EN

9 აპრილს მოწამლულთა აქცია

left arrow

1999

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1999 წლის 16 მარტი – 6 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

ლიდერები, ორგანიზატორი

1989 წლის 9 აპრილს მოწამლულები
9 აპრილის ფონდის გენერალური დირექტორი ვაჟა მამულაშვილი

მთავარი მოთხოვნა

9 აპრილს მოწამლულთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სოციალური შეღავათების მიღება

პროტესტის შედეგი

9 აპრილს მოწამლულების სოციალური გარანტიების მისაღებად პარლამენტმა კანონი მიიღო, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, არ ამოქმედებულად და რეალური დახმარება არ მიუღიათ

1999 წლის 16 მარტიდან დაიწყო 1989 წლის 9 აპრილის დემონსტრაციის დარბევისას მოწამლულთა აქცია. ისინი 10 წელია ითხოვდნენ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას. “ჯერ კიდევ 1993 წლის 29 მარტის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით “9 აპრილს ტრაგედიის დროს მოწამლულთა შეღავათების შესახებ”, რომელსაც თენგიზ სიგუა აწერდა ხელს, მოწამლულებმა შეღავათები მიიღეს: უფასო მკურნალობა, მგზავრობა, სანატორიუმის საგზურები. აგრეთვე შეღავათები ტელეფონის დადგმასა და შრომითი მოწყობის საკითხებში, მაგრამ მას შემდეგ იმდენი საშეღავათო გამოჩნდა, მოწამლულები აღარავის გახსენებია”, – წერს გაზეთი “დრონი”.

1998 წელს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე ხელახლა მიიღეს დადგენილება. ამ დოკუმენტის მიხედვითაც კომიტეტს ორი კვირის ვადაში უნდა შეემუშავებინა 50 პროცენტიანი შეღავათების სისტემა, მაგრამ პასუხი კვლავ არ ჩანდა. 

“4-5 წელია ჩვენს სახელზე სიმბოლურად ერთი თეთრიც კი არავის გაუღია, არადა, 1453 მოწამლულიდან 168 ყოველ წელს საჭიროებს მკურნალობას. ისინი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები არიან” – ამბობდა 9 აპრილის ფონდის გენერალური დირექტორი ვაჟა მამულაშვილი. 

1999 წლის მარტის დასაწყისში მოწამლულებმა გამაფრთხილებელი აქცია ჩაატარეს. მათ საკითხის პარლამენტში განხილვას დაჰპირდნენ. ჯანდაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტმა თხოვნით მიმართა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს და ამ საკითხის გარკვევა დაავალა, თუმცა 25 მარტისთვის ჯერ კიდევ არანაირი შედეგი არ იყო. 

სოციალური დაცვის საქართველოს საქველმოქმედო ფონდმა მანამდე ბევრჯერ მიმართა პარლამენტს. ფონდი ითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებათა დროს დაინვალიდებულ და მათთან დაკავშირებულ პირებს  9 აპრილს მოწამლულებიც დამატებოდნენ და შესაბამისი შეღავათები მიეღოთ.

1999 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”. ამ კანონის მიხედვით, 9 აპრილს დაზარალებულებს კომუნალური, ჯანმრთელობის დაცვის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის თუ სხვა გადასახადებზე შეღავათები ეკუთვნოდათ. თუმცა თავად დაზარალებულები ამბობდნენ, რომ ეს კანონი რეალურად არ ამოქმედებულა. ამიტომ 1989 წლის 9 აპრილის დარბევისას მოწამლულები 2000 წლის 6 აპრილსაც შეიკრიბნენ.   “9 აპრილის ფონდის” გენერალური დირექტორი ვაჟა მამულაშვილი ამბობდა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან შეღავათებზე “ერთი თეთრიც არ გამოყოფილა”. აქციის მონაწილეები ამ კანონის რეალურად ამოქმედებას და შეღავათების მიღებას ითხოვდნენ. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "დრონი", 25 მარტი 1999 წელი