2017 წლის 14 აგვისტო – 1 სექტემბერი
თბილისი
სოციალური პრობლემები
შიმშილობა
ერთ-ერთი რკინიგზელი უჩა ღვთისიაშვილი გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს სამუშაოდ
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები
სამუშაო პირობების უცვლელად დატოვება და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომა
საქართველოს რკინიგზა
„რკინიგზა რკინიგზელებს“, „მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის“, „რკინიგზა ცაგურიების გარეშე“
18 დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი ისე შეწყვიტეს, რომ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.
2017 წლის 14 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის შენობასთან რკინიგზის თანამშრომლებმა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს რკინიგზელ უჩა ღვთისიაშვილს, რომელიც 13 წლის განმავლობაში რკინიგზაში მუშაობდა მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი გურჯაანში იყო. თუმცა, პირველ აგვისტოს მას შეატყობინეს, რომ გურჯაანიდან მარნეულში უნდა გადასულიყო სამუშაოდ, რაც მისთვის მიუღებელი წინადადება აღმოჩნდა და შიმშილობა დაიწყო კიდევ ერთ კოლეგასთან ერთად. სულ 14 ადამიანი შიმშილობდა.
მოშიმშილეები ამტკიცებდნენ, რომ, თავდაპირველად, ხელშეკრულების პირობების ცვლილების დროს, არ ჰქონდათ ინფორმაცია სამუშაო ადგილის ადგილმონაცვლეობაზე და მხოლოდ იმ პირობას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც იცვლებოდა მათი სამსახურის დასახელება. ისინი უარყოფდნენ, რომ რკინიგზამ მათ წინასწარ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებდნენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზა. ამბობდნენ, რომ იმავე ხელფასის პირობებში ყოველდღე სახლიდან მოშორებით უნდა ემგზავრათ.
რკინიგზაში კი ამ აქციის საპასუხოდ აცხადებდნენ, რომ მზად არიან, გაუგრძელონ მოშიმშილეებს შრომითი ურთიერთობები, თუ ისინი შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რკინიგზა მათ სამსახურიდან გაათავისუფლებს. ამის შესახებ გაფრთხილება კი რკინიგზელებს უკვე ორჯერ გაუგზავნეს.
15 აგვისტოს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ ჟურნალისტებს მარნეულში ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინა, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობდნენ.
შიმშილობის აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ სამუშაო პირობების შეცვლას და მოითხოვდნენ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების გადადგომას. მოშიმშილე რკინიგზელები და პროფკავშირელები ამბობდნენ, რომ დაჩი ცაგურია მოშიმშილეების მიმართ პროვოკაციულ განცხადებებს ავრცელებს, პროცესს მართულს უწოდებს, რის გამოც მას აღარ აქვს უფლება, დარჩეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. რაც შეეხება ვასილ ხორავასა და მისი გადადგომის მოთხოვნას, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე ამბობდა, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურში მოქმედებდა სქემა, რომელიც დასაქმებულთა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანას და ამით კადრების შემცირებას უწყობდა ხელს.
„რკინიგზა რკინიგზელებს“, „მენეჯმენტს რკინიგზელების არ ესმის“, „რკინიგზა ცაგურიების გარეშე“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტები ჰქონდათ გამოფენილი აქციის მონაწილეებს.
მოშიმშილე რკინიგზელებს სოლიდარობას საზოგადოების სხვა ჯგუფებიც უცხადებდნენ. 24 აგვისტოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოშიმშილეთა მოთხოვნა კარვის დადგმის შესახებ, ამიტომ შიმშილობის გაგრძელება დეპარტამენტის ფოიეში გადაწყვიტეს. პროტესტის მონაწილეების ეს მცდელობა სამართალდამცავებმა აღკვეთეს და ამ დროს, ადვოკატებისა და დაკავებულების თქმით, თავიანთ ძალაუფლებას გადაამეტეს. დააკავეს აქტივისტები, მოშიმშილეები, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები, სულ – ათი ადამიანი. ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს.
პროფკავშირების წარმომადგენლები და “აუდიტორია 115”-ის წევრები რკინიგზის დეპარტამენტთან 29 აგვისტოსაც გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მოშიმშილე მერაბ თარგამაძე აქციის მიმდინარეობისას ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოიძახეს. თუმცა, შიმშილობა არ შეუწყვეტია, პირიქით, ამის შემდეგ გადავიდა მშრალ შიმშილობაზე.
აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, დაინტერესებულიყო მოშიმშილეების პრობლემებით და რკინიგზის ადმინისტრაციისგან მოლაპარაკებების დაწყებას მოითხოვდნენ.
18-დღიანი პროტესტის შემდეგ, 1 სექტემბერს, რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. მათ ფეისბუქ გვერდზე დაწერეს:
“ბოლო დღეებში, ყველამ ნათლად დავინახეთ, როგორი ბინძური და უხეში მეთოდით აპირებენ საქართველოში ნამდვილი და ევროპული საერთო პროფკავშირული მოძრაობის სამუდამოდ დასამარებას! სწორედ ამიტომ, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი და შიმშილობის აქციის მონაწილე რკინიგზელები ვაცხადებთ:
1. ვწყვეტთ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის აქციას;
2. ვიღებთ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერას და ვიწყებთ არსებულ კოლექტიურ შრომით დავაზე სამართლებრივ ბრძოლას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
3. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად, ვერთვებით პროფკავშირული მოძრაობის გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ამ ამბებიდან 7 წლის შემდეგ, 2024 წლის 25 დეკემბერს, რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა დაწერა, რომ უზენაესმა სასამართლომ 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა უჩა ღვთისიაშვილის სარჩელი და საქართველოს რკინიგზა დაადანაშაულა მის უკანონო გათავისუფლებაში, შესაბამისად დააკისრა კომპენსაცია ღვთისიაშვილის სასარგებლოდ.
ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება