EN

ქუთაისში ახალი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემის წინააღმდეგ

left arrow

2009

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2009 წლის 11 აგვისტო – 7 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში, გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

ქუთაისში სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა მცირდებოდა, მათ ავტობუსები ანაცვლებდა და მძღოლები შიშობდნენ, რომ უმუშევრები დარჩებოდნენ

ორგანიზატორი

ქუთაისელი მძღოლები

მთავარი მოთხოვნა

გადავადდეს ტენდერი

პროტესტის ადრესატი

ქუთაისის მერია

პროტესტის შედეგი

პროტესტი უშედეგოდ დასრულდა

2009 წლის 11 აგვისტოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა ქუთაისიდან თბილისამდე მსვლელობა მოაწყვეს და რიყეზე აქცია გამართეს. მათი პროტესტი გამოიწვია ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებამ ახალი სამგზავრო-სატრანსპორტო სქემის დანერგვის შესახებ. ახალი სქემით, ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა 180-დან 130-მდე მცირდებოდა, ხოლო ავტობუსების რაოდენობა 67-დან 128-მდე იზრდებოდა. მერია ახალი სქემის განხორციელებას სექტემბრიდან გეგმავდა, მან შიდა საქალაქო ხაზებზე ტენდერიც გამოაცხადა, რომელიც 3 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმა დროებით ჩაიშალა. მძღოლები შიშობდნენ, რომ უმუშევრები დარჩებოდნენ, ამიტომ ტენდერის ორი წლით გადავადება მოითხოვეს.

მძღოლები აცხადებენ, რომ, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, ახალი მიკროავტობუსები შეიძინეს, რისთვისაც სესხები გამოიტანეს, ბანკების ვალი კი გაუსტუმრებელი ჰქონდათ.

აქცია ქუთაისში 19 აგვისტოსაც გაიმართა. ქუთაისში თბილისიდან ჩავიდნენ სპეციალური კომისიის წარმომადგენლები. სადავო საკითხის დარეგულირებაში პროფკავშირი ჩაერთო და მგზავრთა ნაკადისა და საგზაო მოძრაობის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა. კომისიამ მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა მძღოლები ამბობდნენ, რომ შეთანხმება არ სრულდება. ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია აცხადებდა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდებოდა ისე, რომ მძღოლების უფლებები არ დაირღვეოდა.

“რადიო თავისუფლება” 7 ოქტომბერს წერს, რომ ქუთაისის თვითმმართველობა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ქალაქის სატრანსპორტო სქემასთან დაკავშირებით კვლავ ვერ თანხმდებოდნენ. ამ დღეს 300-მდე მძღოლმა ტენდერის პირობები გააპროტესტა და ერთდღიანი გაფიცვა მოაწყო. 

Media

სადგური, 2009 წელი

სადგური, 2009 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება