EN

პროტესტი აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 15 მარტი – 28 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები

პროტესტის ფორმები

აქცია, პიკეტი, შიმშილობა

ორგანიზატორი

ახალგაზრდა “მოქალაქეთა კავშირი”

მთავარი მოთხოვნა

გაერომ დააჩქაროს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება,

დსთ-ს სამიტმა მიიღოს აფხაზეთიდან დევნილთა უპირობო დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება

ქართულ-აფხაზური დიალოგის შუამავლის გამართვა

პროტესტის ადრესატი

გაერო, დსთ

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

“უკანონო არჩევნები აფხაზეთში რუსეთის სინდისზეა”, “შეწყდეს სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში”, “რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველო”. “აფხაზებო, თქვენი მომავალი საქართველოა!” “აფხაზებსა და ქართველებს შუამავალი არ სჭირდებათ!” “1998 წელი აფხაზეთის პრობლემების მოგვარების წელია!”

პროტესტის შედეგი

მიტინგი დროებით შეწყვიტეს, რათა პოლიტიკოსებისთვის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობა მიეცათ.

1998 წლის 14 მარტს აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, რამაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია საქართველოში და დევნილთა დაბრუნების საკითხი აქტუალური გახადა. ათასამდე ქართველმა ახალგაზრდამ ენგურის ხიდი გადაკეტა, ამბობდნენ, რომ არ გახსნიდნენ 19 მარტს ჩანიშნულ დსთ-ს ლიდერთა სამიტამდე. ამით ისინი აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალიზაციას ცდილობდნენ და დევნილთა დაბრუნებას მოითხოვდნენ. 17 მარტს უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სოფელ რუხთან გამართულ აქციაში, მათ შორის იყვნენ საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ხალხი.  

მიტინგი ენგურის ხიდთან განლაგებულ სამშვიდობო ძალების საგუშაგოსკენ მსვლელობით გაგრძელდა. “აქციის ორგანიზატორები ძლივს აკავებდნენ მომიტინგეებს, ისინი პოსტის გავლასა და აფხაზეთში შესვლას ითხოვდნენ”, – წერს გაზეთი “დრონი”. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბეჟან გუნავამ განაცხადა: “თუ მშვიდობიანი მოლაპარაკებებით აფხაზეთის საკითხი არ გადაწყდება, მსოფლიოში არსებული შეიარაღება ვერ გაგვაჩერებს!” “ძრწოდე, რუსეთო! სასაცილოდ აღარ გაქვს საქმე, წადი და სეპარატისტებიც თან წაიყვანე!” – ყვიროდნენ მომიტინგეები. მათ მოითხოვეს გაერომ დააჩქაროს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება, ხოლო დსთ-ს სამიტს კი მოსთხოვეს დევნილთა უპირობო დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.  თუმცა 19 მარტს დაგეგმილი სამიტი გადაიდო, ამიტომ აქციის მოთხოვნები და მისი გაგრძელების პერსპექტივა ბუნდოვანი გახდა.

ენგურის პარალელურად, თბილისში მდებარე რუსეთის საელჩოსთანაც იკრიბებოდნენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები ლოზუნგებით “უკანონო არჩევნები აფხაზეთში რუსეთის სინდისზეა”, “შეწყდეს სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში”, “რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველო”. რუსეთის ელჩი სტანევსკი მომიტინგეებს არ შეხვდა.  

1998 წლის მარტის ბოლოს ენგურის ხიდზე განახლდა აქციები შეცვლილი მოთხოვნებით – ამჯერად ახალგაზრდები ითხოვდნენ ქართულ-აფხაზური დიალოგის შუამავლის გარეშე გამართვას. აპრილისთვის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზ უხუცესებსა და სამეგრელოს ინტელიგენციას შორის ჩაიშალა, რადგან აფხაზური მხარე და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა არ მივიდნენ. ახალგაზრდა “მოქალაქეთა კავშირის” აღმასრულებელი მდივნის თქმით, მათ სამშვიდობო ძალების მეთაურმა კორობკომ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც აქციის მონაწილეები “შანტაჟისტებად” არიან მოხსენიებულნი. ამის გამო ათმა ახალგაზრდამ შიმშილობა გამოაცხადა და მოთხოვნებს კიდევ ერთი დაუმატეს – კორობკომ მოიხადოს ბოდიში. მათ მხარდასაჭერად ქუთაისიდან ჩავიდნენ იქ მყოფი დევნილები. ეჭირათ ტრანსფარანტები “აფხაზებო, თქვენი მომავალი საქართველოა!” “აფხაზებსა და ქართველებს შუამავალი არ სჭირდებათ!” “1998 წელი აფხაზეთის პრობლემების მოგვარების წელია!”

ორგანიზატორებმა, ახალგაზრდა “მოქალაქეებმა” თქვეს, რომ დაახლოებით 40-დღიანი პროტესტის შემდეგ 28 აპრილს აქცია დასრულდებოდა დიდი მიტინგით სოფელ რუხში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ახალგაზრდული ორგანიზაციების 500-მდე წარმომადგენელი.

მიტინგი ჩატარდა. ის პარლამენტარმა, “მოქალაქეთა კავშირის” წევრმა ბეჟან გუნავამ გახსნა, მას მოჰყვნენ მოქალაქეები ფოთიდან, ოზურგეთიდან, ჩხოროწყუდან… მათი მოთხოვნები ისევ მთავარი თემის შესახებ ჩამოყალიბდა – დევნილთა უპირობო დაბრუნება, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შეკრებილებმა ერთსულოვნად მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მიტინგს დროებით წყვეტდნენ იმისათვის, რომ პოლიტიკოსებისთვის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობა მიეცათ. პროტესტის მონაწილეები ელოდებოდნენ დსთ-ს სამიტის ჩატარებას და მათი მოთხოვნების იქ განხილვას. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში კი პროტესტის განახლებას აპირებდნენ.

Media

ამონარიდი გაზეთიდან

ამონარიდი გაზეთიდან

გაზეთი "დრონი", 1998 წელი