EN

ერთად ბახალასთვის

left arrow

2017

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2017 წლის 13 ივლისი – 2018 წლის 25 იანვარი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ნარკოპოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, ციფრული აქტივიზმი

პროტესტის მიზეზი

მსახიობ „ბახალას“ დაკავება

ლიდერები, ორგანიზატორი

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ბექა წიქარიშვილი

მთავარი მოთხოვნა

ნარკოპოლიტიკის შეცვლა და ბახალას გათავისუფლება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები, ტრანსფარანტები

„ჩადების კიდევ ერთი მსხვერპლი“, „ჩვენ არავის დავტოვებთ მარტო“, „ერთად“, „ისევ პოლიციელის ჩვენება“, „კანონმა უნდა დაიცვას ადამიანი“, „კვლავ მოწმე პოლიციელი“, „თვითონ ჩაიდე“, „ბახალასთვის“, „აქ ჩემი ტომი დგას“, „ყველა ერთისთვის“, „ბერა დაპოსტე“, „ციხე სამკურნალო დაწესებულება არ არის“

ვიზუალური ელემენტები

ბანერებზე ჩანდა ჩიტი

პროტესტის შედეგი

ნარკოპოლიტიკა არ შემსუბუქებულა, მან 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მეორე საქმეზე გაამართლეს.

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) 2017 წლის 29 იანვარს დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში დაბრუნების დროს ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის (0,3726 გრამი) ფლობის ბრალდებით დააკავეს. მას საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა „განსაკუთრებით დიდი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. მსახიობი წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და უარს ამბობდა საპროცესო შეთანხმებაზე. ადვოკატი ამბობდა, რომ ბახალს ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან პოლიცია სთხოვდა სხვა საქმეზე თანამშრომლობას და ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს საქმე იყო თურქეთიდან რეანიმობილით ნარკოტიკების შემოტანა.

დაკავების შემდეგ ბახალას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, თითქმის 5 თვის შემდეგ, 2017 წლის 14 ივლისს კი 20 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად და მსახიობის მხარდასაჭერად „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ თბილისში, დედაენის ბაღში, 2017 წლის 13 ივლისს აქცია გამართა – ლოზუნგით – ერთად ბახალასთვის. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ ბახალას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“. 

2018 წლის 23 იანვარს ბახალას თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. სხდომის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს ეზოში „სიტყვიერი შეურაცხყოფისა“ და შენობისთვის ქვის სროლის გამო მანდატურის სამსახურმა ადმინისტრაციული წესით დააკავა ბახალას მხარდასაჭერად მისული თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი (მას მოგვიანებით ორკვირიანი პატიმრობა შეეფარდა).  

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) პატიმრობაზე საუბრის დროს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ (პარტია „ქართული ოცნება“) თქვა, რომ „როცა გასაღება არ მტკიცდება და [ადამიანი] 8 წლით მიდის ციხეში, კანონი არაადამიანურია“.

იმავე დღეს პრეზიდენტისთვის ბახალას შეწყალების თხოვნით შეიქმნა პეტიცია.

მსახიობის მხარდასაჭერად და არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა 25 იანვარსაც. სლოგანით „ყველა ერთისთვის“ ხალხი შეიკრიბა თბილისსა და სხვა ქალაქებში: ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მხარდამჭერები მოითხოვდნენ დაკავებულების (ბახალას და ბექა წიქარიშვილის) გათავისუფლებას, საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას და ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. 

ახალი საქმე და ახალი ბრალი

მომდევნო დღეს, 24 იანვარს პროკურატურამ ბახალასთან დაკავშირებით ახალი ამბავი გაავრცელა – გამოძიება ამტკიცებდა, რომ კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილი, ირაკლი ქორიძეს გიორგი გიორგანაშვილთან ერთად თურქეთიდან შემოჰქონდა ნარკოტიკები და ამისთვის რეანიმობილს იყენებდა.  საუბარი იყო 843 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანაზე.  ამ საქმეზე დააკავეს რეანიმობილის მძღოლი ჯაბა ხუ­ლორ­და­ვა, სწორედ მისი ჩვენებით მტკიცდებოდა, რომ ქორიძე და გიორგანაშვილი ერთად მოქმედებდნენ. 

დააკავეს ირაკლი ქორიძეც და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ის დანაშაულს არ აღიარებდა.  31 მარტს   ბახალასაც   ახალი ბრალი წაუყენეს – ამჯერად ედავებოდნენ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და ქვეყანაში შემოტანას. ადვოკატები ფიქრობდნენ, რომ ეს ახალი ბრალი მანამდე „ჩადების“ გადასაფარად „შეიკერა“. 

ეს საქმე იმით დამთავრდა, რომ  2018 წლის 28 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ ბახალა უდანაშაულოდ ცნო,  ირაკლი ქორიძეს კი 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოუხედავად იმისა, რომ ორი ბრალდებულიდან ერთის უდანაშაულობა დამტკიცდა, მეორე მაინც ჯგუფური დანაშაულისთვის გაასამართლეს. 

ქორიძე წარსულშიც ანალოგიური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა 2014 წელს .ციხიდან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა. ქორიძის დაკავება დროში ემთხვევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი გუნდის დაპირისპირებას. მაშინ პრეზიდენტს ბრალს სდებდნენ შეწყალების უფლების მიკერძოებულად გამოყენებაში. ქორიძე კი ამის მაგალითად მოჰყავდათ, რადგან ამტკიცებდნენ, რომ  მას მარგველაშვილთან ნათესაური კავშირი ჰქონდა.

4 წლის შემდეგ, 2012 წელს უზენაესმა სასამართლოს მოსამართლეებმა ლალი ფა­ფი­აშ­ვილ­მა, შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ და მა­მუ­კა ვა­სა­ძემ ირაკლი ქორიძე გაამართლეს, მაგრამ ის ამ ამბავს ვეღარ მოესწრო, რადგან ციხეში სიმსივნით გარდაიცვალა.2022 წლის 11 ივნისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბახალას” ამნისტიის კანონი შეეხო და სასჯელი მეოთხედით, ანუ ორი წლით შეუმცირდა. ბოლო 10 თვეს ის სასჯელს სპეციალური რეჟიმით იხდიდა – ყოველ შაბათ-კვირას სახლში ატარებდა.

Media

 ბახალას მხარდასაჭერად აქცია დედა ენის ბაღში

ბახალას მხარდასაჭერად აქცია დედა ენის ბაღში

13.07.2017 ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ბანერების ბახალას მხარდასაჭერ აქციაზე

ბანერების ბახალას მხარდასაჭერ აქციაზე

13.07.2017 ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

აქცია პარლამენტთან

აქცია პარლამენტთან

25.01.2018 ფოტო: ნეტგაზეთი

ბანერი ბახალას გამოსახულებით

ბანერი ბახალას გამოსახულებით

25.01.2018 ფოტო: ნეტგაზეთი