2016 წლის 17 აგვისტო -26 ნოემბერი
თბილისი
გარემო
აქცია, შიმშილობა, ადგილის დაკავება
პარტიზანი მებაღეები
ნატა ფერაძე
ყაზბეგის გამზირზე სამშენებლო კომპანიამ ხეები მოჭრა “პარტიზანი მებაღეები”, ნატა ფერაძე
ხეების ჭრის შეჩერება და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადაყენება
თბილისის მერია
2016 წლის 17 აგვისტოს, ალექსანდრე ყაზბეგის 22 ნომერში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, ათზე მეტი ხე მოიჭრა. გარემოს დამცველები, ისევე როგორც ქალაქის მერია, ეჭვობდნენ, რომ ტერიტორიაზე, შესაძლოა, საღი ხეები მოეჭრათ. აქტივისტმა ნატა ფერაძემ პროტესტი შიმშილობის დაწყებით გამოხატა. მას სხვა აქტივისტებიც შეუერთდნენ.
მეტყევე-ინჟინერი ალექსანდრე აფციაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობდა, რომ ხეები გამხმარი, დაავადებული და ამორტიზებული იყო. სწორედ აფციაურმა დაწერა დასკვნა ყაზბეგის 22 ნომერში არსებული ხეების შესახებ, რის საფუძველზეც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა 45 ხის მოჭრის ნებართვა გასცა. ნამდვილად დაავადებული ხეები მოიჭრა ყაზბეგის 22 ნომერში თუ არა, ამის გამორკვევად “პარტიზანი მებაღეები” გამოძიებას ითხოვდნენ. 18 აგვისტოს მათ, ისევე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართეს პროკურატურას.
“პარტიზანმა მებაღეებმა” ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით უწყვეტი აქციები დაიწყეს. 18 აგვისტოს აქცია-მსვლელობაც გაიმართა.
თბილისის მერს, დავით ნარმანიას საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მიზანშეუწონლად მიაჩნდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენდა კონკრეტული პირის ბრალეულობას, კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა.
23 აგვისტოს ნატა ფერაძეს ჰოსპიტალიაცია დასჭირდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მალევე შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს დანარჩენმა აქტივისტებმაც, თუმცა კვლავაც გრძელდებოდა საპროტესტო აქციები დედაქალაქის მერიასთან. მერიამ ხეების მოჭრაზე ათდღიანი მორატორიუმი გამოაცხადა. რასაც გარემოსდამცველების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა – „ათდღიანი მორატორიუმი ძალიან კარგია ომში, როცა ცოტა ხანი დაზარალებულებს საკვები უნდა მიაწოდო. ნარმანიამ აღიარა ამით, რომ, ფაქტობრივად, ეომება ქალაქს და ათი დღე ხეებს არ მოჭრის“, – თქვა ნატა ფერაძემ.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა, თუმცა დღემდე ვერ შედგა კონსტრუქციული დიალოგი მას და გარემოსდამცველებს შორის, რომელთა მცდელობაც კრახით დასრულდა 24 აგვისტოს. გარემოსდამცველი აქტივისტების თქმით, ამ დღეს ისინი მერთან სასაუბროდ იყვნენ მიწვეული, თუმცა მათ იქ მრავლად დახვდნენ მერის მეხოტბე მხარდამჭერებიც. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეურაცხყოფილნი დარჩნენ, რადგანაც შეხვედრა წინასაარჩევნო PR ღონისძიებად აღიქვეს და მასში მონაწილეობა არ ისურვეს. სწორედ ამ დროს გამოვიდა წყობიდან დავით ნარმანია და „მაიმუნი ვირიშვილი“ უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს. საზოგადოების მწვავე რეაქციის კვალდაკვალ, დავით ნარმანიას ბოდიშის მოხდაც მოუწია, თუმცა ბოდიშის ადრესატი იყო არა ირაკლი კუპრაძე, არამედ – საზოგადოება.
2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური სახელწოდებას შეიცვლიდა და გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმეოდა. პარტიზანი მებაღეები კი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისთვის სახელის გადარქმევის ნაცვლად, მის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ითხოვდნენ და მერიის მიმდებარედ, კარავში, პროტესტს აგრძელებდნენ.
აქტივისტებმა 800 ხელმოწერაც მოაგროვეს პეტიციაზე, რომლითაც მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების გადადგომას ითხოვდნენ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აქტივისტებმა პროტესტი შეწყვიტეს, რადგან როგორც ამბობდნენ, არ უნდოდათ, მათი მოთხოვნები არჩევნებთან ყოფილიყო დაკავშირებული. 26 ნოემბერს კი პროტესტი გააგრძელეს. ამ დროისთვის არც პროკურატურიდან ისმოდა რამე ხეების ჭრის საქმესთან დაკავშირებით და არც პეტიციას მოჰყოლია გამოხმაურება მერიიდან.
ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა 2017 წლის 5 იანვარს დატოვა და ეს გადაწყვეტილება “ოჯახური მიზეზებით” ახსნა. ხმელი იყო თუ საღი ყაზბეგის ქუჩაზე მოჭრილი ხეები? – ამ კითხვაზე პროკურატურას 7 თვის შემდეგაც არ ჰქონდა პასუხი.
2016 წლის 18 აგვისტო. ფოტო: ნეტგაზეთი