სტატია პერიოდულად ახლდება
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, უმრავლესობა მოიპოვა “ქართულმა ოცნებამ”. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შედეგი არ აღიარა და არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია. საპროტესტო აქციები “მიტაცებული არჩევნების” გასაპროტესტებლად მთელი ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდა. თბილისის ცენტრალურ უბნებში ახალი გრაფიტი გაჩნდა – შავი ლაქა, რომელიც საარჩევნო ბიულეტენზე გაჟონილ მელანს აღნიშნავდა. ის საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევისა და არჩევნების შედეგებით მანიპულაციის სიმბოლოდ იქცა. 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 21 წლის მათე დევიძე დააკავეს. მას სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს და ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ნოემბერ-დეკემბერში ათობით დაპატიმრებულ და გასამართლებულ დემონსტრანტთა შორის.
ამის შემდეგ მორიგი მასშტაბური აქცია 25 ნოემბრისთვის დაანონსდა – იმ დღეს, როცა პირველი საპარლამენტო სხდომა უნდა გამართულიყო. შეკრების მიზანი იყო დეპუტატების შენობაში არშეშვება. იმ დღეს აქციაზე ბევრი ხალხი არ გასულა.
“ქართული “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი მაინც შეიკრიბა. არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 60 მანდატს ოპოზიცია კი ფლობდა, მაგრამ ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას არც ერთი დასწრებია – არც “კოალიცია ცვლილებისთვის“ (“ახალი”, “დროა”, “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის”), არც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ (“ლელო”, “თავისუფლების მოედანი”, “ხალხისთვის”, “მოქალაქეები”) და არც „გახარია საქართველოსთვის“. ისინი, არჩევნების გაყალბების გამო, მე-11 მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ. აქციამ პირველი სხდომის ჩატარებას ხელი ვერ შეუშალა. გამოსვლებმა შემდეგი დღეების განმავლობაში ძალა დაკარგა, ქუჩაში გასული ხალხის ოდენობამ იკლო.
28 ნოემბრის სესიაზე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა – დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
იმავე საღამოს, 18:15-ზე, „ქართული ოცნების“ ოფისში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს და ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირიდან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყოდნენ.
“ქართული ოცნების” ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორიოდე საათში თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება. ისინი ირაკლი კობახიძის განცხადებას დასავლურ კურსზე უარის თქმად მიიჩნევდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით სახელისუფლებო სტრუქტურები ვალდებულნი იყვნენ, მიეღოთ “ყველა ზომა” ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
“ქართული ოცნების” ოფისთან ისმოდა შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“, „წადით“. ხალხის რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდებოდა. ადამიანები სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” აქვეყნებდნენ პოსტებს ქუჩაში გასვლის შესახებ და თან სპონტანურ შეკრებაზე გადიოდნენ.
ათასობით დემონსტრანტმა მალე პარლამენტთან გადაინაცვლა, გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, მათი ნაწილი შენობის თაღებთან აღმართულ რკინის ჯებირებთან დადგა და მუშტებითა და ქვებით მორიგეობით და უწყვეტად აბრახუნებდა. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით, იმავე საღამოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე პასუხად, ხალხი სპონტანურად შეიკრიბა გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ფოთში.
28 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისვლას მოითხოვდნენ, მას თანამოაზრედ მიიჩნევდნენ. ზურაბიშვილი აქციას შეუერთდა, და თქვა, რომ „იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“. ამის შემდეგ ის თავისუფლების მოედანზე ჩაყენებულ სპეცრაზმთან მივიდა და ჰკითხა: „რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ?“.
მალევე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. დემონსტრანტებმა პარლამენტთან აღმართული რკინის ჯებირი მოხსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და დაადასტურა, რომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით რუსთაველის გამზირსა და ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გაუშვა. საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით ბარიკადები აღმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სპეცრაზმის ქმედება დარბევად შეაფასა, ორგანიზაცია „ჩემმა ხმამ“ კი – არაადამიანურ მოპყრობად.
იმ ღამეს შსს-ს წარმომადგენლებმა იძალადეს არაერთ ადამიანზე, მათ შორის მძიმედ დაშავდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი (რომელიც თან დააკავეს) და „ფორმულის“ ჟურნალისტი, გურამ როგავა. დაშავდნენ სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებიც.
აქცია 29 ნოემბრის დილას დაიშალა. დააკავეს 43 ადამიანი. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციელების მისამართით ქვებს, მძიმე საგნებს, საღებავებს, კვერცხებს ისროდნენ და „პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ“.
29 ნოემბრის საღამოს ხალხი რუსთაველის გამზირზე კვლავ დაბრუნდა. მას შემდეგ, მთელი მომდევნო თვეების განმავლობაში, რუსთაველზე გამართული საპროტესტო შეკრების გარეშე ერთ დღესაც არ გაუვლია. თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ყოველ საღამოს, რუსთაველის გამზირი იკეტებოდა.
29 ნოემბრიდან დემონსტრაცია მასშტაბური გახდა, მოქალაქეები რეგიონებშიც და საზღვარგარეთ, საქართველოს საკონსულოებთან მოწყობილ აქციებზეც აპროტესტებდნენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასა და არჩევნების გაყალბებას. პარლამენტთან შეკრებილი ათიათასობით ადამიანი ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.
ხელისუფლებამ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები 29 ნოემბრის საღამოსაც გამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ დემონსტრანტთა ნაწილი პოლიციელებს უპირისპირდებოდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ესროდა გაურკვეველ საგნებს. აქციის მონაწილეებმა კვლავ აღმართეს ბარიკადები, ცეცხლს უკიდებდნენ ნაგვის ურნებსა და აალებად საგნებს. მათ წინააღმდეგ კი პოლიცია იყენებდა სპეციალურ საშუალებებს. გამთენიისას პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაშალა. დააკავეს 107 ადამიანი. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანეს ბათუმშიც, სადაც პოლიციამ რვა ადამიანი დააკავა.
ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაშლა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. ყოველ საღამოს ხელახლა შეკრებილი ათასობით ადამიანის წინააღმდეგ იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლს. დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავდათ. აკავებდნენ დემონსტრანტებს. აქციის მონაწილეები ჰყვებოდნენ, რომ სპეცრაზმი ძალადობრივად იჭერდა მომიტინგეებს, ზოგჯერ ალყაში მოაქცევდა და მანქანისკენ გაიტაცებდა. ე.წ. დაკავების მანქანებში მათი ცემა და შეურაცხყოფა გრძელდებოდა. სპეცრაზმი მომიტინგეებს ალყაში აქცევდა მაშინაც, როცა ცრემლსადენ გაზსა თუ წიწაკის სპრეის უმიზნებდა, რის გამოც ჭყლეტა იქმნებოდა. თუმცა, მცირე ხნით მიმდებარე ქუჩებზე მიმოფანტული ხალხი მაინც ორგანიზდებოდა, რუსთაველის გამზირი მომიტინგეებით ყოველ ჯერზე ხელახლა ივსებოდა. წინა რიგებში მდგომნი საპასუხოდ ისროდნენ პიროტექნიკას და გაურკვეველ ნივთებს. პარალელურად, შემდეგი დღეების განმავლობაში იზრდებოდა იმ ქალაქების რიცხვი, სადაც უკმაყოფილო მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გადიოდნენ.
ერთი წლის შემდეგ BBC -ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება იყო გარეული. ათობით მომიტინგეს ჯანმრთელობის პრობლემები დემონსტრაციის დაშლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში დაეწყო.
4 დეკემბერს პოლიციამ პოლიტიკური პარტია „დროას“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და პიროტექნიკა ამოიღო. იმის გამო, რომ დემონსტრანტები იყენებდნენ ფეიერვერკს, 5 დეკემბრიდან პოლიციამ რუსთაველის გამზირის დასაწყისსა და ბოლოში მდებარე მეტროსადგურების – „რუსთაველისა“ და „თავისუფლების მოედნის“ ამოსავლელებში მოქალაქეთა ჩხრეკა დაიწყო.
რუსთაველზე 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარე აქციებს სცენა არ ჰქონია – შეკრებილებს სიტყვით არავინ მიმართავდა. პოლიტიკოსები რიგით დემონსტრანტებს შორის იდგნენ, ხოლო პროტესტის თავისებურ იმპროვიზებულ დინამიკას განსაზღვრავდა პარლამენტის შენობაზე ლაზერით გაჩენილი წარწერები. შენობის ფასადზე ლაზერის მინათებით გამოსახული სხვადასხვაგვარი მოწოდების პასუხად ხალხი ხან სტვენას იწყებდა, ხან შეძახილები გაისმოდა. იმავე მეთოდით აქციის მონაწილეთათვის ხშირად ახალი ამბებიც ვრცელდებოდა, ან ხუმრობა თუ შეგულიანება იწერებოდა.
დარბევების დღეებშიც და შემდეგაც, ლაზერით კომუნიკაცია პროტესტის ისეთივე ორგანული ფორმა გახდა, როგორც პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირზე ქვების უწყვეტი ბრახუნი. მოგვიანებით ლაზერიც აკრძალეს და რკინის ღობეც ჩაანაცვლეს ისეთი ჯებირით, რომელიც ხმას აღარ გამოსცემდა.
დეკემბერში ქუჩებში გამოჩნდნენ შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ისინი ძალადობდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. თბილისის სხვადასხვა ნაწილში იმ დღეებში მათი მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთი იყო 7 დეკემბერს, როცა პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, ნიღბიანი პირები პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელთა იდენტიფიცირებაც თავად ტელევიზიამ მალე შეძლო, არავინ დასჯილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მხოლოდ დაშავებული პოლიციელების შესახებ ავრცელებდა, არაფერს წერდნენ აქციაზე ნაცემ ადამიანებზე. მათზე მხოლოდ ადვოკატები საუბრობდნენ, მათი თქმით, დაკავებულებით გადავსებულ იზოლატორებში უმრავლესობა ნაცემი იყო. დემონსტრანტებზე შსს-ს წარმომადგენლების სასტიკი ძალადობის კადრებს ავრცელებდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ადვილი შესამჩნევი იყო დაკავებულებზე ფიზიკური ძალადობის კვალი. ისინი იხსენებდნენ, როგორ უსწორდებოდნენ “დაკავების მანქანებში” და იქ მიყვანამდე, აღწერდნენ არაადამიანური მოპყრობის მაგალითებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2024 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან აქციებზე 400-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან, ადმინისტრაციული წესით, 350-ზე მეტი; ხოლო 300-ზე მეტი პირი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
2025 წლის 30 იანვარს “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებსაც ხალხი სასტიკ ძალადობაში ადანაშაულებდა. არც ერთი სამართალდამცავი, რომელმაც დემონსტრანტებზე იძალადა, არ დაუსჯიათ.
2025 წლის ივნისში კი საერთოდაც გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ევალებოდა.
ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს დაკავებული ათობით ადამიანიდან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და მალევე გაათავისუფლეს, ნაწილს კი სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს. ისინი დემონსტრაციების მიმდინარეობისას არ დაუკავებიათ, ზოგი საკუთარ სახლებთან აიყვანეს, ზოგს შინ შეუვარდნენ, ან სამსახურში მიაკითხეს, რამდენიმე მანქანიდან ჩამოსვეს.
პროკურატურის მიერ დემონსტრანტთა მიმართ წაყენებული ბრალი რამდენიმე მუხლს მოიცავდა, მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას, ჯგუფურ ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ნივთის დაზიანებას. 5 მომიტინგე კი ნარკოტიკების შენახვა-გადატანის ბრალდებით დააკავეს. აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს ჯამში 47 ადამიანს. სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა ამ რიცხვს დაემატა 2024 წლის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაწყებული აქციების დროს დაკავებული ორი ადამიანი, მათე დევიძე და ანატოლი გიგაური.
2025 წლის 12 იანვარს ორჯერ დააკავეს გაზეთ “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. პირველად პოლიციის ღობეზე საპროტესტო სტენსილის გაკვრის გამო. მეორედ, ცოტა ხანში, როცა აქციაზე შექმნილნი ჭყლეტის დროს, როდესაც პოლიცია დემონსტრანტებს აკავებდა და მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.. პროკურატურამ ეს ქმედება პოლიციელზე თავდასხმად შეაფასა და სასამართლომ მასაც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მზია ამაღლობელი ამბობდა, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და დამამცირებლად მოეპყრო, თუმცა ამ ქცევას რეაგირება არ მოჰყოლია არც ერთი უწყების მხრიდან. მზიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
საერთო ჯამში, აქციებში მონაწილე 50 ადამიანი ციხეში აღმოჩნდა, მათ შორის, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ – სტუდენტები, ექიმები, იუმორისტი, მსახიობი და სხვა, არაერთი პროფესიის წარმომადგენელი. მათ მედია და სამოქალაქო საზოგადოება “სინდისის პატიმრებად” მოიხსენიებს. პროტესტს კი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად, მეორე მოთხოვნაც დაემატა – “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
მზია ამაღლობელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მან 38 დღის განმავლობაში იშიმშილა. მზიას სოლიდარობის გამო სხვა რამდენიმე პატიმარმაც დაიწყო შიმშილობა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდათ და შეწყვიტეს. 48 დღის განმავლობაში იშიმშილა თემურ ქათამაძემ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა და ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევას ედავებოდნენ.
დაპატიმრებების პარალელურად, ქუჩაში კვლავაც მრავალრიცხოვანი აქციები გრძელდებოდა. ყოველ დღე ათი ათასობით ადამიანი იდგა რუსთაველზე. 8 დეკემბერს, გამთენიისას, პარლამენტის შენობის წინ, თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. საღამოს გამართულ აქციაზე ნაძვის ხის კონსტრუქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციელების მიერ ნაცემი ადამიანების ფოტოები გამოფინეს. პროტესტის გამო მერიამ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება ვერ მოახერხა.
დეკემბრიდან პროტესტმა ახალი ფორმა მიიღო – მარშების სერია დაიწყო. იკრიბებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები და მსვლელობით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები, საჯარო მოხელეები, ემიგრანტები, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები, ვეტერინარები და ცხოველთა მოყვარულები, საფეხბურთო კლუბების ბარსელონასა და რეალის ფანები და ა.შ. განსაკუთრებით ახალი ძალა შეიძინა პროტესტმა, როდესაც დაიწყო სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლების მარშები. შეკრებილებს ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ფრაზებით აწყობილი საპროტესტო ბანერები და სხვა რეკვიზიტები ეჭირათ.
13 დეკემბერს, 13:00 საათიდან, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები. კვლავ გაიმართა პროფესიული ჯგუფების მარშები. დემონსტრანტები ხალხს „გარეთ გასვლისკენ“ მოუწოდებდნენ.
ამ პროევროპული პროტესტის სიმბოლოდ იქცა ცეკვა ხორუმი. „ხორუმით ევროპისკენ“ ასე ერქვა 21 დეკემბრის ქუჩის პერფორმანსს, როცა დემონსტრანტები ფილარმონიიდან საცეკვაო მოძრაობებით მივიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე.
პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა გაფიცვის ორგანიზებაც სცადეს. თუმცა მხოლოდ “გამაფრთხილებელი გაფიცვა” გამოვიდა. კერძო კომპანიებმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერეს, დაკეტეს კარი წარწერით “გავიფიცეთ” და თანამშრომლები ამ ობიექტების წინ დადგნენ. მეორე დღიდან მუშაობა ჩვეული ფორმით აღდგა.
გაფიცვა საჯარო უწყებებში ვერ გაგრძელდა. უფრო მეტიც, მასობრივად დაიწყო იმ დასაქმებულების განთავისუფლება, რომლებმაც საჯარო განცხადებით გააკრიტიკეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება.
28 დეკემბერს „ერთიანობის ჯაჭვი“ შეკრეს დემონსტრანტებმა. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ხელჩაკიდებულები იდგნენ. თბილისში მოქალაქეებმა ჯაჭვი გაავლეს მეტეხის ხიდიდან. იგივე გააკეთეს საქართველოს რეგიონებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. აქციას შეუერთდნენ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
დემონსტრანტები იმთავითვე განწყობილნი იყვნენ, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის საღამოსაც რუსთაველის გამზირზე გავიდოდნენ. ამიტომ ახალი წლის დადგომის აღნიშვნაც ერთად გადაწყდა. საღამოს რვა საათიდან დაიწყეს მზადება. მთელ რუსთაველის გამზირზე, მაგიდების ერთმანეთთან შეერთებით, მოაწყვეს გრძელი, თითქმის 900 მეტრი სიგრძის სუფრა, რომელიც სახლებიდან მიტანილი ტკბილეულით, ხილითა თუ კერძებით დაიფარა და ერთად შეხვდნენ ახალ წელს; შემდეგ – შობასაც. თბილისის მერიამ კი საახალწლო კონცერტი წინმსწრებად ჩაწერა ცერემონიალების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, ავლაბარში) და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაუშვა.
მრავალფეროვანი მარშების სერია როცა დამთავრდა, შემდეგ პერიოდში მაინც გაგრძელდა და ტრადიციადაც იქცა “საზ მაუს მარში” – ასე უწოდებდნენ დემონსტრანტთა ჯგუფის მიერ მოწყობილ მსვლელობას, რომელიც ყოველ საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან (კოსტავას ქუჩაზე) ორგანიზდებოდა და საპროტესტო შეძახილებით მიემართებოდა რუსთაველის გამზირისკენ, სადაც დემონსტრანტები ანთებული ფარნებით ხვდებოდნენ მარშელებს და მათ საპროტესტო შეძახილებსაც უერთდებოდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პროტესტის გაშუქებით უკმაყოფილო საზოგადოება ამ ტელევიზიის შენობასთან პროტესტის დაწყებისთანავე, 2024 წლის 30 ნოემბერსვე, მივიდა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მაუწყებელი ხელისუფლებისადმი მიკერძოებული იყო, ითხოვდნენ ეთერი დაეთმოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ არხზე ვერ ხვდებოდნენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის გამო. პარალელურად ითხოვდნენ ხელმძღვანელობის გადაყენებასაც. დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე არ გადადგნენ, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში საღამოს ტოქშოუში პროტესტში ჩართულ ხალხს მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს.
მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას, მაყურებლების გარდა, ტელევიზიის თანამშრომლებიც აკრიტიკებდნენ. მათ “საზ მაუს მცველები” დაირქვეს და თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას არ ემსახურება. მალევე მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ან შეცვლილი შრომითი პირობები შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდნენ და ტელევიზია თვითონ დატოვეს.
“საზ მაუს მარში” პროტესტის ხმად იქცა. მათი შეძახილები, რომლებსაც, დრო და დრო, ახალი ფრაზები ემატებოდა, პროტესტის სხვა ჯგუფებმაც აიტაცეს და თვეების განმავლობაში სწორედ ასე გამოხატავდნენ პროტესტში მონაწილეობას, მის მხარდაჭერას: “არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!” “ყველაგან პოლიცია, არსად სამართალი”, “გააშუქეთ ხალხის ხმა, ხალხი ითხოვს სამართალს”, ,”უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს”, “საქართველო ადექი, აჯანყდი”, “სიმართლისთვის ბოლომდე! ბო-ლომ-დე!” “გეშინოდეთ ხალხის ძალის, მოჰქრის ხალხის ქარიშხალი” “ვერ გააჩერებთ ხალხის მდინარეს ქვეყნის გულიდან გამომდინარეს”, “ცეცხლი ოლიგარქიას!” “გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია!”- იძახდნენ სპიკერები ხშირად დასარტყამი ინსტრუმენტების რიტმების ფონზე და იმეორებდნენ აქციის მონაწილენი
“საზ მაუს მარშის” მისვლა რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმართა სახელების ჩამოთვლით სრულდებოდა. “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” სკანდირებდნენ მომიტინგეები. საზ მაუს მარში პერიოდულად უცხადებდა სოლიდარობას სხვადასხვა ჩაგრულ ჯგუფს ანდა პარალელურად მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას. ასეთი იყო ჭიათურის მაღაროელების გაფიცვა.
2025 წლის მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში რუსთაველიდან ბევრად შორს, ჯიქიაზე გადავიდა. კოსტავას შენობა დაცარიელდა. მიუხედავად ამისა, მარში ტრადიციულად გრძელდებოდა, თუმცა 2025 წლის 8 ოქტომბერს მარშის წევრებმა თქვეს, რომ პროტესტის ფორმას ცვლიდნენ და შეხვედრებს და ინფორმაციის გავრცელებას საჯარო სივრცეში გააგრძელებდნენ. “საზ მაუს მარშის” წევრთა ნაწილი შეუერთდნენ მოძრაობას სოციალური დემოკრატიისთვის, რომელიც მიზნადაც დაასახელეს “სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა და მიმდინარე საპროტესტო ტალღის გაძლიერება”. მოძრაობამ სოციალური დემოკრატიისთვის პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაცია რამდენჯერმე სცადა, მაგრამ საჯარო რეესტრისგან უარი მიიღო დოკუმენტებში სხვადასხვა ხარვეზის მიზეზით.
ამ პროტესტს ჰქონდა თავისი მუსიკაც, მელოდია, რომელიც ჰიმნად და ბრაზის გამომხატველ შეძახილად იქცა. დეკემბრის დასაწყისში, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებზე ყოველ დღე ძალადობდა და მიტინგს შლიდა, გავრცელდა კადრები, სადაც შავებში ჩაცმული სახეშებურული ახალგაზრდები პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე სპეცრაზმს იმ შეძახილით (ჩანტით) აგინებდნენ, რომელიც სპორტული გუნდების მხარდასაჭერად გამოიყენება ხოლმე და რომლის ერთი ვერსია (Darion G – Carnaval de Paris) 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთ ჰიმნად იქცა. ამ საპროტესტო შეძახილზე ქართული ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელ Kordz-მა 4 დეკემბერსვე შექმნა ტრეკი AntiGeorgianDreamAnthem. ტექსტი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით “ოლე ოლა” და გრძელდებოდა “ქართული ოცნებისადმი” გინებით, მომიტინგეებმა მალევე დაისწავლეს. მღეროდნენ მარშებზე, იმპროვიზებულ სცენებზე, ბარებში… ამის გამო ე.წ. ტიტუშკები დაახვედრეს იმ მომღერლებს, რომლებიც “ოლე ოლას” მღეროდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის იყვნენ ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” სოლისტი ვანიკო თარხნიშვილი, ტორნადო გაბუნია, მოძალადეები ქუჩაში დახვდნენ Kordz-საც, რომელმაც ეს სიმღერა ციურიხის კლუბშიც დაუკრა.
“ოლე ოლა” იკითხებოდა სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის მაისურზეც, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე. Oscar Lima Echo, Oscar Lima Alpha – ეწერა NATO-ს ფონეტიკური ანბანის გამოყენებით.
და იყო სხვა მუსიკაც, რომელიც იმ დღეებში შეიქმნა – Tamada – Brdzolas Me Ver Gadamachvev, Qaji Todia – SHEGECI, Melqo – Gamoikhede, ლექსო რატიანი – სამშობლო ხალხს! მაშინ, როცა პარლამენტის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე მუშტების, ფეხების, ქვების რიტმული რტყმა დაიწყო, მომიტინგეებს გაახსენდათ Quemmekh-ც და მათი 2020 წლის სიმღერა Titebi.
და იყვნენ მუსიკოსებიც, რომლებიც იშვიათად, თუმცა მაინც მღეროდნენ რუსთაველზე. მაგალითად, ვახო ბაბუნაშვილი, იმ “წვიმის მუსიკოსებიდან” ერთ-ერთი რომელიც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროსაც იმავე სიმღერას მღეროდა საპროტესტო აქციაზე. ბენდი “უმუშევრობა”, რომელმაც რუსთაველზე, შუა გზაზე რამდენიმე სიმღერა დაუკრა.
პროტესტის თანამოაზრეები იყვნენ სარეკლამო სააგენტოებიც. Playmakers-მა სააფთიაქო ქსელის, PSP-ს დაკვეთით 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად სარეკლამო რგოლი მოამზადა. “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” “სინდისი პატიმარმა” რეჟისორმა გიორგი ოკმელაშვილმა ციხეში შექმნა, ის 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს იყო დაპატიმრებული. ციხიდან გამოგზავნილი სცენარითა და მითითებებით გადაღებულ ვიდეოში მთავარი მთხრობელი კიდევ ერთი “სინდისის პატიმარი” ანდრო ჭიჭინაძე იყო. მისი ხმაც ციხიდან ჩაიწერა. მთავარ როლებს კი მათი კოლეგები, პროტესტის ღია მხარდამჭერი მსახიობები ასრულებდნენ.
იყო კიდევ სარეკლამო სააგენტო Supermarket Agency-ის მიერ მომზადებული ვიდეო “სინდისის პატიმარ”, მზია ამაღლობელზე და გაზეთი, რომელიც მისი დაფუძნებული “ბათუმელების” ისტორიას აღწერდა. იმ ფონზე, როდესაც ბიზნესის დიდი ნაწილი პროტესტის მხარდაჭერას ერიდებოდა, ამ ორი სარეკლამო კომპანიის მიერ შექმნილმა ფაქტობრივად საპროტესტო ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს – მიიღეს ამ ინდუსტრიის არაერთი პრესტიჟული ჯილდო.
პროტესტის ახალ ფორმებსა თუ ატრიბუტიკას “ქართული ოცნება” მისი აკრძალვით ან ჯარიმების გამკაცრებით პასუხობდა. უმეტესად დაჩქარებული წესით, ისე იღებდნენ კანონებს, რომ საზოგადოებისთვის მათი დასაბუთება არ წარუდგენიათ.
ახალი რეგულაციების მიხედვით, გამარტივდა საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება, რასაც არაერთი ადამიანის გათავისუფლება მოჰყვა. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისშივე აკრძალეს პიროტექნიკისა და ლაზერის გამოყენება, აქციაზე ყოფნისას სახის დაფარვა. პარალელურად შეისყიდეს ქუჩაში დასამონტაჟებელი ისეთი კამერები, რომლებსაც სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია.
ამ ახალი კანონების აღსრულებაც მალე დაიწყეს. სახის დაფარვისთვის (ბალაკლავას ტარებისთვის) და ფეიერვერკის სროლისთვის არაერთხელ დააჯარიმეს ზუგდიდის აქციების მონაწილე მარიამ სიჭინავა, რომელიც დემონსტრაციულად იფარავდა სახეს და ისროდა ფეიერვერკს. ამ კანონზე პასუხი იყო 18 იანვარს, პროევროპული აქციების 52-ე დღეს, ფილარმონიიდან მოწყობილი მსვლელობა. დემონსტრანტებმა სახეები შეინიღბეს და ორიგინალური ნიღბებით რუსთაველის გამზირამდე დემონსტრაციულად იარეს. მათი ფოტოები მყისიერად გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიებში.
მორიგი საკანონმდებლო ცვლილება “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 31 იანვარს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაგეგმილი ხალხმრავალი აქციის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო – სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე გზების გადაკეტვა. ამ ჩამონათვალში მოხვდა აღმაშენებლის ხეივანი, სადაც „თბილისი მოლი“ მდებარეობს და სადაც 2 თებერვალს აქცია იგეგმებოდა.
ამ დღეს სავაჭრო ცენტრთან შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის წარმომადგენლები წინდაწინვე შეიკრიბნენ. აქციაზე დემონსტრანტებიც ჯგუფ-ჯგუფად გამოჩნდნენ. სამართალდამცველები მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და ყველა ღონეს იყენებდნენ, რომ ხალხს გზა არ გადაეკეტა. გზა სხვადასხვა დროს მაინც გადაიკეტა, თუმცა, მცირე ხნით. სრული ბლოკირება დემონსტრანტებმა ვერ მოახერხეს. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 31 ადამიანი, მათ შორის რვა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სისხლის სამართლის წესითაც (მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს). დაკავებისას ზოგი პოლიციამ სცემა კიდეც და ხუთ მათგანს ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა ამ დროს მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო. პოლიციელები ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს. “თბილისი მოლიდან” ჯგუფ-ჯგუფად წამოსული ხალხი რუსთაველის გამზირზე ფეხით მივიდა.
თებერვლიდან ჯარიმების ახალი ტალღა დაიწყო, ამჯერად ხალხს არა სახის დაფარვისთვის, არამედ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” აჯარიმებდნენ, რის მტკიცებულებადაც ქუჩის კამერებით გადაღებულ ვიდეომასალას წარადგენდნენ. ჯარიმდებოდნენ მაშინაც, თუკი რუსთაველზე მისულებს გზა უკვე გადაკეტილი დახვდებოდათ. 21 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქუროვანიძემ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ დღეში ორგანიზაციაში 150-მდე ზარი შევიდა, მათგან უმრავლესობა გზის გადაკეტვის გამო მიღებულ ჯარიმას შეეხებოდა; დაჯარიმებულთა უმრავლესობა ჯარიმებს ასაჩივრებდა, რითაც სისტემის გადატვირთვას ცდილობდნენ.
ჯარიმების დიდი რაოდენობა დროებით გაჩერდა და სასამართლოს არ განუხილავს. ხალხი მაინც დადიოდა აქციაზე და რუსთაველის გამზირი კვლავ იკეტებოდა. დაჯარიმებულებს შორის იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. მათ ნაწილს გაუუქმეს ჯარიმები, ნაწილის საქმე კი ისევ განხილვის ეტაპზეა. თუმცა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5000 ლარით დააჯარიმა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია, რომელიც აშუქებდა აქცია იმ დღეს, როდესაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
23 აპრილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამარტივა დემონსტრანტების დაკავების წესი და „გზის ხელოვნურად გადაკეტისთვის“ ჯარიმის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა უკვე SMS-ებით დაიწყო; ამის შემდეგ დაჯარიმების ტალღამ გადაიარა. ოქტომბრამდე ამ საფუძვლით აღარ დაუჯარიმებიათ დემონსტრანტები. ოქტომბერში კი ხალხის ნაწილმა ქვეყნიდან გასვლის და უკან დაბრუნების შემდეგ შემთხვევით გაიგო, რომ “გზის გადაკეტვისთვის” დაჯარიმებულები იყვნენ.
ჯარიმების გამოწერას გარკვეული ტალღები ახასიათებდა, ხან სახის დაფარვისთვის აჯარიმებდნენ, ხან გზის გადაკეტვისთვის. როცა გზის გადაკეტვის გამო ჯარიმები მასობრივი გახდა, ხალხი სახეს იფარავდა აქციაზე ყოფნისას, კამერებს მათი ამოცნობა რომ გართულებოდა. ამისთვის იყენებდნენ საკარნავალო ნიღბებს, სამედიცინო პირბადეებს, მზის სათვალეს, შარფებს და სხვა რეკვიზიტებს. ასე გაგრძელდა თითქმის იმ დრომდე, როცა სახის დაფარვისთვის სასჯელი გაამკაცრეს და სამართალდამცველებმა ადამიანების დაკავება სამედიცინო პირბადის ტარების გამოც კი დაიწყეს.
2024 წლის გაზაფხულის აქციების მსგავსად დაორგანიზდნენ დემონსტრანტები 2024 წლის შემოდგომაზე და დეკემბერშიც. ეხმარებოდნენ ერთმანეთს, ვისაც როგორ შეეძლო – ნაწილი ფიზიოლოგიური ხსნარს ასხამდა თვალებში ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაზიანებულ მოქალაქეებს, კარგად ეკიპირებულები სპეცრაზმის მიერ ნასროლ გაზის კაფსულებს ანეიტრალებდნენ, ზოგი ცხელი სასმელით და საჭმლით უმსუბუქებდნენ დემონსტრანტებს ცივ ღამეებში აქციაზე ყოფნას. რამდენიმე ღამის განმავლობაში აქციებზე მიდიოდნენ რესტორნების შეფ-მზარეულები და ცხელი წვნიანებით უმასპინძლდებოდნენ ადამიანებს. საჭმელი და ცხელი სასმელი ბევრ წერტილში გროვდებოდა და რიგდებოდა მოხალისეობრივად. პარლამენტის წინ მდებარე კაფე “მუზეუმი” აქციის მონაწილეთა თავშესაფარი გახდა გასათბობად და დასასვენებლად. შსს-ს მიერ აქციის დაშლის დროს რუსთაველის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარ ბინებში შეჰყავდათ დემონსტრანტები – დაკავებისგან თუ გაზის კაფსულისგან ასე იცავდნენ მათ.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის წესით დააკავეს დემონსტრანტები, ხალხმა მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის თანხის შეგროვება დაიწყო. ეხმარებოდნენ საბანკო, საკრედიტო თუ სხვა ვალდებულებების გასტუმრებაში, უზრუნველყოფდნენ ციხეში პროდუქტების, წიგნებისა და სხვა საჭირო ნივთების შეგზავნას. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იმ პატიმრებზე მზრუნველობა აიღეს საკუთარ თავზე, რომლებსაც ოჯახის წევრები არ ჰყავდათ. მათ შორის აქციებში მონაწილე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებზე, ისინი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. მედიაში ასეთი თანადგომის არაერთი მასალა ვრცელდებოდა.
იყვნენ ეული დემონსტრანტებიც – მაგალითად იუმორისტი ონისე ოქრიაშვილი, რომელიც ერთი კაცის აქციებს მართავდა ტრანსპორტსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებზე. იდგა მდუმარედ ტრანსპარანტით, ხან ცდილობდა, ხალხისთვის აეხსნა, რა მნიშვნელოვანია ბრძოლის გაგრძელება. გრაფიკული დიზაინერი დათო სიმონია, რომელიც იანვრის თვეში გლდანის ციხესთან იჯდა 10 დღე-ღამის განმავლობაში – ანუ იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც მისი მეგობარი ადმინისტრაციული წესით დააკავეს პროტესტის გამოხატვისას. “მეგობარი ციხეში, მე ციხესთან” – ეწერა ბანერზე და ჭიშკართან მოთავსებულ სკამზე ელოდა მეგობარს. იყო ეთო ბიჭიკაშვილიც, რომელიც მიტინგის დროს ყოველ დღე დროშაშემოხვეული იდგა რუსთაველზე პოლიციის ორ მანქანას შორის სასტუმრო “თბილისი მერიოტის” ჩასახვევთან. ამ ორი მანქანით ჩაყენებით ანიშნებდა პოლიცია მანქანებს, რომ პარლამენტთან რუსთაველი გადაკეტილი იყო და ისინიც ჭანტურიას ქუჩაზე უხვევდნენ.
სამოქალაქო საზოგადოების წევრები სწრაფად ორგანიზდებოდნენ, როცა ვინმეს აკავებდნენ. მუშაობდა პოლიტიკური პარტიების ცხელი ხაზიც. დროულად პოულობდნენ, ვინ რომელ იზოლატორში იყო გადაყვანილი, არკვევდნენ, ვის სჭირდებოდა ადვოკატი, რომელიც მერე უფასო მომსახურებას უწევდა დემონსტრანტს.
სოლიდარობით გამოირჩეოდნენ მსახიობები, რომლებიც პროტესტის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. სისხლის სამართლის წესით აქციაზე დაკავებულებს შორის იყო ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის“ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. მისადმი სოლიდარობის გამო არამხოლოდ ამ თეატრში, არამედ სხვა თეატრებშიც სპექტაკლები შეწყდა. “ახალი თეატრის” დასმა რეგიონებში დაიწყო მოგზაურობა, ჩადიოდნენ სხვადასხვა ქალაქში და თავიანთი საპროტესტო მანიფესტი ჩაჰქონდათ. ასე ცდილობდნენ ანდრო ჭიჭინაძისთვის მხარდაჭერას და პროტესტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც.
მსახიობებმა და თეატრის ხელმძღვანელმა დათო დოიაშვილმა თქვეს, რომ პატიმარ კოლეგას სპექტაკლებში არ ჩაანაცვლებდნენ, ამიტომ ძველი დადგმებით ისინი სცენას არ დაუბრუნდებოდნენ. 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ დათო დოიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად თქვეს, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“. თეატრის დასმა განაცხადა, რომ მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ და დათო დოიაშვილს არ გაუშვებენ. პროტესტის ერთი წლის განმავლობაში ამ თეატრში სპექტაკლები არ აღდგენილა.
მსახიობებმა და დათო დოიაშვილმა კი “სამეფო უბნის თეატრში” გადაინაცვლეს და 2025 წლის ოქტომბერში იქ დადგეს ახალი სპექტაკლი, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარი”.
სახელოვნებო წრეებისაგან განსხვავებით, პროტესტს მხარდაჭერა არ მიუღია სპორტსმენებისგან . უფრო მეტიც 2024 წლის პარლამენტში “ქართული ოცნების” სიით შევიდნენ ლაშა ტალახაძე (31 წლის) და გენო პეტრიაშვილი (30 წლის), რომლებიც იმ წელს ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და სპორტული კარიერა მოულოდნელად დაასრულეს. პარტიის საარჩევნო კლიპში გამოჩნდნენ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე.
თუმცა მთავარი იმედგაცრუება ფეხბურთელების მდუმარება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აქციების ძალადობრივად დაშლის კადრების გავრცელების შემდეგ საფეხბურთო ნაკრებისთითქმის ყველა წევრმა დაგმო ძალადობა, პროტესტისადმი ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავთ. პროტესტში ჩართულ ადამიანებს მათგან მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდათ, რადგან 2024 წლის 26 მარტს, როდესაც ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, მთავარი შეძახილი, რომლითაც გახარებულ გულშემატკივრებს მიმართავდნენ იყო – “სად მივდივართ? – ევროპაში”. 3 აპრილს უკვე “რუსული კანონის” მეორედ ინიციირების შემდეგ დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო, სადაც ფეხბურთელების ამ შეძახილს ხშირად იმეორებდნენ, იმის დასტურად, რომ საქართველოს ევროპის ნაწილად სურდა ყოფნა, არამხოლოდ სპორტში, არამედ გეოპოლიტიკურადაც. ამ პროცესში კი ფეხბურთელებს თანამოაზრეებად მიიჩნევდნენ.
იყო მეორე მიზეზიც. სოციალური სიდუხჭირის მიუხედავად გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე ათასობით ქართველი წავიდა საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ. ეს უბედნიერესი დღეები იყო ქომაგებისთვის. ფეხბურთელებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი და როგორც ამბობდნენ, განსაკუთრებული ურთიერთობა იგრძნობოდა მინდორსა და ტრიბუნებზე. ამ ქომაგებს შორის იყო 21 წლის გიორგი გორგაძე, რომელიც გერმანიაში საგულშემატკივროდ მარტო წავიდა. ეს მისი პირველი გასვლა იყო ქვეყნიდან. „შენს ყველა მოგებას მე გულში ვინახავ და როცა აგებ, მე მაინც მიყვარხარ“, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისადმი მიძღვნილი სიმღერის ამ სიტყვებით გააზიარა მან “ფეისბუქში” ფოტო გერმანიის ერთ-ერთი საფეხბურთო სტადიონიდან. გიორგი გორგაძე აქციების დროს დააკავეს. “სინდისის პატიმარი” სასამართლო სხდომაზე თავის საბოლოო სიტყვაშიც ნაკრებზე საუბრობდა და წარმატებას უსურვებდა.
არც ერთ ფეხბურთელს მისადმი სოლიდარობა არ გამოუხატავს.
მერე თვითონ ნაკრების წევრებმაც თქვეს, რომ გუნდში ის “ნაპერწკალი ჩაქრა”, რაც ევროპის ჩემპიონატის დროს იყო. მატჩების წაგებების სერიებს და მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მხრიდან გულშემატკივრებისადმი უკმაყოფილების გამოხატვას კი ხალხის გაღიზიანება მოჰყვა, ცდილობდნენ აეხსნათ, რატომ გრძნობდნენ იმედგაცრუებას ფეხბურთელების მიმართ.
ამ ფონზე უჩვეულო ჩანდა კალათბურთელის, გიორგი ცინცაძის ამბავი. საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, რომელმაც კარიერა 2024 წლის თებერვალში დაასრულა, ხშირად ჩნდებოდა საპროტესტო აქციებზე. 2025 წლის 26 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა საკალათბურთო ნაკრებისა და ფედერაციის წევრთა ღირსების ორდენით დაჯილდოება გადაწყვიტა. მათ შორის გიორგი ცინცაძეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მან უარი თქვა და მიღებული პრემიაც 10 000 ლარი, სინდისის პატიმრების ანგარიშზე ჩარიცხა.
მისგან განსხვავებულად დაასრულა სანაკრებო კარიერა კიდევ ერთმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. 2025 წლის 27 ნოემბერს, უწყვეტი პროტესტის თითქმის ერთი წლის თავზე, ბოლო მატჩის შემდეგ აუდიტორიისადმი მიმართვისას მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც მაყურებლების სტვენა და შეძახილი მოჰყვა.
საზოგადოებაშიც დიდხანს მსჯელობდნენ იმიჯნება თუ არა სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან. ამ ნარატივს ხშირად იყენებდა “ქართული ოცნება”. სპორტსმენების მდუმარების გამო ყველა საყვედურს ტროლებიც სოციალურ ქსელში ამ არგუმენტს უხვედრებდნენ, რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა აირიოს ერთმანეთში. არადა, მხოლოდ მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” 89 დეპუტატიდან 5 ყოფილი სპორტსმენი იყო. პოლიტიკურ საქმიანობაში კი სხვადასხვა დროს არაერთი სხვა სპორტსმენიც მონაწილეობდა. ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე კი ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის დღიდან მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
პატიმრებს ფინანსურად ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ შექმნილი “ნანუკას ფონდი” უზრუნველყოფდა. ადმინისტრაციული ჯარიმების დაფარვაში კი მომიტინგეებს რიგითი მოქალაქეები და სხვა ფონდები ეხმარებოდნენ. მათთან თანხებს რიცხავდნენ ინდივიდუალური პირები, მათ შორის, ემიგრანტები, ასევე, ორგანიზაციები. მალევე, 2025 წლის თებერვალში, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ (ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი) მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით.
სწორედ ამ მუხლების საფუძველზე 29 აპრილს პროკურატურამ სასამართლოს თანხმობით გაჩხრიკა იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ეხმარებოდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებს. მათ შორის იყო ნანუკა ჟორჟოლიანი; მისი შვილი, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი და აქტივისტი მარიამ ბაჯელიძე, რომელიც ორსულად იყო და ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო იმყოფებოდა.
17 მარტს პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა იმ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ – „ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. იმავე ბრალდებით, უკვე აგვისტოში, დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები. მათ შორის იყვნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, ISFED, IDFI, GDI, „დემოკრატიის მცველები”, „საფარი” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
მედიამ ამ საქმეს “პირბადეების საქმე” უწოდა, რადგან პროკურატურის მტკიცებით, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
ჯარიმებისთვის ხალხი მაინც აგროვებდა თანხებს, ამჯერად ახლობლებისა და ოჯახის წევრების პირად ანგარიშებზე, დემონსტრანტების დასახმარებლად ბრიტანულ ბანკშიც გაიხსნა ანგარიში. რუსთაველის გამზირზე ისევ ყოველ დღე იკრიბებოდა ხალხი და ქუჩაზე მოძრაობაც იკეტებოდა. სხვადასხვა სიმბოლური თარიღის დროს დემონსტრანტთა რაოდენობაც იმატებდა და აქცია კვლავ მასშტაბური ხდებოდა.
2025 წლის მარტიდან დაიწყო აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სინდისის პატიმართა სასამართლო განხილვების რამდენიმე თვიანი პროცესი. 50 ადამიანის საქმეთა უდიდესი ნაწილი 3 მოსამართლეზე გადანაწილდა, მათ შორის იყვნენ – ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია და თამარ მჭედლიშვილი. სასამართლო დარბაზები დასწრების მსურველებს ვერ იტევდა, არამხოლოდ ახლობლები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც ყველა სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ და დარბაზიდან თუ სასამართლოს დერეფნებიდან და ეზოდან ამხნევებდნენ ბრალდებულებს. საზოგადოების ნაწილისთვის ბრალდების მტკიცებულებების ნაკლებობა თვალსაჩინო იყო. სხდომებზე მოწმედ გამოდიოდნენ პოლიციელები, რომლებიც ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ, ვერ ამბობდნენ, კონკრეტულად რა ან ვინ დააზიანეს. ზოგჯერ კი ბრალდებულებს სახეზეც ვერ ცნობდნენ, ისე ადანაშაულებდნენ მათ.
მედია დეტალურად აშუქებდა თითოეულ პროცესს, სხდომის განვითარება, ცალკეული ფრაზები, შედეგი – დღის მთავარი თემა ხდებოდა. საზოგადოებას აცნობდნენ არამხოლოდ ბრალდებულებს და მათ ოჯახის წევრებს, არამედ მოსამართლეებსაც, პროკურორებსაც და ცრუ მოწმეებსაც. ბრალდებულები ცნობილ მწერლებს ციტირებდნენ, სამართლებრივად ეკამათებოდნენ პროკურორებს, ეხმიანებოდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს, რაც ქარდებად და ვიდეოებად ვრცელდებოდა სოციალურ მედიაში. ბევრს საუბრობდნენ ადვოკატებისა და სინდისის პატიმრების ახლო ურთიერთობაზეც. “ვიცავდი ადამიანებს, რომლის ადგილას შეიძლება მეც ყოფილიყავი…”, – თქვეს შემდეგ ადვოკატებმა “ინდიგოს” ინტერვიუების სერიაში “სინდისის ადვოკატები“.
2025 წლის ივნისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ემხრობოდა. უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა 40% ამავე აზრს იზიარებდა.
განაჩენების გამოცხადებამდე, 2025 წლის 25 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა აკრძალა.
ამ აკრძალვის საპასუხოდ ჟურნალისტებმა სხდომებზე ილუსტრატორებთან ერთად დაიწყეს სიარული. ისინი სკეტჩებს ხატავდნენ და ასე ცდილობდნენ ვიზუალური მასალის შექმნას, პარალელურად ტექსტურად კიდევ უფრო დეტალურად გადასცემდნენ სხდომაზე მომხდარს. თავის მხრივ, პატიმრებიც აძლევდნენ მედიას საინფორმაციო საბაბს – აგზავნიდნენ წერილებს, ციხიდან რეკავდნენ გადაცემებში. მათმა უმრავლესობამ საჯაროობა და პოზიციების ღიად დაფიქსირება აირჩია.
საბოლოოდ გაამართლეს მხოლოდ 3 ბრალდებული – გიორგი ახობაძე, თედო აბრამოვი და ნიკა კაცია. სამივე მათგანს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. თუმცა იდენტურ დანაშაულში ბრალდებული უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს. ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს 8 წელი, ხოლო ანტონ ჩეჩინს – 2 წელი.
სხვა ყველა ბრალდებულსაც პატიმრობა მიესაჯა. მათ თავისუფლება 2-დან 5 წლამდე ვადით შეეზღუდათ. ახლობლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული. საერთაშორისო განცხადებებშიც ხშირად ისმოდა მოთხოვნა “პოლიტიკური პატიმრების” განთავისუფლების შესახებ.
სინდისის პატიმრების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, სამ მათგანს (გიორგი ახობაძეს, ონისე ცხადაძეს და გურამ მირცხულავას) კი ციხეში ყოფნისას მშობელი გარდაეცვალა. ხერხემლის გაუსაძლის ტკივილებზე, არასათანადო მოპყრობასა და ქალთა კოლონიის მძიმე პირობებზე ჩიოდნენ ანასტასია ზინოვკინა და ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, რომელიც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ადვოკატის თქმით, საკუთარი თავის მოვლა აღარ შეეძლო. მას პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალეს და 30 დღე მისცეს გადახდის ვადად, თუმცა საჭირო თანხა ნინო დათაშვილის მეგობრის ფეისბუკის პოსტის გამოქვეყნებიდან 8 წუთში შეუგროვა ხალხმა.
2 წლით პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელი, რომელმაც ციხეში ყოფნისას მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა. საქმის განხილვისას მზია საბრალდებო სკამზე არ დამჯდარა. საათობით მიმდინარე პროცესს ფეხზე მდგარი ისმენდა. პირველ პროცესზე ის გამოჩნდა ნობელიანტი მწერლის, მარია რესას წიგნით “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”, რომლის გარეკანიც მზიას მხარდამჭერებმა პლაკატებად დაბეჭდეს და საპროტესტო აქციებზე დაჰქონდათ. მზია ამაღლობელი ქართული პროტესტის სახე გახდა. მან არაერთი პრიზი მიიღო, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო – სახაროვის პრემია, სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის კი მას და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოც გადაეცა.
მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პოეტმა ზვიად რატიანმა რუსთაველის გამზირზე ასევე გააწნა სილა პოლიციელს. მან თქვა, რომ ეს სიმბოლური აქტი იყო. ზვიად რატიანსაც 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლო განხილვების პარალელურად, პატიმრების ოჯახის წევრებიც ახლოს გაიცნო საზოგადოებამ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ დედები, რომლებიც მედიასთან საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მოგვიანებით გაერთიანდნენ კიდეც. 3 მარტს, დედის დღეს, დედების მარში გაიმართა სახელწოდებით „ხელი გაუშვი, ჩემი შვილია“. აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
2 აპრილს კი თქვეს, რომ აფუძნებდნენ ახალ მოძრაობას „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“. ამის შემდეგ არამხოლოდ თბილისში საპროტესტო აქციებზე ჩნდებოდნენ ერთად, არამედ დაიწყეს ციხიდან გამოგზავნილი წერილებით აწყობილი გაზეთის დარიგება, პირადად ჩადიოდნენ სხვადასხვა რეგიონში და ხვდებოდნენ ხალხს ბაზრებსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში და უყვებოდნენ, რა უსამართლოდ იხდიდნენ სასჯელს მათი შვილები.
საქართველოში მიმდინარე აქციების დაშლის და დემონსტრანტებზე ძალადობის დაწყებიდან მალევე საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციებით უპასუხა ქართველ მაღალჩინოსნებს. 19 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებელ მაღალჩინოსნებს შინაგან საქმეთა სამინისტროში. კერძოდ: მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს;
იმავე დღეს აშშ-მ გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სანქცირებული ზვაიდ ხარაზიშვილის („ხარება“) მოადგილე, მირზა კერზევაძე. სანქცირების საპასუხოდ, 20 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა;
27 დეკემბერს აშშ-მ სანქცია დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. გადაწყვეტილების მიხედვით, „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
სანქციების დაწესება შემდეგ თვეებშიც გაგრძელდა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი… სანქცირებულებს შორის მაღალჩინოსნები, დეპუტატები და მოსამართლეები იყვნენ. მათ ამ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.
2025 წლის 6 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით, 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღო MEGOBARI აქტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირებას ითვალისწინებს. დოკუმენტი სენატის მხარდაჭერას ელოდება.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკა თანდათან ძლიერდებოდა. ისინი ჯერ ირწმუნებოდნენ, რომ “გლობალური ომის პარტია” ცდილობდა საქართველოში ომის დაწყებას, ხოლო შემდეგ – “დიპ სტეიტი”. მათი აზრით, დასავლური სტრუქტურები სწორედ “დიპ სტეიტის” გავლენის ქვეშ იყვნენ და ამიტომ ვერ ალაგებდნენ მათთან ურთიერთობას. რა იყო “დიპ სტეიტი”, ისეთივე გაურკვეველი დარჩა, როგორც “გლობალური ომის პარტია”. 2025 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო აღნიშნავდა, რომ “დიპ სტეიტი” “გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტია”.
“ქართული ოცნების” ამ რიტორიკას, დასავლეთის ქვეყნები საქართველოს საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადებებით პასუხობდნენ და პოლიტიკურ პატიმართა განთავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.
“ამ მთავრობას მთავრობად არ მოვიხსენიებ, არამედ ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ მიჰყვება”,- თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე.
საპროტესტო აქციების პარალელურად “ქართული ოცნება” ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებდა, ამკაცრებდა ჯარიმებს. უმრავლესობა მათგანს კი დაჩქარებული წესით იღებდნენ. საზოგადოება ამ კანონებს “რეპრესიულ კანონმდებლობას” უწოდებდა, რადგან სჯეროდათ, რომ ყველა ინიციატივის მთავარი მიზანი პროტესტის შეჩერება იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, არასრული ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისის პერიოდში, “ქართულმა ოცნებამ” წამოაყენა და დაჩქარებული წესით მიიღო 27 კანონის პროექტი. “ამ ფორმით მიღებული აქტების უმრავლესობა მიმართულია ძირითადი უფლებების შეზღუდვისკენ”, – წერია კვლევაში.
სანქციები გაიზარდა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესების დარღვევისთვის, გაიზარდა ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლების ჩამონათვალიც და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ცილისწამებაზე მტკიცების ტვირთი მომჩივნის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა. აიკრძალა თანამდებობის პირთა შეურაცხყოფა. ამ საფუძვლით დააჯარიმეს აქტივისტები და ტელეწამყვანები, რომლებმაც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” “ქართული ოცნების” წევრ მარიამ ლაშხს “მონა” უწოდეს. შეიცვალა საკანონმდებლო გარემო მაუწყებლებისთვისაც. მათ სრულად აუკრძალეს უცხოური საგრანტო დაფინანსების მიღება, ხოლო თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხები რეგულირებას დაუქვემდებარეს, ამის საფუძველზე “ქართულმა ოცნებამ” მათდამი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. ამ უწყებამ მაუწყებლები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ისეთი სიტყვების გამოყენებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, “რეჟიმი”, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი არ დააკისრა.
2025 წლის 1 აპრილს მიიღეს ე,წ, FARA, ამერიკული კანონის ვითომდა ანალოგი “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც ავალდებულებს როგორც იურიდიულ, ისე კერძო პირს, დარეგისტრირდეს აგენტად, თუ უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას. სამოქალაქო საზოგადოებებს ფაქტობრივად აუკრძალეს გრანტების მიღება, რადგან საგრანტო პროექტებზე თანხმობის მიღება მთავრობისგან სავალდებულო გახდა. ეს კი, ფაქტობრივად, გამორიცხავდა იმ სამოქალაქო თუ მედიაორგანიზაციებისთვის დაფინანსების მიღებას, რომლებიც სწორედ მთავრობის სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულს ამხელდნენ.
ამ ორმა კანონმა და უკვე მოქმედმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონმა, რომელსაც საზოგადოებამ “რუსული კანონი” უწოდა, სამოქალაქო საზოგადოება საგრძნობლად შეზღუდა. მათ, ფაქტობრივად, საარსებო არხი წაერთვათ იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და განსაკუთრებით, დამოუკიდებელი ონლაინ მედია დაფინანსებას ძირითადად იღებდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საელჩოების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებით. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სხვა წყარო ისედაც არ არსებობდა, მედიისთვის კი – ფინანსური შემოსავლების ალტერნატიული წყარო – სარეკლამო ბაზარი იმდენად მცირე იყო, მხოლოდ ასეთი ტიპის შემოსავლით არსებობას ვერ შეძლებდნენ. არ არსებობდა მკითხველის მიერ საწევროებისა და გამოწერის პრაქტიკაც.
ამის გამო გაჩერდნენ არამხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშები “პირბადეების საქმის” გამო დააყადაღეს, არამედ – სხვებიც, რადგან დაფინანსების სხვა წყაროები აღარ არსებობდა. ნაწილმა კი წინა წლებში დაწყებული პროექტებიდან შემორჩენილი თანხით შეძლო არსებობის გაგრძელება, ზოგმა ორგანიზაციამ მოხალისეობრივად გააგრძელა მოქალაქეების დახმარება, მათ შორის იყვნენ სამართლებრივი თუ სხვა სერვისების მიმწოდებლები. აქციებზე ადმინისტრაციული წესით ისევ აკავებდნენ დემონსტრანტებს და მათ უმრავლესობას საადვოკატო დახმარებას სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტები ისევ უსასყიდლოდ უწევდნენ.
სამოქალაქო საზოგადოებამ ეს შემზღუდველი კანონები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ, რომელსაც ე.წ. FARA-ს და გრანტების შესახებ კანონის აღსრულების პასუხისმგებლობა დაეკისრა, მონიტორინგი მალევე დაიწყო და ასამდე სამოქალაქო ორგანიზაციისგან და ოთხი მედიაორგანიზაციისგან მოითხოვა დიდი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, რაც ორგანიზაციებმა არ მისცეს, რადგან უკანონოდ მიიჩნიეს. ანტოკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს მიმართა და სასამართლომ დაავალდებულა ორგანიზაციები, რომ მიეცათ მოთხოვნილი ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებამ შედეგი არ გამოიღო. მოსამართლეებმა ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით იდენტურად იმოქმედეს და ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ორგანიზაციები იძულებულნი გახდნენ, ინფორმაცია მიეცათ. ნაწილმა მათგანმა მისცა არასრული ინფორმაცია, ნაწილმა სრულად მისცა, ნაწილმა კი უარი უთხრა. თუმცა, შემდეგ საქმეს გაგრძელება აღარ მოჰყოლია.
ამ წერილების დაგზავნიდან მალევე “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ აუქმებენ ანტიკორუფციულ ბიუროს და მის ფუნქციებს აუდიტის სამსახური შეითავსებდა.
2025 წლის მაისიდან დააპატიმრეს იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობდნენ, გამონაკლისი მხოლოდ გიორგი გახარია იყო, საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი “ქართული ოცნების” მმართველობის დროს. დაპატიმრების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა. ეს კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შეიქმნა, რათა, როგორც თვითონ თქვეს, 13 წლის წინ მოქმედი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროინდელი საქმიანობა შეესწავლა.
ჩვენების მისაცემად გამოიძახეს არამხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც გავლენიანი პირები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, არამედ მაგალითად “გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი” ზურა ჯაფარიძეც, რომელიც პოლიტიკაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მივიდა. პარტიის ლიდერებმა უარი თქვეს კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, რადგან პარლამენტს ლეგიტიმურად არ მიიჩნევდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ მას. მათ გირაო შეუფარდეს, რომელიც არ გადაიხადეს. ამის შემდეგ პოლიტიკოსები დააპატიმრეს. კიდევ ერთი პარტიის “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დააკავეს, მანაც უარი თქვა გირაოს გადახდაზე, ამიტომ მასაც პატიმრობა შეუფარდეს.
2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდებოდა. ქუჩაში ხალხის პროტესტი გრძელდებოდა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, მონაწილეობა გადაწყვიტეს “ლელომ” და “გახარია საქართველოსთვის”. ამ დროს “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, დაპატიმრებულები იყვნენ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 5 სექტემბერს “ქართული ოცნების” მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორივე მათგანი შეიწყალა, მიზეზად არჩევნებში მათი მონაწილეობა დასახელდა. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საპატიმრო იმ დღესვე დატოვეს. არჩევნებში ყველგან “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თუმცა 4 ოქტომბერი არჩევნების გარდა სხვა მოვლენებითაც იყო გამორჩეული. ამ დღეს საპროტესტო აქცია დაიგეგმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინიციატივით. მას შეუერთდნენ “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები და პაატა ბურჭულაძე, ცნობილი ოპერის მომღერალი. ისინი ამბობდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი რუტინული გახდა და საჭირო იყო აქტიურობა. მათ 4 ოქტომბერს “მშვიდობიანი რევოლუცია” დააანონსეს, თუმცა იმ ერთ დღეს, დათქმულ დროს, როგორ უნდა შეეცვალათ ხელისუფლება, საჯაროდ არ გაუმხელიათ. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის დაგეგმილი რევოლუცია მიუღებელი აღმოჩნდა და ორგანიზებაში არ ჩართულან.
4 ოქტომბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, 11 სექტემბერს, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია “ფორმულადან” გამოსვლისას დააკავეს. პროკურატურის განმარტებით, მას ბრალად ედებოდა საჯაროდ ქრთამის შეთავაზება. ბრალდების მტკიცებით, ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარს დაჰპირდა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარს იტყოდნენ. პატიმრობა შეუფარდეს ხაბეიშვილსაც.
4 ოქტომბერს, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ფაქტობრივად უკონკურენტო არჩევნებში გამარჯვებას მთაწმინდის პარკში მდებარე რესტორანში აღნიშნავდა, რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. არჩევნებზე ხალხის დიდი ნაწილი არ წავიდა. ამომრჩეველთა რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 13-ჯერ ნაკლები იყო.
სამაგიეროდ ხალხი მივიდა რუსთაველზე. მომიტინგეები ჯერ კიდევ ემატებოდა აქციას, როდესაც სცენიდან თქვეს, რომ ათონელზე, პრეზიდენტის სასახლისკენ უნდა დაძრულიყვნენ. მალევე, სასახლესთან რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა და დაეჯაჯგურა შენობის რკინის ღობეს, რომელიც მოულოდნელად, მალევე, გადავარდა. ამის შემდეგ სასახლიდან გამოჩნდა სპეცრაზმი, რომელმაც ცრემლსადენი გაზი გაუშვა. რუსთაველზე შეკრებილების დიდი ნაწილი ათონელისკენ არც დაძრულა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი.
პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ მოუწოდეს მომიტინგეებს ათონელზე მდებარე სასახლისკენ წასვლა და, ზოგადად, რა გეგმა ჰქონდათ ორგანიზატორებს, როგორ უნდა მომხდარიყო “მშვიდობიანი რევოლუცია”.
აქციის ორგანიზატორები იმავე ღამეს დააკავეს, შემდეგ კი, ეტაპობრივად, დემონსტრაციის 45 მონაწილეც დაიჭირეს. ყველას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში დასდეს ბრალი, ნაწილს კი სტრატეგიული შენობის ბლოკირებაში. გამონაკლისი იყო მხოლოდ 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომლის დაკავებასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის გირაოთი გაათავისუფლეს.
4 ოქტომბრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალხი გააფრთხილა, რომ მომდევნო დღეებში გამართულ ნებისმიერ შეკრებას “4 ოქტომბრის” გაგრძელებად მიიჩნევს. ხალხი მაინც გავიდა ქუჩაში და ისევე აგრძელებდა პროტესტს, როგორც ეს 4 ოქტომბრამდე იყო – მცირე ჯგუფი იკრიბებოდა პარლამენტის წინ და რუსთაველის გამზირს რამდენიმე საათით კეტავდა.
პარალელურად დაიწყო “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები კორუფციის ბრალდებით. მათ შორის იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ბრალი წაუყენეს ყოფილ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მისი და სხვა მაღალჩინოსნების სახლები გაჩხრიკეს და ამოიღეს 7 მილიონი დოლარი და ძვირფასი ნივთები. ღარიბაშვილს 1 მილიონი ლარის გირაო დააკისრეს.
ამ დროისთვის უკვე თანამდებობიდან იყვნენ გათავისუფლებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლაში მონაწილე ძალოვნების დიდი ნაწილი, რომლებიც ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. მათ შორის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე – ხარება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კი თვითმკვლელობა სცადა.
დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გამკაცრდა – სახის დაფარვა და გზის ხელოვნურად გადაკეტვა ჯარიმის ნაცვლად ახლა უკვე პატიმრობით დასჯადი გახდა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი უკვე სისხლის სამართლით დაპატიმრება გახდა შესაძლებელი.
რუსთაველის გამზირს ხალხი მაინც კეტავდა. დემონსტრანტების დაკავებები გახშირდა. აკავებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადადიოდა, ხალხი კი ერთმანეთს ენაცვლებოდა, გადადიოდა გზაზე და რამდენიმე წუთით დემონსტრაციულად კეტავდა გზას. იჭერდნენ ჟურნალისტებს, მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, იურისტებს, დევნილებს — სხვადასხვა ასაკის ხალხს და რამდენიმე დღით პატიმრობას უსჯიდნენ ყველას.
დაიწყეს იმ კანონის აღსრულებაც, რომლითაც სახის დაფარვა აღარ შეიძლება. პოლიცია თავისუფლების მეტროსთან იდგა და ხალხს აჩერებდა. ართმევდნენ პირბადეებს და “ლუქავდნენ” როგორც მტკიცებულებას. აქციის ზოგიერთი მონაწილე დემონსტრაციულად იკეთებდა სამედიცინო პირბადეს.
მას შემდეგ, რაც შსს-მ დიდი რაოდენობით საპოლიციო დანაყოფები ჩააყენა მთელი გამზირის ორივე მხარეს, დემონსტრანტები ვეღარ გადავიდნენ გზაზე, მაგრამ გამზირი თავად პოლიციამ დაკეტა. 2025 წლის ნოემბრის მეორე ნახევრიდან საპროტესტო აქციამ მოძრაობა ქალაქის ქუჩებში დაიწყო. მარშით მიემართებოდნენ ქალაქის ვიწრო ქუჩებში და გზებიც ბუნებრივად იკეტებოდა, რადგან დიდი რაოდენობის გამო ხალხი ტროტუარზე ვეღარ ეტეოდა. მსვლელობას ხშირად წინ მიუძღოდა ნინო ჟვანია და მისი კოლეგები დასარტყამი ინსტრუმენტით – საპროტესტო რიტმის შესაქმნელად. დადიოდნენ დემონსტრანტები და დაჰყვებოდა პოლიცია, რომელიც ხან მიწისქვეშა გადასასვლელს უკეტავდა, ხან არც ტროტუარზე არ აძლევდა მსვლელობის გაგრძელების უფლებას.
22 ნოემბრიდან პოლიციამ უკვე ტროტუარიდან დაიწყო ხალხის დაკავება. მოულოდნელად სტაცებდნენ ხელს დემონსტრანტს და მიარბენინებდნენ მანქანისკენ. მაგალითად, ვანო სხირტლაძე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციის სახესთან სათამაშოს აჭყვიტინებდა. მეორე დღეს ხალხი იმავე სათამაშოთი მივიდა და ჭყვიტინი დაიწყო. აქტივისტები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ არ ეშინიათ, ამიტომ ხან ვისაც დააკავებდნენ, მის ხმას ასმენინებდნენ პოლიციას და ხან მისი გამოსახულებიანი ფიგურა მიჰქონდათ და დემონსტრაციულად დებდნენ პოლიციის წინ.
პროტესტის მონაწილეებთან ერთად განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა მედია. გარდა იმისა, რომ კანონმდებლობით, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირება შეიზღუდა, ჟურნალისტებს პერმანენტულად თავს ესხმოდა შსს-ს წარმომადგენლები თუ გაურკვეველი ჯგუფები. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, „2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე […] მედიის წინააღმდეგ 600 თავდასხმა აღირიცხა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმები, არამართლზომიერი ჯარიმები, დაკავებები, მუქარა, აკრედიტაციის შეჩერება და სხვა. დარღვევების მზარდი მაჩვენებელი პოლიტიკური კონტროლის უპრეცედენტო ზრდასა და დაჩქარებულ გამკაცრებაზე მიუთითებს, რაც ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების დისტანცირებას ევროპული დემოკრატიული სტანდარტებისგან.“
პროტესტის დასაკნინებლად, “ქართული ოცნება” პროპაგანდისა და მანიპულაციის სხვადასხვა ხერხს იყენებდა, მომიტინგეებს აკრავდნენ სხვადასხვა იარლიყებს და მათ დემონიზებას ცდილობდნენ.
ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი იყო გამოსული, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებდა, რომ დემონსტრაციაზე 5000 ადამიანი იდგა. ის ირწმუნებოდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა – საპირისპიროს ამტკიცებდნენ საქართველოს ევროპელი პარტნიორები, რომლებიც საერთაშორისო ტრიბუნებიდან აკრიტიკებდნენ ქართულ ოცნებას.
რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის მარგინალიზებას მთელი წელი ცდილობდა “ქართული ოცნება”. მათ უწოდებდნენ “რადიკალებს”, “უსამშობლოებს”, “მავნებლებს”, რომლებიც უცხოეთიდან იმართებოდნენ. უცხოეთის აგენტებად მოიხსენიებდნენ მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებდა მიმდინარე პროტესტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ. ავრცელებდნენ ნარატივს, რომ იმდენად ცოტა ადამიანი იკრიბებოდა, ყურადღების მიქცევადაც არ ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, პროტესტის დაწყებიდან მეათე თვეს, რუსთაველის გამზირი ისევ ათასობით ადამიანმა გაავსო.
პარტიას ნარატივების გავრცელებაში აქტიურად ეხმარებოდნენ ტელეკომპანიები “იმედი”, “რუსთავი 2”, “პოსტვ” და მათი გვერდები სოციალურ ქსელში. თვალსაჩინო იყო ტროლებისა და ბოტების ჩართულობაც. ISFED-ის კვლევის მიხედვით, სულ მცირე 25 ონლაინ საინფორმაციო სააგენტო იყო “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული, ისინი პარტიისგან ფინანსდებოდნენ და შესაბამისად მის ნარატივს ავრცელებდნენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდიდან აქტიურად შემოიტანეს ახალი სიტყვა პროტესტში ჩართულ ადამიანების დემონიზებისთვის, მათ “აკაცუკებად” მოიხსენიებდნენ. “აკაცუკები” ანიმეს გმირები არიან, შინაარსობრივად თბილისში მიმდინარე აქციას არაფრით უკავშირდებიან, თუმცა პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები აქტიურად იყენებდნენ მას.
ამის შემდეგ დემონსტრანტების აღსაწერად კიდევ ერთი სიტყვა დაამატეს “დახელფასებული” და ასე შეეცადნენ დამცირებას და იმ ნარატივის გამყარებას, თითქოს აქციაზე მყოფებს ფულს “დიპ სტეიტი” თუ “გლობალური ომის პარტია უხდის”.