1993 წლის 14 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე ჯაბა იოსელიანმა, რომელიც იმ დროს პარლამენტის წევრი იყო, პარლამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის აღებულ კურსს კომუნისტური და ტოტალიტარული უწოდა. მის საპასუხოდ შევარდნაძემ თქვა: “კი, სხვაგვარად დავიწყე საყოველთაო წესრიგისთვის ბრძოლა წლების წინათ, მაგრამ როცა თვალნათლივ დავინახე, რომ დამნაშავე იყო არა კონკრეტულად რომელიმე ადამიანი, არამედ მთლიანად სისტემა, ძირმომპალი, დასანგრევად განწირული, მე ყველაფერი ვიღონე მის დასანგრევად. განსაჯოს მომავალმა და უფალმა – ვინ უფრო მეტი გააკეთა ცნება “კომუნიზმის” დასამხობად – მე თუ იმათ, ვინც დღეს რა ჯურის ბრალდებას აღარ მიყენებენ […] ედუარდ შევარდნაძე გადამდგარია”. მისმა ამ განცხადებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც პარლამენტში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. დეპუტატებმა კენჭი უყარეს და 150 დეპუტატიდან 149-მ მხარი არ დაუჭირა მის გადადგომას, ერთმა თავი შეიკავა.
ათასობით ადამიანი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და მოითხოვა სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის, თანამდებობაზე დაბრუნება და ქვეყანაში უმკაცრესი საშინაო პოლიტიკის გატარება. “ცრემლით, გოდებით მოვიდნენ შაოსნები, აფხაზეთში შვილდაკარგული დედები – დღეებს, საათებს ვითვლით, რომ სამშვიდობო მისია ჩამოვა და გაგრასა და განთიადთან დაღუპული ჩვენი ბიჭების საფლავს მაინც ვიპოვით. შევარდნაძის იმედი გვქონდა, ახლა?… მას არა აქვს უფლება, მიგვატოვოს ასეთ გასაჭირში. ძნელია იმის მოთმენა, რასაც ის ამდენ ხანს ნაძირალებისგან ითმენდა, მაგრამ თუნდაც ჩვენი შვილების ხსოვნის პატივსაცემად უნდა შეძლოს”, – ციტირებს ერთ-ერთ მომიტინგეს გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”.
ვიცე-პრემიერმა ირინა სარიშვილმა შეკრებილებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ იქამდე, სანამ შევარდნაძე უარს არ იტყოდა გადადგომაზე. ამ დროს პარლამენტის შენობაში შევიდა იგორ გიორგაძის (შს მინისტრის მოადგილე) სპეცდანიშნულების ბატალიონი ნიღბებით. მათ სრულად დაკეტეს პარლამენტი ისე, რომ დეპუტატებსაც არ უშვებდნენ შიგნით. გარეთ კი მიტინგი გრძელდებოდა, რომელსაც ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ასპირანტი გიორგი მაისურაძე უძღვებოდა. პარლამენტში შევიდნენ პროფესორები, რომლებიც შევარდნაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ამის შემდეგ შეკრებილებთან გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, მადლობა გადაუხადა მომიტინგეებს და თქვა, რომ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუბრუნდებოდა თავის თანამდებობას: 1. პარლამენტმა საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ მიიღოს დადგენილება და 2. პარლამენტმა დატოვოს პარლამენტის თავმჯდომარედ ანუ სახელმწიფოს მეთაურად და გამოაცხადოს პარლამენტის სამთვიანი შესვენება. მას მიაჩნდა, რომ საგანგებო წესების მიღება უკეთეს პირობებს შექმნიდა “მკვლელების, დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისთვის”.
შეკრებილებს მიმართა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემაც და თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდა ედუარდ შევარდნაძეს “იმდენი მწარე დღეები მინახავს, გადადგომა რომ გამოსავალი იყოს, პირველი მე გადავდგებოდი”, – თქვა მან.
მიტინგის შემდეგ გაიხსნა პარლამენტის სხდომა, რომელმაც დააკმაყოფილა შევარდნაძის მოთხოვნა და 1993 წლის 20 სექტემბრიდან 2 თვის ვადით საგანგებო წესების ამოქმედებას დაუჭირა მხარი. ასევე შეიტანა ცვლილება “საგანგებო წესების ამოქმედების შესახებ” კანონში და საქართველოს სახელმწიფო მეთაურს მიეცა უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და გახანგრძლივების შესახებ.
შევარდნაძის ბრძანებულებით, აიკრძალა უნებართვოდ სამხედრო ფორმის ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გაფორმება. პროკურატურის, შსს-სა და თავდაცვის უწყებებს დაევალათ შეიარაღებული ბანდებისთვის იარაღის ჩამორთმევა, ბანდის წევრთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, საპატიმრო დაწესებულებებიდან გაქცეულ პირთა მოძებნა და უკან დაბრუნება. აიკრძალა მიტინგები და სხვა სახის აქციები. უწყებებს დაევალათ პრესისა და მასობრივ ინფორმაციის შესახებ კანონის შესრულების კონტროლი. დაწესდა დასახლებულ პუნქტებში შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი და დაევალათ რეიდების მოწყობა.
პარლამენტმა შევარდნაძის მეორე მოთხოვნაც დააკმაყოფილა და პლენარული სხდომები შეწყდა იქამდე, სანამ საგანგებო მდგომარეობა არ დასრულდებოდა. პარლამენტის წევრებმა მუშაობა კომისიების ფორმატში გააგრძელეს.