თბილისში, რუსთაველის გამზირზე 1938 წელს აშენებული “იმელის“ სახელით ცნობილი შენობის, გადასარჩენად „ტფილისის ჰამქარი“ აქტიურობდა. შენობის არქიტექტორი ალექსეი შჩუსევია და თავდაპირველად მასში განთავსებული იყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, მისი აბრევიატურაც მისი რუსულენოვანი სახელიდან მომდინარეობს (Институт Маркса, Энгельса, Ленина). წლების განმავლობაში იცვლებოდა მისი მფლობელი და ფუნქციები. ამ შენობაში 1992-95 წლებში იყო საქართველოს პარლამენტი, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლო, უფრო გვიან – საგარეო საქმეთა სამინისტრო. 1997 წლიდან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო, 2007 წელს კი ამოიღეს და ერთ კვირაში გასხვისდა „კაპიტალ ინვესტზე“.
თბილისის მერიის გაცემული ნებართვით, შენობის უკანა მხარეს 2011 წელს დაიწყო 34-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 2016 წელს დასრულდა და მასში განთავსდა სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“.
ამ საკითხზე პირველი უკმაყოფილების შესახებ მედიაში ინფორმაცია 2009 წლის ოქტომბერში გაჩნდა. 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია: „იმელის“ ცნობილი შენობის გამო არქიტექტორთა საზოგადოება მას შემდეგ ახმაურდა, რაც ინვესტორმა მისი მარჯვენა ფლიგელის დანგრევა დაიწყო. პროფესიულ წრეებში გაჩენილი პროტესტი მალე ქუჩის აქციაში გადაიზარდა“.
2010 წლის 31 მარტს „იმელის“ შენობის წინ „ტფილისის ჰამქარის“ ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და კულტურის სამინისტროსგან მოითხოვდნენ, შენობისთვის აღედგინათ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. აქცია გაიმართა 2011 წლის 19 აგვისტოსაც, როცა აქტივისტებმა შეიტყვეს, რომ იგეგმებოდა შენობის დემონტაჟი. „ტფილისის ჰამქარის“ ერთ-ერთი ლიდერი ცირა ელისაშვილი იხსენებდა, რომ „იმელის“ არქიტექტორს რუსეთის ბელადისთვის მავზოლეუმი აქვს დაპროექტებული, „ის მსოფლიო დონის არქიტექტორი იყო და XIX-XX საუკუნეებში მის მიერ მომზადებული პროექტები თანამედროვე მოთხოვნებს ყოველთვის პასუხობდა და დროსაც უძლებს“.
„ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ სამართლებრივ სახელმწიფოში, აი, ამ მდგომარეობის გამო, სადამდეც ეს შენობა მიიყვანეს, არაერთი ჩინოვნიკი იჯდებოდა უკვე ციხეში, ვინაიდან გადახადეს სახურავი, სართულშუა ამოჭრეს ორმო, რომ წყალი ჩასულიყო, გადაჭრეს წყლის მილები… მშენებლებმა გვითხრეს, რომ ბერიას დროს რომ არ ყოფილიყო ეს შენობა აშენებული, ვერც ერთი შენობა ამდენს ვერ გაუძლებდა”, – ამბობდა თბილისის ჰამქრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი 28 აგვისტოს აქციაზე. „ჰამქრის“ წევრების მტკიცებით, უნებართვოდ მოხდა “იმელის” მარცხენა, ოთხსართულიანი ფლიგელის დემონტაჟი და მოხსნეს დარჩენილი სახურავის დიდი ნაწილი.
შენობის შენარჩუნების მოთხოვნით აქციები პერმანენტულად იმართებოდა.
საბოლოოდ, „იმელის“ შენობის უკან მრავალსართულიანი ნაგებობა აშენდა, რომელიც „იმელის“ შენობაში გახსნილი სასტუმრო “ბილტმორის” ერთ-ერთი ფლიგელია. თვითონ „იმელის“ წინა ფასადი, რომელიც რუსთაველის გამზირის მხარესაა, არ შეცვლილა.