2016 წლის 9 აგვისტო – 9 ნოემბერი
რეგიონი, თბილისი
სამართალი, სოციალური პრობლემები
გაფიცვა, აქცია, მარში, პიკეტი
მძიმე სოციალური პირობები ფიზიკური დაპირისპირება ზვარელ და ჩინელ მუშებს შორის”
ზვარეში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები
სამუშაო პირობების გაუმჯობესება, დამნაშავეთა დასჯა, კომპანიის მენეჯმენტის შეცვლა.
შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”
სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ კომპანიასთან, დაპირისპირების გამოძიებაც დაიწყო და მენეჯმენტიც შეიცალა
სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო, რისი საფუძველიც ორი მუშის სამსახურიდან გათავისუფლება გახდა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდა გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა – სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” ახორციელებდა.
საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიასთან “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” მედიაცია, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო აწარმოებდა, უშედეგოდ დასრულდა. დასაქმებულების თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თავდაპირველად ჩინური კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებას დათანხმდა, თუმცა, საბოლოოდ, აზრი შეიცვალეს. ამიტომ ასამდე მუშამ 19 სექტემბერს გაფიცვა დაიწყო.
მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ითხოვდნენ. 29 სექტემბერს მათ გვირაბის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება დაიწყეს და მშენებლობაზე ტექნიკა არ შეუშვეს.
გაფიცვა 2016 წლის 4 ოქტომბერს შეწყდა. რკინიგზის ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ადგილობრივ ასამდე მუშასთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი ამბობდა, კომპანიამ მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა: “მათ შორის ზეგანაკვეთური შრომა, ფასიანი შვებულება, კვირაში ერთხელ დასვენება და სპეციალურ ტანსაცმელით უზრუნველყოფა”.
თუმცა ზვარეს ამბავი ამით არ დასრულებულა. როგორც მუშები ამბობდნენ, ამის შემდეგ ისინი აგრესიულ დამოკიდებულებას გრძნობდნენ ხელმძღვანელობის მხრიდან.
კონფლიქტი 2 ნოემბერს განახლდა.
ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა კომპანიის ტერიტორიიდან შეშა მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში” დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს.
მუშების ცნობით, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში იყო გადაყვანილი.
3 ნოემბერს კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. მათ პროტესტს სოფლის მოსახლეობაც შეუერთდა, ასევე – რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც. მუშები ფიზიკური დაპირისპირების სასწრაფოდ გამოძიებასა და დამსაქმებელი კომპანიის მიერ ობიექტის დატოვებას ითხოვდნენ.
შსს-მ სამი ადამიანი დააკავა და გამოძიება “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე” დაიწყო (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით). მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდებოდა. გვირაბის მშენებლობა ისევ გაჩერებული იყო და დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვდნენ.
4 ნოემბერს ზვარეში პროტესტის პარალელურად ნაცემი მუშების მხარდასაჭერად სტუდენტური მოძრაობებისა და არასამთავრობო სექტორის აქტივისტების აქცია/მსვლელობა გაიმართა – “ნაჯახით ნაცემი მუშები – ყველანი ქუჩებში”. “არა ბიზნეს დიქტატურას” “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია” “კომპანია კრიმინალია” – ეწერათ ტრანსპარანტებზე. სამოქალაქო აქტივისტები თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც “ნავთობის პროფკავშირი” მართავდა აქციას, ხოლო შემდეგ, ყველანი ერთად, “საქართველოს რგინიგზისკენ” დაიძრნენ, რომელიც ზვარეში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგელობას არ იღებს.
9 ნოემბერს გაფიცვა შეწყდა და სამუშაოებიც მალევე აღდგა. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა გიორგი თაბუკაშვილმა თქვა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა – სამსახურიდან გაუშვეს ისინი, ვინც დაპირისპირებაში მონაწილეობდა.
2016 წლის ნოემბერი. ფოტო: kutaisipost.ge