EN

ნადირობა ზვიადისტებზე

left arrow

1998

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

1998 წლის 17 დეკემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

ლიდერები, ორგანიზატორი

ზვიად გამსახურდიას მომხრეები
მანანა არჩვაძე-გამსახურდია

მთავარი მოთხოვნა

კანონიერი (ზვიად გამსახურდიას დროინდელი) ხელისუფლების აღდგენა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება, ედუარდ შევარდნაძე

პროტესტის შედეგი

მიტინგი სპეციალური დანიშნულების რაზმმა ომონმა დაარბია

1998 წლის 17 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას მომხრეები, “ზვიადისტები” როგორც მათ უწოდებდნენ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმძღვანელობით პარლამენტთან შეიკრიბნენ და მოითხოვდნენ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და პარლამენტის შენობის დაბრუნებას. მათ მიაჩნდათ, რომ ვინაიდან გამსახურდიას გარემოცვა უკანონოდ ჩამოაშორეს ძალაუფლებას, უკანონო ხელისუფლება მართავდა ქვეყანას, ამიტომ ისინი პერმანენტულად მართავდნენ აქციებს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. “შევარდნაძე იუდა!” ისმოდა მათ მიტინგებზე. 

17 დეკემბერსაც იგივე სულისკვეთებით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ტრადიციულად დაშალა სპეციალური დანიშნულების რაზმმა “ომონმა”, რომელსაც თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, “პოლიცია კურდღლებივით ცალ-ცალკე იჭერდა ზვიადისტებს და საგანგებოდ მოყვანილ ავტობუსებში განათავსებდა”.  “ნადირობა ზვიადისტებზე” – ასე აღწერს გაზეთი იმ დღის ამბებს. ამბობდნენ, რომ გამოიყენეს ელექტროშოკიც, ისმოდა სროლის ხმაც. ავტობუსში შეყრილი აქციის მონაწილენი მარნეულისკენ წაიყვანეს, გზაზე მანქანებიდან გადმოყარეს და იქვე დატოვეს. მანანა არჩვაძე-გამსახურდია კი ქარელისკენ წაიყვანეს, იქ ამყოფეს ცოტა ხანს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და ღამის 12 საათზე “დელისის” მეტროსთან დატოვეს. 

ჰყვებოდნენ, რომ იმ დღეს, როცა რუსთაველი გაწმინდეს, აქციის მონაწილეებმა ვეღარ ნახეს მანანა არჩვაძე-გამსახურდია. ამის შემდეგ წავიდნენ მერაბ კოსტავას სახლის ეზოში, რომელიც რუსთაველის ძეგლთან მდებარეობდა. იქ 27 მომიტინგე კიბეებზე ჩამოჯდა და შიმშილობა დაიწყო. მათ შორის იყო ერთ-ერთი მომიტინგე ნუგზარ ლეჟავა. ზვიადისტების თქმით, დაახლოებით 21 საათზე ეზოში შეიჭრა ნიღბოსანთა ჯგუფი, რომლებმაც ხელკეტებით დაარბიეს მოშიმშილენი. ხალხის ნაწილმა კოსტავას სახლ-მუზეუმს შეაფარა თავი. ვინც გაქცევა ვერ მოახერხა, დაშავდნენ. იქვე არსებულ გაზონებში გარდაცვლილი იპოვეს ნუგზარ ლეჟავა, რომელსაც თავი სამ ადგილას ჰქონდა გაჩეხილი. არსებობდა მოწმეც, რომელიც აცხადებდა, რომ დაინახა, როგორ სცემდნენ ხელკეტებით ნიღბოსნები ლეჟავას. სპეცსამსახურები კი ამტკიცებდნენ, რომ ის იქვე მდებარე პედაგოგიკის ინსტიტუტის შენობის სახურავიდან ჩამოვარდა. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა" 21-27 დეკემბერი