2010 წლის 6 მაისს ხელისუფლება პოლიციის დღეს აღნიშნავდა. წინა დღით, 5 მაისს “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხელისუფლებამ გიორგობის დღესასწაულს პოლიციის დღე მიზანმიმართულად დაამთხვია. “ხელისუფლებას სჩვევია რელიგიური და საერო დღესასწაულების საკუთარი მზაკვრული ინტერესებისთვის გამოყენება”, – განაცხადა “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი ქავთარაძემ, ამიტომაც მისი გაპროტესტება გადაწყვიტეს.
6 მაისს, აღლუმის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და აქციის 20-მდე მონაწილე.