოციალურ ქსელში დაემუქრნენ გაუპატიურებით

ორგანიზატორი

ქალთა მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

მოძალადეების დასჯა, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის მიღება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“ქალთა დაუმორჩილებლობა იწყება” “ქალების ბრძოლა იწყება” “მუქარას არ შეგარჩენთ” “გაუპატიურება დანაშაულია”, “ჩვენ აღარ მოვითმენთ”

2017 წლის 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს, თათია დოლიძეს “ქართველთა მარშის” წევრები ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში გაუპატიურებით დაემუქრნენ. 17 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. 

ამ მუქარის საპასუხოდ, 19 ივლისს, ქალთა მოძრაობამ თბილისში მარში გამართა. “ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი! ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!” – წერდნენ ისინი აქციის ანონსში და იმავე ტექსტში აყალიბებდნენ მოთხოვნებს:

  • დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
  • მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
  • ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
  • მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

აქცია სწორედ იმ ადგილას დაიწყეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე გაიმართა “ქართველთა მარში”. “ქალთა დაუმორჩილებლობა იწყება” – ამ წარწერით მოუძღოდა ბანერი ქალთა მსვლელობას. “ქალების ბრძოლა იწყება”; “მუქარას არ შეგარჩენთ”; “გაუპატიურება დანაშაულია”; “ჩვენ აღარ მოვითმენთ” – ეწერა სხვა ბანერებზე. 

აქციას 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ თათია დოლიძის წინააღმდეგ ქმედება გასცდა კიბერ-ბულინგის და ლანძღვის ხაზს და გადავიდა შემაძრწუნებელ მუქარაში. “ესეც არის მცდელობა, რომ ქალები გააჩუმონ, რომ ქალმა არ გამოთქვას თავისი აზრი. არადა, ქალების აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“, – ამბობდა აქციის ორგანიზატორი ბაია პატარია, რომელიც მიიჩნევდა, რომ ძალადობის ტალღის შეჩერებას სახელმწიფო, ბოლო წლების მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებდა. 

„ქალთა მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს 2014 წლიდან ატარებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი დღემდე ვერ იქცა საყოველთაო პრობლემად და ამას აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც მოწმობს, ერთ რამეზე მიანიშნებს, ფიქრობენ აქციის ორგანიზატორები: ამ პრობლემას ვერ აღიქვამენ სერიოზულ პრობლემად, ან, უბრალოდ, ამის აღიარება არ სურთ. საზოგადოების გულგრილობა ხშირად სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზეც აისახება”, – წერდა რადიო თავისუფლება. თათია დოლიძის მიმართ მუქარის გამო შს სამინისტრომ “ქართველთა მარშის” რამდენიმე წევრი გამოჰკითხა, თუმცა რა გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ, მედიაში აღარ იძებნება.

Media

ქალთა მარში

ქალთა მარში

19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News

საპროტესტო ბანერები

საპროტესტო ბანერები

19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News

მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე

მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე

19.07.2017 ფოტო: აგნეშკა ზიელონკა, Jam News