1998 წლის 29 ივნისს გალის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულმა 5 ათასამდე ადამიანმა (მათ ლტოლვილებად მოიხსენიებს პრესა) ზუგდიდის რაიონში საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციის შემდეგ დევნილებმა გადაკეტეს ზუგდიდის მთავარი მაგისტრალი. ამის გამო პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა მძიმე ტექნიკა გამოიყვანა.
როგორც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კერვალიშვილმა გაზეთ “7 დღეს” აცნობა, “აქცია იარაღის ჰაერში სროლითა და ცრემლსადენი საშუალებებით ბარბაროსულად დაშალეს”. დარბევას უარყოფდა აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი ლონდერ ცაავა, მისი თქმით, მომიტინგეები შეიკრიბნენ ზუგდიდის ცენტრში, სადაც გალის რაიონის ქართული ადმინისტრაცია იყო განთავსებული. დევნილები მოითხოვდნენ მათთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 30 ლარისა და სხვა ფულადი კომპენსაციების გაცემას. როგორც ცაავა ამბობდა, თხოვნის მიუხედავად, დევნილებმა მაგისტრალი მაინც გადაკეტეს. ამ დროისთვის 350-მდე ადამიანი იყო აქციაზე. პოლიციამ ჰაერში კი “დევნილთა დასაწყნარებლად” ისროლა. მისივე თქმით, აქცია მას შემდეგ თავისით დაიშალა, რაც მხარის ადმინისტრაცია დაჰპირდა, რომ პრობლემებს მათი კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გადაჭრიდა.
გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” და “დრონის” ცნობით კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით გალიდან დევნილებს ერთ სულ მოსახლეზე 30 ლარი უნდა მიეღოთ, “ქვედა ზონაში” მცხოვრებმა 33 ათასმა ადამიანმა 1 მილიონი ლარის დახმარება მიიღო, რის შემდეგაც თანხა ამოიწურა და “ზედა ზონელები” მის გარეშე დარჩნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გალის ზედა ზონიდან დევნილ მოსახლეობას უთხრეს, რომ მათთვის ფულადი დახმარების გაწევის საკითხს საგანგებო კომისია განიხილავდა. ირკვევა, რომ აფხაზებმა “სადამსჯელო ოპერაცია” სწორედ ქვედა ზონიდან დაიწყეს, შესაბამისად პირველები სწორედ ამ ზონის მოსახლეობა გადმოვიდა ზუგდიდის რაიონში. ზედა ზონის მოსახლეობამ კი გალი გვიან დატოვა, ამიტომ ისინი ფულადი დახმარების გარეშე დარჩნენ.