EN

მოვაჭრეები საგადასახადო ცვლილების წინააღმდეგ

left arrow

2010

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2010 წლის 1-4 თებერვალი

პროტესტის არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია, გაფიცვა

პროტესტის მიზეზი

საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც მოვაჭრეებს ეგონათ რომ საცალო ვაჭრობის დროსაც ზედნადების ატვირთავს ავალდებულებდა

ლიდერები/ორგანიზატორი

გარემოვაჭრეები
ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი

მთავარი მოთხოვნა

გაუქმდეს საკანონმდებლო ცვლილებები და ზედნადების ატვირთვის ვალდებულება არ დაეკისროც საცალო მოვაჭრეებს

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

ფინანსთა მინისტრმა განუმარტათ რომ ზედნადების ატვირთვის ვალდებულება საცალო ვაჭრობაზე არ ვრცელდებოდა და არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ აქციის მონაწილეებს

2010 წლის პირველ თებერვალს ძალაში შევიდა საკანონდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც  სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ პირებს მაქსიმუმ ხუთიათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, თუ არასაცალო პროდუქციას სასაქონლო ზედნადების გარეშე გაყიდნენ. თუმცა მოვაჭრეები შიშობდნენ, რომ საცალო ვაჭრობასაც შეეხებოდა ცვლილებები.

საგადასახადო კოდექსის ცვლილების ამოქმედების დღეს თბილისის ზოგიერთი ბაზრობის ვაჭრებმა აკაკი წერეთლის ძეგლთან – იქ, სადაც ბოლო 15 წელია, გარევაჭრობა მიმდინარეობდა, გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს და გაფიცვითაც დაიმუქრნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაახმიანა: შეჩერდეს და გაუქმდეს მიღებული გადაწყვეტილება და შემდეგ, მომავალში რომ არ მოხდეს ეს ამბავი, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი”.

ორ თებერვალს მოვაჭრეები მართლაც გაიფიცნენ და პარლამენტთან შეიკრიბნენ. იმავე დღეს ზუგდიდშიც გააპროტესტეს მიღებული ცვლილებები. ბაზრობისა და სუპერმარკეტების ათეულობით მოვაჭრე ამ დღეს დილიდან გაიფიცა. მოვაჭრეებმა აქცია საგადასახადო სამსახურის რეგიონული სამმართველოს შენობასთნ გამართეს. 

მათი პროტესტის მიზეზით გაკვირვებას ვერ მალავდნენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რადგან სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა საგადასახადო კოდექსში ადრეც იყო და ახლა მხოლოდ ჯარიმების მოცულობა დაკონკრეტდა. საცალო ვაჭრობას კი ეს რეგულაცია არ ეხებოდა. ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოვაჭრეებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ: ”ის, რომ საცალო ვაჭრობას შეეხება, არის ტყუილი და ხალხის შეცდომაში შეყვანა”.

კახა ბაინდურაშვილის მცდელობა, პრობლემა პრესაში გაკეთებული განცხადებებით გადაეჭრა, უშედეგო აღმოჩნდა. ბაინდურაშვილი ეგრეთ წოდებულ ელიავას ბაზრობასაც ესტუმრა და იქ დასაქმებულ მოვაჭრეებს გაესაუბრა. მისმა განმარტებამ, რომ სასაქონლო ზედნადების მოთხოვნა ბაზრობებზე საცალო ვაჭრობას არ შეეხება, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არ დააკმაყოფილა. კობა დავითაშვილმა ფინანსთა მინისტრს მოსთხოვა, შეექმნა დოკუმენტი, რომელსაც გაამრავლებდნენ, მისცემდნენ მოვაჭრეებს,  “რათა როდესაც მიადგება საგადასახადო ინსპექცია და მოსთხოვს, აჩვენონ ფინანსთა მინისტრის წერილი”.

კობა დავითაშვილმა ასეთი მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს 3 თებერვალს ოფიციალურად მიმართა. ოფიციალურ წერილს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა, ასევე ოფიციალურად, მეორე დღესვე წერილობითი ფორმით უპასუხა. ბაინდურაშვილმა სამინისტროს ბლანკიან ფურცელზე დაწერილი განმარტება სპეციალურ ბრიფინგზე ტელეკამერების წინ წაიკითხა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეკონომიკის ექსპერტები ამბობდნენ, რომ ფინანსთა მინისტრის განმარტების აუცილებლობა საგადასახადო კოდექსის ორაზროვანმა შინაარსმა განაპირობა, რომელიც საგადასახადო ინსპექტორს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა. 

Media

კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი გარე მოვაჭრეების აქციაზე, 2010 წელი

კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი გარე მოვაჭრეების აქციაზე, 2010 წელი

ფოტო: რადიო თავისუფლება

გარემოვაჭრეების აქცია რუსთაველზე, 2010 წლის 2 თებერვალი

გარემოვაჭრეების აქცია რუსთაველზე, 2010 წლის 2 თებერვალი

ფოტო: რადიო თავისუფლება