“რუსული კანონის” მიღების გამო ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მოლოდინით შეხვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლიდნენ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სატელევიზიო არხებზე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები ოპოზიციის გამარჯვებას აჩვენებდა. ეთერში ოპოზიციის ზეიმს გადასცემდნენ. მალევე საპირისპირო შედეგი გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. წინასწარი დათვლებით, არჩევნებში მმართველი პარტია “ქართული ოცნება” იმარჯვებდა. ოპოზიციამ შედეგები გაყალბებულად გამოაცხადა, კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო და პარალელურად ხალხს ქუჩაში აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა.
28 ოქტომბერს რუსთაველზე არჩევნების შემდგომი პირველი დემონსტრაცია ჩატარდა. ამ დღესვე ოპოზიციურმა პარტიებმა შეკრებილებს უთხრეს, რომ არ ცნობდნენ შედეგებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ. ოპოზიციამ ახალი არჩევნები მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტმაც 28 ოქტომბერს მოუწოდა საზოგადოებას, პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებინა პოზიცია არალეგიტიმური არჩევნების შესახებ. თუმცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა მკვეთრად მცირე იყო გაზაფხულზე “რუსული კანონის” გამო შეკრებილ დემონსტრანტებთან შედარებით.
2 ნოემბერს ტვ პირველზე გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდა იმ სხვადასხვა ხერხის შესახებ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ხმების მოსაპოვებლად და გასაყალბებლად გამოიყენა. შესაბამის მტკიცებულებებს აქვეყნებდნენ პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც.
სარჩელები შეიტანეს სასამართლოში, მათ შორის ხმის ფარულობის დარღვევაზე, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ამტკიცებდა, რომ ელექტრონულ აპარატებში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსების დროს შესაძლებელი იყო იმის დანახვა, თუ რომელი კანდიდატი იყო შემოხაზული, რადგან მელანი უკანა მხარეს ჟონავდა. ამის გამო ამ აქციების სიმბოლო გახდა თეთრ ფონზე (გაჟონილი) შავი წერტილი.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. მისი გადაწყვეტილება მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
იმავე საღამოს პარლამენტის წინ შეკრებილებს ოპოზიციურმა პარტიებმა განუცხადეს, რომ სამი მიმართულებით აპირებდნენ მუშაობას: არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მოძიება, საერთაშორისო არენაზე ინფორმაციის გავრცელება, რათა არც დემოკრატიულ ქვეყნებს ეღიარებინათ არჩევნები და მხარი დაეჭირათ სამოქალაქო წინააღმდეგობისთვის, რაც აქციებზე ჩანდა.
საღამოს დასასრულს ხალხი დაიშალა, პოლიტიკოსებმა შეკრება მეორე დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან გადაწყვიტეს. თუმცა მეორე დღეს გეგმა შეიცვალა, ხალხს 3 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდეს, რადგან ამ დროს სასამართლოში დაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. აქციის დრო და ადგილი უკვე შეცვლილი იყო, როდესაც სასამართლო სხდომა გაუქმდა.
შემდეგ დღეებში საპროტესტო აქციები სხვადასხვა ადგილას ყოველ დღე იმართებოდა. 9 ნოემბერს ოპოზიციის ნაწილი კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” ერთად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბა, ნაწილი კი – მეტრო სადგურ უნივერსიტეტთან, საიდანაც მსვლელობას მოუძღოდა “კოალიცია ცვლილებისთვის”. ორივე მსვლელობა გმირთა მოედანზე შეერთდა.
11 ნოემბერს თბილისში მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
იმ დღეს აქციაზე შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა თუნბერგიც გამოჩნდა. ის ჩამოვიდა ბაქოში კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების გასაპროტესტებლად. თუნბერგმა აქცია თავისუფლების მოედანზე ჩაატარა და შემდეგ შეუერთდა ახალი არჩევნების მოთხოვნით რუსთაველზე გასულ მოქალაქეებს.
14 ნოემბრიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში დაიწყეს არჩევნების გაყალბების გაპროტესტება. “არ შევეგუებით”; “ხმის ქურდებმა მომავალიც მოგვპარეს” – ეწერათ საპროტესტო ბანერზე. მათ მსგავსად უნივერსიტეტიდან არ გადიოდნენ და ღამეს ფოიეში ათენებდნენ თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, გამოაქვეყნეს მანიფესტი და აღნიშნეს, რომ არ ცნობენ არჩევნების შედეგებს.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით შევიდა.
მეორე დღის ბოლოს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მარში მოაწყვეს. მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჩერდნენ. ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, რომ ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე დარჩებოდნენ და იქ გაათენებდნენ ღამეებს. ჩადგეს კარვები. მოძრაობა შეიზღუდა მიმდებარე ქუჩებზე. “თავისუფლება ავიღოთ ხელში”, – გააკრეს დიდი ბანერი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოს ღობეზე. ის ღამე კარვებსა და გზაზე დანთებულ კოცონთან გაატარეს.
ასეთივე მშვიდობიანი ვერ გამოდგა მეორე ღამე. მოქალაქეებმა გადაიღეს კადრები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ შეუშვეს სპეცრაზმი თსუ-ს შენობაში, საიდანაც სპეცრაზმელები შემდეგ აქციის მონაწილეებთან გავიდნენ და 19 ნოემბერს, გამთენიას, ხალხი დაშალეს – აიღეს კარვები და დააკავეს დემონსტრანტები, შსს-ს ცნობით, 16 ადამიანი. მათ შორის იყო 21 წლის მათე დევიძე, რომელიც ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და შემდეგ, როცა იზოლატორი უნდა დაეტოვებინა, 21 ნოემბერს, სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, რასაც მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 12 ივნისს მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
19 ნოემბერს დაკავებულები ჰყვებოდნენ, რომ სამართალდამცავები დაკავების შემდეგაც აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის, პოლიციამ უნივერსიტეტთან დაბრუნებული აქციის მონაწილეები ისევ იძულებით გაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე. 8 საათისთვის „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს უთხრა, რომ გადაწყვიტეს, დროებით დაშლილიყვნენ და შეემუშავებინათ ახალი გეგმა.
იმავე დღეს, სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლა მოახერხა. ისინი ამბობდნენ, რომ შენობას არ დატოვებდნენ მანამ, სანამ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნა რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც 19 ნოემბრის დილას თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
პარალელურად, გარეთ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გრძელდებოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა კარვები ისევ გაშალეს და იმ ღამის გათენებასაც აპირებდნენ.
22 ნოემბრისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და აუდიტორია 023-ში კვლავ რჩებოდნენ სტუდენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების (მათე დევიძის და სხვების) გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო 19 ნოემბერს დაკავებულმა ისაკო დევიძემ. 23 ნოემბერს ის კლინიკაში გადაიყვანეს. ისაკო დევიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 27 ნოემბერს ამოეწურა, რის შემდეგაც იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
23 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, აქციამ თსუ-ს პირველი კორპუსიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. იქვე თქვეს, რომ მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას გააცნობდნენ საზოგადოებას. რა გეგმა ჰქონდა ოპოზიციას და რა შედეგი უნდა მოეტანა სხვადასხვა ადგილას აქციების გამართვას, შეკრებილთათვის კვლავ ბუნდოვანი რჩებოდა. აქციებიც აღარ იყო ისეთი ხალხმრავალი, როგორც – ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.
25 ნოემბერს პარლამენტში სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები დაესწრნენ, პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კვლავ იდგნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” “კონსტიტუცია თავზე დაიხია”.ასე მივიდა ოპოზიცია 2024 წლის 28 ნოემბრამდე, როდესაც იმ დღეს პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამ განცხადებამ მინავლებული საპროტესტო მუხტი ხელახლა გააღვივა და ფართომასშტაბიანი აქციები და წინააღმდეგობა იმავე საღამოს, განცხადებიდან ორიოდე საათში დაიწყო.