“ვარდების რევოლუციით” საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოძრაობა “კმარამ” და “ჩვენმა აჭარამ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო. იმ პერიოდში მას აჭარაში სრული ძალაუფლება ჰქონდა. 2004 წლის 6 იანვარს “კმარას” რამდენიმე აქტივისტი აბაშიძის წინააღმდეგ პლაკატების გაკვრისთვის 10 დღით დააპატიმრეს. რამდენიმე დღის შემდეგ საპროტესტო აქცია გონიოში დაარბიეს. მაშინ სოფლის ასობით მაცხოვრებელი შეეცადა გონიოს ადმინისტრაციული შენობის თავზე ხუთჯვრიანი დროშა აღემართა, რომელიც ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღეში – 14 იანვარს, სახელმწიფო დროშად ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა. გონიოში აქცია დაშალეს 19 იანვარსაც.
მზარდ პროტესტს აჭარის ხელისუფლებამ საკუთარი მხარდამჭერების შეკრებებით უპასუხა. მათ მიტინგი ბათუმში 20 იანვარს გამართეს. იგივე მოხდა 25 იანვარსაც, როდესაც აბაშიძის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მორიგი აქციები გაიმართა ბათუმში.
20 თებერვალს ბათუმში ოპოზიციური მოძრაობების ოფისები მას შემდეგ დაარბიეს, რაც აჭარის დედაქალაქში აბაშიძის წინააღმდეგ ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. ერთი დღის შემდეგ ჩოლოქთან სასტიკად სცემეს მოძრაობა „კმარას“ ორი აქტივისტი, რომლებსაც ბათუმში აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიჰქონდათ.
აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 12 მარტს ოპოზიციის წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა და საპროტესტო აქციების ჩატარება რეგიონში იკრძალება.
14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარაში არ შეუშვეს, მას ჩოლოქთან დაახვედრეს ჯავშანტექნიკა და შეიარაღებული პირები. სააკაშვილმა თავისი მოულოდნელი სტუმრობა აჭარაში 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთან შეხვედრის სურვილით ახსნა.
აჭარის ხელისუფლების განმარტებით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, სააკაშვილის ვიზიტის საბაბით, ჯარების შეყვანა სურდა აჭარაში. სააკაშვილი უკან ფოთში გაბრუნდა. მან ეს ბრალდება უარყო და თქვა, რომ მხოლოდ პირად დაცვასთან ერთად აპირებდა აჭარაში შესვლას.
ამ დროს ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფებოდა, იქიდან ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდით აჭარის ხელმძღვანელობის ჩამოგდება სურს. მოგვიანებით სააკაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა ასლან აბაშიძეს, რომელიც დათანხმდა რამდენიმე პირობას, მათ შორის იყო: საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, პრეზიდენტის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღება აჭარაში და მოსახლეობაში დარიგებული იარაღის ჩაბარების პროცესის დაწყება. სანაცვლოდ კი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოიხსნებოდა სამი დღით ადრე დაწესებული ეკონომიკური სანქციები აჭარის წინააღმდეგ.
საპროტესტო აქციების თავიდან ასარიდებლად ასლან აბაშიძე საგანგებო მდგომარეობას აწესებდა. მარტის დასაწყისში გამოცხადებული ეს რეჟიმი 27 მარტს გაუქმდა, თუმცა შემდეგ 24 აპრილს ისევ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი შემოიღო.
სწორედ საგანგებო მდგომარეობის მოტივით სპეცრაზმმა დაშალა 30 აპრილს “ჩვენი აჭარას” ინიციატივით ბათუმის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მომიტინგეები ამჯერად აჭარის ხელისუფლების მიერ დაკავებული პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითხოვდნენ.
მაისის დასაწყისიდან ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით აქციები უკვე პერმანენტული გახდა. მას ბათუმელი სტუდენტები შეუერთდნენ.
2 მაისს ასლან აბაშიძემ აჭარისა და საქართველოს დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ქაქუთისა და ჩოლოქის ხიდები ააფეთქა, რაც თავდაცვით ახსნა. 4 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ დაშალა, გამოიყენეს წყლის ჭავლი, შემდეგ კი მომიტინგეები ხელკეტებით დაარბიეს. ოპოზიციური მოძრაობა “ჩვენი აჭარის” მონაცემებით, 50 მოქალაქე დაშავდა, მათგან 6 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. “ჩვენი აჭარის” ოფისი დარბეული იყო.
ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა მკაცრი განცხადება მიიღო და აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის „უპირობო გადადგომა“ მოითხოვა.
მიტინგის დარბევის შემდეგ იმავე დღეს ბათუმში უნივერსიტეტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა გასაპროტესტებლად. აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. აჭარის პოლიციელთა უმეტესობა განუდგა აჭარის ლიდერს და პრეზიდენტ სააკაშვილს აღუთქვა მხარდაჭერა. ისინი ბათუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 5 მაისს გაფიცული იყო აჭარის ტელევიზიაც. როგორც შემდეგ ჩართვაში ჟურნალისტებმა თქვეს, ისინი მხარს უჭერდნენ პროტესტს. მომიტინგეები თბილისიდანაც ჩავიდნენ აჭარაში. იქ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.
ასლან აბაშიძესთან მოსალაპარაკებლად 5 მაისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი ჩაფრინდა. მეორე დღეს ასლან აბაშიძე გადადგა და მოსკოვში გაფრინდა. „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს „მეორე უსისხლო რევოლუცია“ მიულოცა.