2009 წლის 13 აგვისტოს გორის ადმინისტრაციის შენობაში სოფლების ფლავისა და ფლავისმანის 50-მდე მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. ამ სოფლების მოსახლეობა ხელისუფლებისგან უსაფრთხოების დაცვას მოითხოვდა და უკმაყოფილო იყო მთავრობის იმ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მოსაზღვრე მხოლოდ 24 სოფელს დაუწესდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონს ფლავი და ფლავისმანიც ესაზღვრება, ისინი შეღავათის მქონე სოფლების კატეგორიაში ვერ აღმოჩნდნენ.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიური სროლის გამო, მშობლები ბავშვების გარეთ გაშვებას ერიდებიან – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოფელ ფლავის გზაზე მომხდარი აფეთქებისას ტყვიაველი მოზარდი დაიჭრა. შუახნის ქალმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ მისი ბაღის ნაწილი რუსმა სამხედროებმა უკვე მავთულხლართით შემოღობეს. მისივე თქმით, ერთი ვედრო ხილის სანაცვლოდ რუსმა ჯარისკაცებმა ერთი ტომარა ფქვილი შესთავაზეს. „იმათ ფქვილს დღესაც ჩვენების მოცემული ქატო მირჩევნია, აი, ის, 6 თვე რომ გვაჭამეს და კინაღამ დავიხოცეთ. მაგრამ როდემდე?!“ – თქვა “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას ამ შუახნის ქალბატონმა. ფლავისა და ფლავისმანის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ მათ, ე.წ., ბუფერულ ზონაში მდებარე სოფლებში შესვლას ქართული პოლიციაც ერიდება.
გორში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები შიდა ქართლის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ ვლადიმერ ვარძელაშვილი სამსახურში არ იმყოფებოდა. მათ გორის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსი კახა ტოლიაშვილი შეხვდა. მისი განმარტებით, ფლავი და ფლავისმანი სახელმწიფოსგან დასახმარებელთა სიაში იმ მიზეზით ვერ მოხვდა, რომ აგვისტოს ომისას სხვებზე ნაკლებად დაზარალდნენ. ტოლიაშვილის თქმით, ამ სოფლებში არც სახლები დამწვარა და დანგრეულა და, საბედნიეროდ, არც ადამიანები დაღუპულან.