EN

“ნაციონალური მოძრაობის” შიმშილობის აქცია

left arrow

2003

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2003 წლის 16 – 27 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

შიმშილობა, აქცია

პროტესტის მიზეზი

საპენსიო დავალიანების დაფარვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება

ლიდერი, ორგანიზატორი

ნაციონალური მოძრაობა (კობა დავითაშვილი)

მთავარი მოთხოვნა

სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და პენსიონერებისთვის დავალიანების დაფარვა

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

პროტესტის შედეგი

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პენსიების დავალიანების დაფარვის ბრძანებულებას მოაწერა ხელი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 27 ივლისს შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

მნიშვნელოვანი რესურსები

Civil.ge ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ

ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობას განაგრძობენ

შიმშილობის ისტორიები საქართველოში https://www.radiotavisupleba.ge/a/31553564.html

https://www.radiotavisupleba.ge/a/1529745.html

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის შვიდმა წევრმა შიმშილობა იუსტიციის სამინისტროში  16 ივლისს დაიწყო საპენსიო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ კობა დავითაშვილი, გოჩა ჯოჯუა, ზვიად ძიძიგური. 18 ივლისს მათ პარტიის 5 წევრი ქუთაისშიც შეუერთდა. 

ყველაფერი რამდენიმე თვით ადრე  დაიწყო, როდესაც “ნაციონალების” ინიციატივით სამტრედიელმა პენსიონერებმა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს და მთავრობისგან 1998-2000 წლების საპენსიო დავალიანების გადახდა მოითხოვეს. პენსიონერების ადვოკატი თავად კობა დავითაშვილი იყო. სასამართლომ 2003 წლის 21 აპრილს დააკმაყოფილა მოსარჩლე პენსიონერების მოთხოვნა და სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდს და ფინანსთა სამინისტროს ამ პენსიონერებისთვის პენსიების გასაცემი თანხის 148 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ამას მოჰყვა 2144 ქუთაისელი პენსიონერის ანალოგიური სარჩელი. შედეგი იგივე იყო. ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ იგივე უწყებებს პენსიების გაცემა დააკისრა, რაც დაახლოებით 215 ათასს ლარს შეადგენდა. 

კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, პენსიონერებმა დავალიანება ვერ მიიღეს, რადგან იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა. უფრო მეტიც, 30 ივლისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოსამართლეებს მოუწოდა, წარმოებაში არ მიეღოთ პენსიონერთა საჩივრები, “რახან ასეთი პრეცედენტი შეიქმნა და სასამართლომ გადაწყვიტა პენსიების დავალიანების გაცემა, ახლა ყველა პენსიონერი დაიწყებს სირბილს. მოსამართლეები ჩემი დანიშნულია და მორალური უფლება მაქვს, მოვთხოვო მათ ასეთი რამ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

იმ დროისთვის ყოველთვიური პენსია 14 ლარს შეადგენდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების წინ სწორედ პენსიონერების პრობლემები აირჩია სამიზნედ. პრეზიდენტმა შევარდნაძემ დეპუტატების შიმშილობის კომენტირებისას სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ “ისტერიული პოპულიზმისაგან” თავის შეკავება მოსთხოვა. მან ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ “მოშიმშილეებს წონის დაკლება სურთ, თორემ, ისე მათ აქციას არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს.”

“ნაციონალური მოძრაობის” შიმშილობის აქციას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა თავად პენსიონერების მხრიდანაც, რომლებმაც ამ პარტიასთან ერთად საპროტესტო აქცია 21 ივლისს გამართეს იუსტიციის სამინისტროს წინ, სადაც პენსიების გაცემის მოთხოვნის პარალელურად ხელისუფლების გადადგომასაც მოითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პენსიების დავალიანების დაფარვის ბრძანებულებას მოაწერა ხელი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა 27 ივლისს შიმშილობის აქცია შეწყვიტეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციის მიხედვით, მთავრობას საპენსიო დავალიანება 2008 წლამდე უნდა დაეფარა, რასაც პენსიონერებისთვის ფასიანი ქაღალდების, ობლიგაციების დარიგებით აპირებდა. ხელისუფლებამ დაიწყო საპენსიო დავალიანების დაფარვა, მაგრამ როგორც იმ დროინდელი მედია წერდა, არ დაურიგეს იმ პენსიონერებს, რომლებმაც სასამართლოში საქმე მოიგეს, რადგან ხელისუფლებას პრეცედენტის დაშვების ეშინოდა, რაც, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის აკაკი ზოიძის განცხადებით, გადამდები აღმოჩნდებოდა და გადახდა მოუწევდათ სხვა, ათეულ ათასობით პენსიონერისთვის, რომლებსაც ანალოგიური სარჩელები პენსიების ანაზღაურების მოთხოვნით უკვე შეტანილი ჰქონდათ სასამართლოებში.

Media

civil.ge-ს ინფორმაცია

civil.ge-ს ინფორმაცია