2010 წლის 11 იანვარს გორის რაიონში მთელი დღის განმავლობაში დევნილთა საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი პირველად კარალეთის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა გადაკეტეს და ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვეს. იმ დღეს 400-ოჯახიან დასახლებას „ენერგოპროჯორჯიამ“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც დევნილთა აღშფოთება გამოიწვია. მათი დავალიანება 100-დან 500 ლარამდე მერყეობდა.
იმ პერიოდში სახელწიფო 2008 წლის ომის შედეგად დევნილ ოჯახებს ყოველთვიურად უფარავდა 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის მოხმარების გადასახადს, რაც 2009 წლის ოქტომბერში შეწყდა. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათთვის წინასწარ არავის უცნობებია, რომ ოქტომბრიდან გადახდა მათ დაეკისრებოდათ. ამბობდნენ, რომ დავალიანების დაფარვას არ აპირებდნენ, რადგან ხელისუფლების დაპირება – 18 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ – ჯერ არ იყო შესრულებული. გარდა ამისა, დევნილები ენერგოკომპანიის მონაცემებს არ ენდობოდნენ და მრიცხველების შემოწმებას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან პოლიციამ აქცია დაარბია. დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ სამართალდამცავები ქალებს სცემდნენ.
მოგვიანებით შელაპარაკება მოხდა „ენერგოპროჯორჯიას“ წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბალახაშვილი ამბობდა, რომ დავალიანება ყველას უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში დენის მიწოდება ვერ აღდგებოდა.
ენერგოკომპანიამ დევნილებს შესთავაზა, რომ პირველ ეტაპზე ყველას 20 ლარი გადაეხადა, რაც სახელმწიფოს მიერ ლიმიტირებული 100 კილოვატიდან გამოიქვითებოდა. აქციის მონაწილეებთან მივიდა დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძეც, რომელმაც ენერგეტიკოსების მიერ მრიცხველებიდან აღებული ჩვენებები და, შესაბამისად, გადასახადები ეჭვქვეშ დააყენა.
გორთან აქცია ჯერ დასრულებული არ იყო, რომ, იმავე მოთხოვნით, სოფელ ხურვალეთთან იქვე ჩასახლებულმა დევნილებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. პოლიციამ აქაც ძალა გამოიყენა. კარალეთელებისგან განსხვავებით, ხურვალეთში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია ხუთი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. ხურვალეთში არც ბუნებრივი აირი ჰქონდათ და არც შეშა.