2017 წლის 8 ივლისი – 14 ივლისი
რეგიონი
პოლიტიკა
აქცია
სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები
საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოსახლეობის მხრიდან რუსეთის განგრძობადი საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ უფრო მწვავე რეაგირება
ხელისუფლება, საერთაშორისო საზოგადოება
„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“
2017 წლის 8 ივლისს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტეს სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დევიზით „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ცენტრალური მაგისტრალიდან სოფელ ბერშუეთამდე ჩავიდნენ, სადაც რამდენიმე დღის ადრე რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი 400 მეტრით გადმოსწიეს. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ეს ქმედება, საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კი აქტიურობისკენ მოუწოდეს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: „რუსეთი ოკუპანტია!“, „ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას!“. აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საქართველოს ეროვნული დროშა გაშალეს და ჰიმნი შეასრულეს.
10 ივლისს სტუდენტთა კიდევ ერთი ჯგუფი ჩავიდა ბერშუეთთან და ოკუპაცია გააპროტესტა. ისინიც მოითხოვდნენ რუსეთის განგრძობადი საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ უფრო მწვავე რეაგირებას საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელ ბანერთან მისვლას, რაც, ადგილზე მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი რისკის შემცველი იქნებოდა. აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა კარვები გაშალა და განაცხადა, რომ ადგილზე დარჩებოდა იმის საჩვენებლად, რომ ოკუპანტების მიერ შევიწროებულ ადგილობრივ მოსახლეობას განსაცდელში მარტო არ დატოვებდნენ.
14 ივლისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჟურნალისტები და მოქალაქეებიც ჩავიდნენ და მორიგი აქცია გამართეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ “სასაზღვრო” ბანერთან მათ ტრანსპარანტებითა და ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს „მცოცავი ოკუპაცია“
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ბერულავამ, მეგობრებთან ერთად საოკუპაციო ბანერიდან რამდენიმე მეტრში ალტერნატიული ბანერი აღმართა. ამ ბანერს ეწერა: “საქართველოს სახელმწიფო საზღვარამდე (როკის გვირაბი) 101 კილომეტრია.
იმავე საღამოს გამყოფ ხაზთან აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელიც იმყოფებოდა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გაგრძელების პროცესი, რომელიც ამ დღეებში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც – ავნევში, კნოლევში, თამარაშენსა და ცერონისშიც – გამოვლინდა, გააპროტესტა თბილისმაც. ეს თემა განხილვის საგანი იყო ეუთოს არაფორმალურ მინისტერიალზეც, რომელიც ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა.
ფოტო: რადიო თავისუფლება