2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში მასშტაბური პროტესტი რევოლუციით და ხელისუფლების ცვლილებით დასრულდა. “ვარდების რევოლუცია” საქართველოს ისტორიას შემორჩა მოვლენად, რომელმაც ქვეყნის დასავლური კურსი მკვეთრად გამოკვეთა და დემოკრატიულ განვითარების შანსი გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი 2003 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართებოდა, მოვლენების ესკალაცია 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმის კითხვა იყო: „თანახმა ხართ თუ არა, რომ დეპუტატთა რიცხვი 235-იდან 150-მდე შემცირდეს“. ამ არჩევნებისთვის დაწესებული იყო 7%-იანი ბარიერი.
ევროსაბჭო და აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებდა.
არჩევნების წინ ხდებოდა ინციდენტებიც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. მაგალითად, 1 ნოემბერს ახალციხეში, „ახალი მემარჯვენეების“ ოფისი ააფეთქეს, ორი ადამიანი დაშავდა. უფრო ადრე, 29 ოქტომბერს ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზვიად ჩოხელს თავს დაესხნენ – ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან და მანქანა აუფეთქეს.
არჩევნებში მონაწილეობდნენ სახელისუფლებო პარტიები: „ახალი საქართველოსთვის“ („მოქალაქეთა კავშირის“ შექმნილი ალიანსი, სადაც შედიოდნენ სოციალისტები და სხვა პატარა პარტიები) და „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ (მოიხსენიებდნენ როგორც „აღორძინება“). პირველს მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, მეორეს კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ასლან აბაშიძე.
არჩევნებზე ოპოზიციას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ის 2001 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, როცა კორუფციაში დასდო ბრალი და დაუპირისპირდა მთავრობის რამდენიმე წევრსა და თბილისის პოლიციის მაშინდელ უფროსს, სოსო ალავიძეს. მან “მოქალაქეთა კავშირი” დატოვა და “ნაციონალური მოძრაობა” დააფუძნა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბლოკში შედიოდნენ რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიები.
იმავე 2001 წელს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ზურაბ ჟვანია. მან მალევე, 2002 წლის ივლისში, დააფუძნა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში პარტიამ მონაწილეობა მიიღო „ბურჯანაძე-დემოკრატების“ სახელით. ამ გაერთიანების წევრი იყო ნინო ბურჯანაძეც, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე.
არჩევნებში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა „ახალი მემარჯვენეები“, რომლის დამფუძნებლები დავით გამყრელიძე და ლევან გაჩეჩილაძე ასევე 2001 წელს გამოეყვნენ მმართველ პარტიას „მოქალაქეთა კავშირს“.
საარჩევნო სიაში იყო „ლეიბორისტული პარტიაც“ შალვა ნათელაშვილის ხელმძღვანელობით და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, რომელსაც გოგი თოფაძე ხელმძღვანელობდა.
2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა უცხოელი მეთვალყურეების რეკორდული რაოდენობა. გაყალბების გამოსარიცხად პირველად გამოიყენეს როგორც მარკირება, ასევე ეგზიტპოლისა და პარალელური დათვლის მეთოდები.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა იყო, ამ მიზეზით „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართა, ხმის მიცემისთვის გამოყოფილი დრო გაზრდილიყო. ცესკოს გადაწყვეტილებით, იმ დღეს თბილისში საარჩევნო უბნები 20:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიხურა, ქუთაისში კი – 24:00 საათზე.
იმავე ღამით, როცა ცესკოს შედეგები ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით გამარჯვება აღნიშნა. ამ გამოკვლევით შედეგები ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ – 20,8%, „ახალი საქართველოსთვის“ – 12,9%, „ლეიბორისტული პარტია“ – 12,8% და „ბურჯანაძე-დემოკრატები“ – 7,6%.
ეგზიტპოლის მსგავსი იყო პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ატარებდა, ამ შედეგების მიხედვითაც იმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,26%, შემდეგ მოდიოდა „ახალი საქართველოსთვის“ – 18,92%, „ლეიბორისტული პარტია“ – 17,36%, „ბურჯანაძე-დემოკრატები“ – 10,15%, „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ – 8,13%, „ახალი მემარჯვენეები“ – 7,99%
განსხვავებული იყო ცესკოს წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, სახელისუფლებო ბლოკი ლიდერობდა 27,6%-ით; შემდეგ მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ – 23%; „ლეიბორისტული პარტია“ – 16,1%; „ბურჯანაძე-დემოკრატები“ – 9,6% და „ახალი მემარჯვენეები“ – 8,7%;
ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნია. მტკიცებულებებს აქვეყნებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”, რომელიც ოპოზიციისადმი ლოიალურ მაუწყებლად მიიჩნეოდა. “შოკირებულები ვიყავით იმით, რაც 2 ნოემბერს თბილისის საარჩევნო უბნებში ვნახეთ: ხალხს, რომელიც შაბათამდე დარწმუნებული იყო, რომ სიაში ირიცხებოდა, კვირას ხმის მიცემის უფლება წაერთვა, სიაში არარსებობის გამო”, – თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტომ კოქსმა.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო არჩევნების სწორად ადმინისტრირება. პრობლემებს შორის ორგანიზაციამ ჩამოთვალა: ამომრჩევლების სიაში უზუსტობა, რამაც ამომრჩეველთა ნაწილს ხმის მიცემის უფლება შეუზღუდა; დამკვირვებლებზე ზეწოლა; ბიულეტენების ჩაყრა. აშშ შეშფოთებული იყო საარჩევნო დარღვევების გამო. ევროსაბჭოსა და ეუთო-ს გენერალურმა მდივნებმა ვალტერ შვიმერმა და იან კუბიშმა თქვეს, რომ პოლიტიკური ნების არქონის გამო საქართველომ ვერ შეძლო საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარება.
4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია საკრებულოს შენობაში შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ, რომ ხმების დასაცავად ერთიან ფრონტს შექმნიდნენ. მათ შეუერთდა „ერთობის“ ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილიც. ოპოზიციამ ხელისუფლებასა და ცესკოს „არჩევნების ობიექტური შედეგების“ გამოსაქვეყნებლად ვადა 18:00 საათამდე მისცა. ამ დროს ჩაინიშნა აქციაც. ჟვანიამ მომხრეებს ფილარმონიაში შეკრებისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხალხის შეკრებამდე სპეცდანიშნულების რაზმი განალაგა თბილისის ცენტრში. ფილარმონიაში მივიდნენ ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. აქციის დასასრულს ზურაბ ჟვანიამ შეკრებილებს მოუწოდა: “დავიწყოთ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ჩავუაროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემდეგ პარლამენტს, რომელსაც სახელისუფლებო ბლოკი ოკუპაციას უპირებს. წავიდეთ და შევუერთდეთ ჩვენს პარტნიორებს – ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც საკრებულოს წინ შეიკრიბნენ”.
თავისუფლების მოედანზეც ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მიხეილ სააკაშვილმა კი მოთხოვნა გააცნო საზოგადოებას: „ან პრეზიდენტი აღიარებს ოპოზიციის გამარჯვებას, ან ხვალ დილამდე უნდა გადადგეს თანამდებობიდან“. „ახალი მემარჯვენეები“ აქციას არ შეუერთდნენ, „ლეიბორისტებმა“ კი დაგმეს ეს შეკრება. საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და თქვა: “ მუქარა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პარტია არ მიიღებს გარკვეულ პროცენტებს არჩევნებში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს, დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაისჯება აუცილებლად კანონის ძალით”. აქცია საღამოს დაიშალა, ხელისუფლებას კი არჩევნების “ობიექტური შედეგების” გამოსაქვეყნებლად დრო მომდევნო დღის 12:00 საათამდე მისცეს.
ოპოზიციის მიერ დათქმული დროისთვის არაფერი შეცვლილა. ამიტომ ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი გაგრძელდა. ამის პარალელურად „აღორძინებამ“, თბილისში აქციის გამართვა გადაწყვიტა. აჭარის უმაღლესმა საბჭომ 7 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს უმაღლესი პოლიტიკოსის და სამხედრო პირის თანამდებობა მიანიჭა. ამით მას სამხედრო ფორმირების ყოლის უფლება მისცეს. 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინსა და საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – პუტინმა შევარდნაძეს „სრული მხარდაჭერა აღუთქვა“. შევარდნაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ასლან აბაშიძემაც.
13 ნოემბერს „რუსთავი 2-ს” ცესკომ აკრედიტაციები გაუუქმა, რისი საფუძველიც ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ვიდეორგოლის ეთერში გაშვება გახდა. კმარელები ცესკოს აფრთხილებდნენ, არ დახმარებოდა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში.
უკვე 11 ნოემბერს ოპოზიციონერების ნაწილმა („ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და დეპუტატებმა გიორგი ხევიაშვილმა და ლადო ჭიპაშვილმა) პრეზიდენტისგან ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების აღიარების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მათ შეუერთდა „ბურჯანაძე – დემოკრატების“ წარმომადგენელი ვასილ მაღლაფერიძე. 12 ნოემბერს კი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურები მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში ძალა გამოეყენებინათ. პარალელურად ოპოზიციამ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. 14 ნოემბრის საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის ალყით დასრულდა. ათიათასობით ადამიანმა რამდენიმე კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო პრეზიდენტის ოფისს. “გადადექი”, “წადი” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები. ამ დღის აქცია ერთ-ერთი მასშტაბური იყო. გაზეთი 24 საათი აქციის მონაწილეთა რაოდენობას 50 000-მდე ითვლის.
18 ნოემბერს თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო, რომელიც ოპოზიციას შეხვდა. იმ დღეს ხელისუფლებამ აჭარიდან ჩამოყვანილი მომიტინგეები ჯერ სპორტის სასახლეში შეკრიბა, შემდეგ კი აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართა. სახელისუფლებო ბლოკისა და “აღორძინების” ერთობლივი აქციის ოფიციალური დევიზი სისხლისღვრისგან საქართველოს გადარჩენა და “ქვეყანაში კონსტიტუციური მართლწესრიგის შენარჩუნება” იყო. დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად ოპოზიციის მომხრეები თავისუფლების მოედანზე იკრიბებოდნენ.
19 ნოემბერს თანამდებობა დატოვა ზაზა შენგელიამ, ტელე-რადიოდეპარტამენტის (ასე ერქვა სახელმწიფო ტელევიზიას) თავმჯდომარემ. ბოლო განცხადებაში მან ედუარდ შევარდნაძე გააკრიტიკა. მის გადადგომას წინ უძღოდა პირველი არხის მუშაობის გამო პრეზიდენტის საჯარო უკმაყოფილება.
ქუჩის აქციების პარალელურად უნივერსიტეტებში საპროტესტო მუხტის გაღვივებას ახალგაზრდული მოძრაობა “კმარა” და “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტის” წევრები ცდილობდნენ. ასე მოიხსენიებდნენ მწერლებისა და ხელოვანების ჯგუფს, რომელიც პროტესტში აქტიურობდნენ. მათ შორის იყვნენ მწერლები ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი, დავით მაღრაძე, დავით გოგიბედაშვილი, აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, გიგი თევზაძე, გოგა ხაინდრავა, ირაკლი კაკაბაძე.
2003 წლის 19 ნოემბერს სტუდენტებთან შეხვედრა მათ სტუდენტებთან შეხვედრა თსუ-ს სააქტო დარბაზში გადაწყვიტეს. ადმინისტრაციისგან თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, მწერლები და სტუდენტები შენობაში მაინც შევიდნენ. “თუ თქვენ არ ჩაერევით პოლიტიკაში, თქვენს მაგივრად თქვენს ბედს სხვები გადაწყვეტენ,” – ასეთი იყო გამომსვლელთა პათოსი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდები სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო კომიტეტის სიებში ეწერებოდნენ. “სტუდკავშირის წევრი დაჩი ცაგურია კი ყვიროდა, – დარბაზი დაცალეთ, KBH-ის რეპეტიცია იწყებაო, – მაგრამ მისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია”, – წერდა გაზეთი 24 საათი.
სტუდენტები შეიკრიბნენ სამხატვრო აკადემიის ეზოშიც. მათ დიდი, გრძელი ნაჭერი გამოიტანეს და ერთად ხატავდნენ. საღებავით დათხვრილი სტუდენტების გარშემო მათი მეგობრები დადიოდნენ და მხატვრებს დოლის ხმით ამხნევებდნენ. ნაჭერზე სხვადასხვა განწყობის ნახატები იქმნებოდა: შავ წრეში ჩახატული ციფრები 666, მის გარშემო კი ისრები წარწერით STOP. იყო მზე და ყვავილებიც. შორიახლოს შავ ფიგურას “წადი ძმაო” ჰქონდა მიწერილი.
აქცია იმართებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახლანდელი ილიაუნი). სტუდენტები სოლიდარობას უცხადებდნენ თანატოლ გიორგი მშვენიერაძეს და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მშვენიერაძე 2003 წლის არჩევნებს აჭარაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აკვირდებოდა, გაყალბებული ბიულეტენების აღმოჩენის შემდეგ კი დააკავეს და იზოლატორში ჰყავდათ. “ისიც ჩვენსავით სტუდენტია. ჩვენ თუ დღეს დავდუმდით, ხვალ, შესაძლოა, იგივე მდგომარეობაში თავად აღმოვჩნდეთ”, – ამბობდა მესამე კურსელი ლევან ღამბაშიძე.
“დაუმორჩილებლობის კომიტეტის” მორიგი შეხვედრა თსუ-ს მაღლივ კორპუსში 21 ნოემბერს გაიმართა და როგორც გაზეთი 24 საათი წერდა, აუდიტორიაში სტუდენტების გვერდით არც ერთი ლექტორი არ ჩანდა. მაღლივისაგან განსხვავებით, სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში ბევრი პედაგოგი შეიკრიბა. ხალხი რომ აღარ ეტეოდა, ზედა სართულზე იარუსის კარებიც გააღეს.
სამხატვრო აკადემიაში კი ლაშა ბუღაძე უხსნიდა შეკრებილებს: “ჩვენ არ ვებრძვით შევარდნაძეს, როგორც პიროვნებას, ჩვენ ვებრძვით შევარდნაძეს, როგორც მანკიერ კატეგორიას!” “ყური დამიგდე! შენ კი არა, მე ვარ ვენახი!”- ყვიროდა დარბაზიდან პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.
პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. ნოემბრის წვიმების მიუხედავად ხალხი საწვიმრებით იდგა ქუჩაში. მღეროდნენ “წვიმის მუსიკოსები” – ასე უწოდეს მუსიკოსებს, რომლებიც, ამინდის მიუხედავად, ხალხს ერთ-ერთ სატვირთოზე სახელდახელოდ მოწყობილი სცენიდან ამხნევებდნენ და საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას უწყობდნენ ხელს. მათ შორის იყვნენ “მწვანე ოთახი” (აჩიკო გულედანი), “Soft Eject” (ვახო ბაბუნაშვილი), ზუმბა (ზაზა კორინთელი)), ირაკლი ჩარკვიანი, 33ა (ნიაზ დიასამიძე), რობი კუხიანიძე. აქციებზე ცეკვავდა ხალხი.
ახალგაზრდული ორგანიზაცია “კმარა” მომიტინგეებს საკვებით ამარაგებდა. აქციებს ინტენსიურად აშუქებდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი “რუსთავი 2”. გაზეთი 24 საათი კი, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან” საერთო მფლობელი და სარედაქციო პოლიტიკა აკავშირებდა, მომიტინგეებს გაზეთის სპეციალურ 4 გვერდიან გამოცემას უფასოდ ურიგებდა. როგორც წლების შემდეგ გამომცემელი მამუკა ფაჩუაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” იტყვის, პროფესიული სტანდარტებს იცავდნენ გაზეთის ყოველდღიურ სტანდარტულ გამოცემებში, ხოლო ის ნომრები, რომელიც უფასოდ მომიტინგეებში ვრცელდებოდა, პროპაგანდისტული იყო და პროტესტს თანაუგრძნობდა.
ხალხმრავალი პროტესტის პარალელურად, სასამართლოები ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელახლა უნდა გადაეთვალათ საზღვარგარეთ მიცემული ხმები, ამავე სასამართლომ გააუქმა ცესკო-ს გადაწყვეტილება ხმების გადანაწილების შესახებ, რომლის მიხედვითაც პარტიების პროცენტის გამოთვლის დროს აღარ გაითვალისწინებდნენ გაბათილებულ ბიულეტენებს. ხმების ასე გადანაწილებით ბარიერის გადალახვა უმარტივდებოდათ „მრეწველებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“.
20 ნოემბერს ცესკომ საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა: „ახალი საქართველოსთვის“ – 21,32%; „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ – 18,84%; „სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ – 18,8%; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 12,04%; „ბურჯანაძე-დემოკრატები“ – 8,79%; „ახალი მემარჯვენეები“ – 7,35%. ამ შედეგების გამოცხადებას პარლამენტთან ოვაციებით შეხვდნენ კონტრაქციაზე შეკრებილი „ახალი საქართველოსთვის“ და „აღორძინების“ წარმომადგენლები.
აქციების კერები გაჩნდა რეგიონებშიც. რუსთაველზე აპროტესტებდნენ რეგიონებიდან მისული ხალხიც. თუმცა დედაქალაქში მასობრივად მას შემდეგ ჩამოვიდნენ, რაც თავად მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა დასავლეთში, მივიდა რამდენიმე ქალაქში შეკრებილებთან და თბილისში გამოუძღვა. 21 ნოემბერს დასავლეთიდან თბილისში მომავალი ავტომანქანების კოლონა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ვიდეოკადრად შემორჩა ისტორიას. ამ კოლონას “გაბრაზებული ქართველების მარშად” მოიხსენიებს გაზეთი 24 საათი.
მეხუთე მოწვევის პარლამენტის სხდომა 22 ნოემბერს, 16:00 საათზე დაინიშნა. ამ დღეს ოპოზიციის მომხრეები თავისუფლების მოედანზე იყვნენ შეკრებილნი, პარლამენტის წინ კი შევარდნაძის და “აღორძინების” მხარდამჭერები იდგნენ. საპროტესტო აქციის ლიდერებმა პარლამენტისკენ გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. დემონსტრანტთა ნაწილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაუძღვა, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ინგოროყვას ქუჩის გავლით მივიდნენ. მეორე ნაწილი კი ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში კვორუმს ელოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“, „ბურჯანაძე – დემოკრატების“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ არყოფნის გამო კვორუმი (დეპუტატთა ნახევარზე მეტი ხმა) არ არსებობდა და ახალი პარლამენტი მუშაობას ვერ იწყებდა. სხდომას არ ესწრებოდნენ არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.
ხალხმრავალი პროტესტის ფონზე 16:50 საათზე, როცა სხდომა ჯერ გახსნილი არ იყო, დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე და მისი რამდენიმე თანაგუნდელი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო. დავით გამყრელიძემ წლების შემდეგ თქვა, რომ პარლამენტში მისვლა თავად ედუარდ შევარდნაძემ სთხოვა და დაჰპირდა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივას დათანხმდებოდა, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა.
პრეზიდენტი მისთვის გამოყოფილ ტრიბუნასთან მივიდა და სიტყვით გამოსვლა მილოცვით დაიწყო. ამ დროს სხდომათა დარბაზის კარი გაიღო და გაისმა მხარდამჭერებთან ერთად შესული მიხეილ სააკაშვილის მოწოდება – „გადადექი“. შევარდნაძე ცდილობდა ბოლომდე ჩაემთავრებინა სიტყვა, თუმცა ის დაცვამ გაიყვანა. დარბაზიდან გავიდნენ სხდომაზე მყოფი „ახალი საქართველოსთვის“ და „აღორძინების“ წევრებიც.
როგორც შემდეგ აქციის მონაწილეები იხსენებენ, პარლამენტში შესვლამდე დიდი წინააღმდეგობა პოლიციის კორდონს არ გაუწევია. უფრო მეტიც, “გვეუბნებოდნენ, უფრო მოგვაწექით”. მომიტინგეებს ჰქონდათ განცდა, რომ პარლამენტთან მდგარი დანაყოფები პროტესტს თანაუგრძნობდნენ.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენ როგორ მოვიქცეოდით იმიტომ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითი ადამიანებისთვის, როგორ მოექცეოდნენ შემდეგ ერთმანეთს. პოლიციის მიერ ძალის დემონსტრირების ძალიან ცუდი მეხსიერება იყო, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებდა”, – თქვა იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 20 წლის შემდეგ ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში.
პარლამენტში შევიდა მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, ტრიბუნა მას დაუთმო. ბურჯანაძემ თქვა, რომ ყველაფერი, რაც დარბაზში მოხდა, პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. მოგვიანებით ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ქმედუნარიანობის გარკვევამდე და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე საკუთარ თავზე იღებდა ქვეყნის მართვას.
პარლამენტში ხალხის შეჭრის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კარი და ფანჯარა დაიმტვრა, რის აღდგენასაც, სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელის თქმით, მხოლოდ ორი დღე დასჭირდებოდა. პარლამენტის პარალელური პროცესი მიმდინარეობდა სახელმწიფო კანცელარიაშიც. იქ ოპოზიცია გივი თარგამაძისა და გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, მომხრეებთან ერთად შევიდა.
22 ნოემბრის ღამეს მიხეილ სააკაშვილი გაზეთი “24 საათის” სტუდიიდან რუსთავი 2-ის გადაცემაში ჩაერთო. წამყვანმა ნათია ზამბახიძემ ის წარადგინა როგორც “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ლიდერი. “ვარდების რევოლუცია” არის ბრწყინვალე ტერმინი”, – თქვა სააკაშვილმა. ასე დაერქვა ეს სახელი 2003 წლის ნოემბრის ამბავს.
დემონსტრანტები 23 ნოემბერს, გიორგობას, პარლამენტთან სანთლებით შეხვდნენ.
გვიან ღამით მედიასთან ინტერვიუს დროს ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მომხდარი და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. მეორე დილით შევარდნაძემ “მოისმინა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა პარლამენტის და კანცელარიის ძალით გათავისუფლებას. მან თქვა, რომ თუ ასეთი მსხვერპლი შეიძლება მოხდეს, რისთვის გვჭირდება ჩვენი ძალაუფლება. ამ ადამიანების ამოცანაა, რომ მე წავიდე და რა მნიშვნელობა აქვს, მე ხალხის მკვლელობის მერე წავალ სახლში, თუ ახლა წავალ”, – იხსენებს შსს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი. ამის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე.
23 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ჩამოვიდა და პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა. “გულისამაჩუყებელი ამბები მოჰყვა თავის ქართველ დედაზე, თავის ქართულ გულზე, რუსეთის სურვილზე – იხილოს ერთიანი და განვითარებული საქართველო… მოკლედ, რუსეთმა საქართველოში ყველას “ჩამოასწრო”. რუსეთმა სცადა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ რუსეთი ახლოსაა, ყველა დანარჩენი კი – შორს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა გუშინ შუამავლის მისია იკისრა”, – წერდა მეორე დღეს გაზეთი “24 საათი”. ივანოვი ოპოზიციასთან ერთად კრწანისის რეზიდენციაში ედუარდ შევარდნაძესაც შეხვდა.
24 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიან აქციაზე ოპოზიციის მოწოდებით მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, თუ პრეზიდენტი შევარდნაძე თანამდებობას არ დატოვებდა, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ წასულიყვნენ.
ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი კრწანისის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ამ მიმართულებით წავიდნენ აქციის მონაწილეები. დაახლოებით ერთ საათში შეხვედრიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ამცნო, რომ ედუარდ შევარდნაძე გადადგა. “პრეზიდენტი უნდა დარჩეს ქვეყანაში, ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ყოფილ პრეზიდენტს დაედგომებოდეს თავის ქვეყანაში, ჰქონდეს სრულად გარანტირებული უსაფრთხოება… მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა გადადგა ვაჟკაცური ნაბიჯი – თავიდან აიცილა სისხლისღვრა ქვეყანაში”, – თქვა სააკაშვილმა.
ჟურნალისტებთან ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძეც.
„ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს და სისხლი არ დაიღვაროს“, – თქვა ედუარდ შევარდნაძემ.
“-სად მიდიხართ, ბატონო ედუარდ?
–სახლში!”
ეს კითხვა და პასუხიც ამ დღის დასამახსოვრებელ მომენტებს შორის დარჩა. ამ კითხვა-პასუხს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ვრცელდებოდა საწინააღმდეგო ვარაუდები. ერთნი ფიქრობდნენ, რომ შევარდნაძე მოსკოვში გაჰყვებოდა ივანოვს, მეორე მტკიცებით კი, ის აჭარაში გადავიდოდა. შევარდნაძე კი მართლაც სახლში წავიდა
პრეზიდენტის გადადგომას საყოველთაო ზეიმი მოჰყვა.
24 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩევნების პროპორციული ნაწილის შესახებ ცესკოს შემაჯამებელი ოქმი ბათილად ცნო. სარჩელი „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დაწერა.
ზუსტად არავინ იცის, როგორ გაჩნდა შუა ნოემბერში ვარდები პროტესტის ეპიცენტრად ქცეულ პარლამენტის შენობასთან, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 23 ნოემბერს სხდომათა დარბაზში დემონსტრანტები ვარდებით ხელში შევიდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ოპოზიციის მომხრე დავით მუმლაძე ჰყვება, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მისულებს ვარდებით მოვაჭრე კაცი დახვდა, რომელმაც ვარდების შეძენა შესთავაზა. მანაც იყიდა და აქციის მონაწილეებს დაურიგა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე პარლამენტშიც შევიდნენ ხელში შერჩენილი ვარდებით.
იმ დღის სურათ-ხატად იქცა კიდევ ერთი კადრი – როგორ სვამს ედუარდ შევარდნაძის მიერ დატოვებულ ჩაის ტრიბუნასთან მისული მიხეილ სააკაშვილი.
ის მუსიკაც შემორჩა ისტორიას, ზეიმის ელფერი რომ მისცა პარლამენტში შეჭრას.ეს ის მომენტია, სხდომათა დარბაზში მომიტინგეთა შესვლის შემდეგ სიტუაცია რომ ქაოსური გახდა. იძაბებოდა ვითარება, დარბაზი მომიტინგეებით გაივსო. პარლამენტის გახმოვანების თანამშრომელი ნუკრი მაქარაშვილი იხსენებს, რომ ჟურნალისტს, თამარ ბოდოკიას მუსიკის ჩართვის იდეა გაუჩნდა. თანხმობა მიიღო განყოფილების უფროსისგან, ნუგზარ ლომიძისგან. შემთხვევით იპოვეს კასეტაზე ჩაწერილი “თავისუფლება ლომთა ხვედრია”. “როგორც კი პირველი სიტყვები გაისმა, იკლო ქაოსმა და აურზაური გადავიდა ზეიმში”, – იხსენებს მაქარაშვილი.
მამუკა ჩარკვიანის მიერ შესრულებული ეს სიმღერა ერთადერთი არ არის, რაც რევოლუციასთან ასოცირდება. “წვიმის მუსიკოსების” მიერ აქციებზე შესრულებული “ერთი სიმღერა” 2003 წლის ნოემბრის აქციების ნაწილად იქცა. “ყველამ თუ იმღერა ერთი სიმღერა, ავაშენებთ სახლს”, – მღეროდნენ განსხვავებული ჟანრისა და სტილის მომღერლები. იყო კიდევ ერთი – “ვარდების რევოლუციის ჰიმნი”, რომელიც რევოლუციის შემდეგ ჩაწერეს პოპმომღერალებმა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ რუსთავი 2-მა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია” დაირქვა და ეს წარწერა ეკრანზე მუდმივად ჩანდა რამდენიმე ხნის განმავლობაში და პერმანენტულად უშვებდნენ რევოლუციის და მოზეიმე ხალხის კადრებს.
***
2004 წლის 4 იანვარს ჯერ პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა 96.2%-ით გაიმარჯვა, 28 მარტს ჩატარებულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებში კი 66.4%-ით “ნაციონალურმა მოძრაობა-დემოკრატებმა” მოიპოვეს უმრავლესობა. ამ კოალიციაში შედიოდნენ გაერთიანებული დემოკრატები (ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას გაერთიანება), რესპუბლიკური პარტია და ეროვნულ ძალთა გაერთიანება (კონსერვატორები). “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება 2012 წლამდე მართავდა საქართველოს, მიხეილ სააკაშვილმა კი პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დატოვა.