EN

პარლამენტარების მჯდომარე აქცია

left arrow

1993

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1993 წლის 18 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

აფხაზურმა მხარემ დაარღვია 1993 წლის 27 ივლისის სოჭის სამშვიდობო შეთანხმება და ცეცხლი გახსნა.

პროტესტის ფორმა

აქცია

ლიდერები

ვახტანგ გოგუაძე, ზურაბ ჟვანია და სხვა დეპუტატები

მთავარი მოთხოვნა

სოჭის შეთანხმების შესრულება

პროტესტის შედეგი

ვახტანგ გოგუაძემ და ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრეს, რის შემდეგაც აქცია დასრულდა.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზთა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაარღვიეს ამავე წლის 27 ივლისის სოჭის სამშვიდობო შეთანხმება, რომლის თანახმად, ორივე მხარეს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანა და უნდა გასულიყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ძალებიც. თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს პირობა დაარღვია და ოჩამჩირესა და სოხუმს შეუტია. ქართულ მხარეს კი თავისი ტექნიკა და საჯარისო შენაერთები უკვე გამოყვანილი ჰყავდა.

პარლამენტის სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ ამიერკავკასიაში განლაგებული რუსეთის ჯარების მთავარი შტაბის (მიხეილ თამარაშვილის გამზირზე) წინ მჯდომარე საპროტესტო აქცია მოაწყო. მასთან ერთად შტაბის კიბეებზე სხვა ქართველი პარლამენტარები – უმეტესად საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დასხდნენ. აქციის მონაწილეებს რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ ზემსკი შეხვდა. “შეშფოთება და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და პარლამენტარებს შეჰპირდა – თქვენს მოთხოვნებს რუსეთის მთავრობას გადავცემო. ამან, ბუნებრივია, აქციის მონაწილეთა კმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ზემსკის მორიდებულ თხოვნას – დაშლილიყვნენ, მათ ასევე მორიდებული უარით უპასუხეს”, – წერს გაზეთი “დრონი”. აქციის მთავარი მოთხოვნა სოჭის შეთანხმების შესრულება იყო.  მწვანეთა ფრაქციის ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აქცია გაგრძელდებოდა მანამდე, სანამ აფხაზეთში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გარანტიას არ მიიღებდნენ, მაგრამ ისინი იმავე საღამოს ვახტანგ გოგუაძისა და ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიშალნენ. 

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

წყარო: გაზეთი "დრონი", 1993 წელი