1993 წლის 19-21 მარტს თბილისში ქალთა სამდღიანი აქცია ჩატარდა, რომელსაც “მშვიდობის მარში” უწოდეს მონაწილეებმა. ისინი თავდაპირველად ამიერკავკასიის სამხედრო შტაბთან (მიხეილ თამარაშვილის გამზირზე) შეიკრიბნენ. ქალებმა ითხოვდნენ, “რუსეთმა დაიკავოს მშვიდობის დამამყარებლის პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტში”. მომიტინგეები შეხვდნენ რუსეთის ელჩს ზემსკის და აუხსნეს, რომ აქციას პოლიტიკური მიზანი კი არ აქვს, არამედ აფხაზეთში სისხლისღვრის შეჩერება სურთ. მათ მოსთხოვეს ელჩს, მეორე დღესვე ეცნობებინა რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის პასუხი მათ მოთხოვნაზე. თუ რუსეთი არ ეცდებოდა მშვიდობის დამყარებას, ამბობდნენ, რომ ჩავიდოდნენ იქ, სადაც იხოცებიან მათი “შვილები, ძმები, მეუღლეები” და დადგებიან მოსისხლე მხარეებს შორის და “მაშინ, დაე, გვესროლონ!”
მეორე დღეს, 20 სექტემბერს, ჯერ ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ. შემდეგ ფილარმონიაში გადაინაცვლეს, სადაც ბევრი ხალხი შეუერთდა – “დარბაზი დამსწრეებს ვერ იტევდა”. გაზეთი “საქართველო” წერს, რომ აქციის წამყვანებმა გააცნეს რუსეთის ელჩის პასუხი, რომ მან გადასცა ინფორმაცია როგორც პრეზიდენტ ელცინს, ისე – რუსეთის მთავრობასა და პარლამენტის სპიკერს. ამის შემდეგ დემონსტრანტები ამერიკის საელჩოსკენ დაიძრნენ, სადაც ერთი ჯგუფი შეხვდა აშშ-ს ელჩს. ის დაჰპირდათ, რომ ამერიკის მთავრობას მიაწვდიდა ინფორმაციას. 21 სექტემბერს 2000-მდე ქალი შეიკრიბა სპორტის სასახლეში, სადაც რეჟისორ ქეთი დოლიძესთან ერთად დამსწრეებს მიმართა ნინო რამიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ასაკის გამო ვერ უერთდება სოხუმში წამსვლელებს. აქციას შეუერთდნენ ქალები რუსთავიდან, გარდაბნიდან, კახეთიდან. გადაწყდა, რომ ქალები მეორე დღეს წავიდოდნენ სოხუმში.
22 სექტემბერს დილის 7 საათისთვის რესპუბლიკის მოედანზე 300-ზე მეტი ქალი შეიკრიბა. იქიდან რკინიგზის სადგურში ფეხით მივიდნენ. მატარებელში გამოყოფილი 17 ვაგონიდან, 10 სავსე იყო. ქალების გასაცილებლად მივიდნენ ბიზნესმენებიც, რომლებმაც პროდუქტი გაატანეს. ქალთა ამ აქციაში მონაწილეობდნენ რუსები, სომხები, ქურთები, ბერძნები, ებრაელები, აზერბაიჯანელები, ოსები. მათგან ბევრი სოხუმშიც გაემგზავრა.