EN

“დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა”

left arrow

2016

right arrow
Open Arrows

პროტესტის თარიღი

2016 წლის 20 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

22  წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო და დატოვებულ წერილში მიუთითა, რომ პოლიციელმა მასზე იძალადა.

ორგანიზატორი

თეთრი ხმაურის მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

პოლიციელის პასუხისმგებლობის დაყენება, სამტრედიის პოლიციის უფროსის გადადგომა, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა

პროტესტის შედეგი

ბრალი წაუყენეს პოლიციელს.

2016 წლის 8 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუა სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში საკუთარ ეზოში იპოვეს თუთის ხეზე ჩამომხრჩვალი. იქვე იდო წერილი, რომლის მეშვეობითაც ირკვეოდა, რომ წინა დღეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში ეწერა, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა. თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილი მთავრდებოდა ასე: “დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა”.  ეს სიტყვები მალე ქუთაისში სტენსილზე გამოჩნდა. წარწერა გაჩნდა თბილისის ქუჩებშიც.

“სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” – 20 აგვისტოს ამ გზავნილით შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო კანცელარიასთან და ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა. მათი თქმით, საქართველოში მოქმედმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. 

კანცელარიასთან შეკრებილები მოითხოვდნენ:

  1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც საზოგადოებისთვის ჯერ ცნობილი არ იყო.
  2. თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
  3. შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
  4. დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

აქცია გაიმართა  სამტრედიაში პოლიციის განყოფილებასთანაც. იქაც სწრაფ, ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ. ადგილზე იმყოფებიან დემურ სტურუას ახლობლებიც. 

აქციაზე შეკრებილები “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გამოჩენაზე გაღიზიანდნენ. მათი თქმით, სწორედ “გირჩის” წევრების ხელისუფლებაში ყოფნისას ჩამოყალიბდა მსგავსი მანკიერი სისტემა (ზურა ჯაფარიძე ყოფილი სახელისუფლებო პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო). ჯაფარიძეს აქცია დაატოვებინეს.

29 აგვისტოს დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში შსს “ვერც ერთ ეჭვმიტანილს და დამნაშავეს ვერ დააფარებს ხელს”. ამასთან, გოდერძი თევზაძის დაკავებას და მის “შესატყვისად დასჯას” საზოგადოებას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაჰპირდა.

გარდაცვლილი დემურ სტურუას დედა და ძმა 3 სექტემბერს გამთენიისას სცემა  ნაცნობმა დავით ნაცვლიშვილმა და ჩვენების შეცვლა მოსთხოვა. ნაცვლიშვილი იმავე დღეს დააკავეს.13 სექტემბერს გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა, მაგრამ ბრალს არ აღიარებდა. 2017 წლის 3 ივნისს ის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

Media

წარწერა კედელზე ქუთაისში

წარწერა კედელზე ქუთაისში

ფოტო: sadarismelia/Fb.com

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია კანცელარიასთან

თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია კანცელარიასთან

2016 წლის 20 აგვისტო. ფოტო: On.ge