EN

პროტესტი არჩევნების შემდეგ

left arrow

2024

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2024 წლის 28 ოქტომბერი – 27 ნოემბერი

პროტესტის გავრცელება

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საზოგადოების ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევდა

ლიდერები/ორგანიზატორი

“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ნაციონალური მოძრაობა”

მთავარი მოთხოვნა

არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების ჩატარება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

დაიბრუნე შენი ხმა

პროტესტის შედეგი

არ მოჰყოლია

“რუსული კანონის” მიღების გამო ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მოლოდინით შეხვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით შეცვლიდნენ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სატელევიზიო არხებზე გამოქვეყნებული ეგზითპოლების შედეგები ოპოზიციის გამარჯვებას აჩვენებდა.  ეთერში ოპოზიციის ზეიმს აჩვენებდნენ.  მალევე საპირისპირო შედეგი გამოაქვეყნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. წინასწარ დათვლებით, არჩევნებში მმართველი პარტია  “ქართული ოცნება” იმარჯვებდა. ოპოზიციამ შედეგები გაყალბებილად გამოაცხადა,  კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო და პარალელურად ხალხს ქუჩაში აქციებზე გასვლისკენ მოუწოდა. 28 ოქტომბერს რუსთაველზე პირველი დემონსტრაცია ჩატარდა. ამ დღესვე ოპოზიციურმა პარტიებმა შეკრებილებს უთხრეს, რომ არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს, არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. ოპოზიციამ ახალი არჩევნები მოითხოვა. საქართველოს პრეზიდენტმაც 28 ოქტომბერს მოუწოდა საზოგადოებას, პარლამენტთან შეკრებით დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა რუსთაველზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა მკვეთრად მცირე იყო გაზაფხულზე “რუსული კანონის” გამო შეკრებილ დემოსტრანსტებთან შედარებით. 

2 ნოემბერს ტვ პირველზე გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” ჟურნალისტური გამოძიება გავიდა, საიდანაც ცნობილი გახდა იმ სხვადასხვა ხერხის შესახებ, რაც “ქართულმა ოცნებამ” ხმების მოსაპოვებლად და გასაყალბებლად გამოიყენა. ამის მტკიცებულებებს აქვეყნებდნენ პარტიებიც და სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც. 

სასამართლოში შეიტანეს სარჩელებიც, მათ შორის ხმის ფარულობის დარღვევაზე, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ამტკიცებდა, რომ ელექტრონულ აპარატებში საარჩევნო ბიულეტინის მოთავსების დროს შესაძლებელი იყო იმის დანახვა თუ რომელი კანდიდატი იყო შემოხაზული, რადგან მელანი უკანა მხარეს ჟონავდა. ამის გამო ამ აქციების სიმბოლო გახდა თეთ ფონზე შავი წერტილი. 

4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. მისი გადაწყვეტილება მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

იმავე საღამოს პარლამენტის წინ შეკრებინებს ოპოზიციურმა პარტიებმა თქვეს, რომ სამი მიმართულებით აპირებდნენ მუშაობას: არჩევნების გაყალბების შესახებ ყველასთვის ინფორმაციის მოძიება, დემოკრატიული მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ არ ეღიარებინათ არჩევნები და სამოქალაქო წინააღმდეგობა, რასაც ძირითადად აქციებში ხედავდნენ. 

აქცია იმ დღესაც დაიშალა, პოლიტიკოსებმა ხალხი მეორე დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან დაიბარეს. თუმცა მეორე დღეს გეგმა შეიცვალა, ხალხს 3 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდეს, რადგან ამ დროს სასამართლოში დაინიშნა, არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. აქციის დრო და ადგილი უკვე შეცვლილი იყო, როდესაც სასამართლო სხდომა გაუქმდა

შემდეგ დღეებში საპროტესტო აქციები სხვადასხვა ადგილას ყოველ დღე იმართებოდა,. 9 ნოემბერს ოპოზიციის ნაწილი ცხრა ნოემბერს კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან” ერთად მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბა, ნაწილი კი – მეტრო სადგურ უნივერსიტეტთან, საიდანაც მსვლელობას მოუძღოდა  “კოალიცია ცვლილებისთვის”. ორივე მსვლელობა გმირთა მოედანზე შეერთდა. 

11 ნოემბერს თბილისში მყოფი გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

იმ დღეს აქციაზე  შვედი გარემოსდამცველი აქტივისტის გრეტა თუნბერგიც გამოჩნდა. ის ჩამოვიდა  ბაქოში კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების გასაპროტესტებლად. მან აქცია თავისუფლების მოედანზე ჩაატარა და შემდეგ შეუერთდა ახალი არჩევნების მოთხოვნით რუსთაველზე შეკრებილებს.

14 ნოემბრიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობაში დაიწყეს არჩევნების გაყალბების გაპროტესტება. “არ შევეგუებით”, “ხმის ქურდებმა მომავალიც მოგვპარეს” – ეწერათ ბანერზე.  მათ მსგავსად უნივერსიტეტიდან არ გადიოდნენ და ღამეს ფოიეში ათენებდნენ ილიას უნივერსიტეტის და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტებიც. მათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გამოაქვეყნეს მანიფესტი, სადაც თქვეს რომ არ სცნობენ არჩევნების შედეგებს. 

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

მეორე დღეს საღამოს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის მიერ მორგანიზებული მარში, რომელიც ვაკის პარკიდან დაიწყო, სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაჩერდა. ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და გიორგი ვაშაძემ განაცხადეს რომ ვარაზის ხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე დარჩებოდნენ და იქ გაათენებდნენ ღამეებს. ჩადგეს კარვებიც. მოძრაობა შეიზღუდა მიმდებარე ქუჩებზე. “თავისუფლება ავიღოთ ხელში” – გააკრეს დიდი ბანერი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოს ღობეზე. ის ღამე კარვებსა და გზაზე დანთებულ კოცონთან გაატარეს.

ასეთივე მშვიდობიანი ვერ გამოდგა მეორე ღამე. მოქალაქეებმა გადაიღეს კადრები რომელიც ასახავს თუ როგორ  შეუშვეს სპეცრაზმი თსუ-ს შენობაში, საიდანაც შემდეგ გამოვიდნენ და 19 ნოემბერს, გამთენიისას აქცია დაშალეს, აიღეს კარვები და დააკავეს დემოსტრანტები, შსს-ს ცნობით 16 ადამიანი. მათ შორის იყო 21 წლის მათე დევიძე, რომელიც ჯერ ადმინისტაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და შემდეგ, როცა იზოლატორი უნდა დაეტოვებინა, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს, მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, რასაც მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 12 ივნისს მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

19 ნოემბერს დაკავებულები ჰყვებოდნენ, რომ სამართალდამცავები დაკავების შემდეგაც აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის პოლიციამ უნივერსიტეტთან დაბრუნებული აქციის მონაწილეები ისევ იძულებით გადაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე. 8 საათისთვის  „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ შეკრებილებს უთხრა, რომ გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.

იმავე დღეს სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლა მოახერხა. ისინი ამბობენ, რომ შენობას არ დატოვებდნენ მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნა რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომის შესახებ. ეს მოთხოვნა მას შემდეგ დააყენეს, რაც 19 ნოემბრის დილას თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში სპეცრაზმის შესვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

პარალელურად, გარეთ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გრძელდებოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია. დემონსტრანტებმა კარვები ისევ გაშალეს და იმ ღამის გათენებასაც აპირებდნენ. 

22 ნოემბრისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და აუდიტორია 023-ში კვლავ რჩებოდნენ სტუდენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას, მეორე მხრივ კი საპროტესტო აქციაზე დაკავებული თანამებრძოლების (მათე დევიძის და სხვების) გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

იზოლატორში მშრალი შიმშილობა დაიწყო 19 ნოემბერს დაკავებულმა ისაკო დევიძემ. 23 ნოემბერს ის კლინიკაში გადაიყვანეს. მას 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 27 ნოემბერს ამოეწურა, რის შემდეგაც იზოლატორი დატოვა. 

23 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქციამ თსუ-ს პირველი კორპუსიდან  გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. იქვე თქვეს, რომ მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას გააცნობდნენ საზოგადოებას. რა გეგმა ჰქონდა ოპოზიციას და რა შედეგი უნდა მოეტანა სხვადასხვა ადგილას აქციების გამართვას ბუნდოვანი რჩებოდა. აქციებიც აღარ იყო ისეთი ხალხმრავალი როგორიც ნოემბრის ოქტომბრის ბოლოს. 

25 ნოემბერს პარლამენტში სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრების ესწრებოდნენ. პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართებოდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ მმართველმა გუნდმა “ქართულმა ოცნებამ” “კონსტიტუცია თავზე დაიხია”.

ასე მივიდა ოპოზიცია 2024 წლის 28 ნოემბრამდე, როდესაც იმ დღეს პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამ განცხადებამ მინავლებული საპროტესტო მუხტი ხელახლა გააღვივა და ფართომასშტაბიანი აქციები და წინააღმდეგობა დაიწყო. 

Media

ოპოზიციის მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 2024 წლის 9 ნოემბერი

ოპოზიციის მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან, 2024 წლის 9 ნოემბერი

ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"