2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადაცემა “სპეციალურ რეპორტაჟში” გავიდა საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” მოდელირებული ვერსია, თითქოს, საქართველო-რუსეთს შორის ომი განახლდა.
მოდელირებულ პროექტს 2 ნაწილი ჰქონდა: ტოკშოუ და საინფორმაციო გამოშვება. დასაწყისში ტოკშოუს წამყვანმა მოკლე ტექსტით წარადგინა საინფორმაციო გამოშვება და აღნიშნა, რომ მაყურებელს წინ ელოდა იმიტირებული ამბავი: ”გიფიქრიათ როდესმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულზე? …გვინდა შემოგთავაზოთ საინფორმაციო გამოშვების, ”ქრონიკის”, საგანგებო, მოდელირებული გამოშვება“.
ამის შემდეგ დაიწყო საინფორმაციო გადაცემის იმიტირებული ვერსია, რომელშიც გამოყენებული იყო სხვადასხვა დროს გადაღებული როგორც ომის, ასევე, მიტინგების დაშლისა და საავადმყოფოებში მოთავსებული სისხლიანი დაჭრილების საარქივო კადრები. ეს იმიტირებული პროექტი „იმედზე“ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად გავიდა და ვინც ახალი ამბების საყურებლად არხზე 2-3 წუთის დაგვიანებით გადართო, ვერ გაიგო, რომ მომდევნო 30 წუთის განმავლობაში გამოგონილ ამბებს უყვებოდნენ.
გადაცემა ჯერ დასრულებული არ იყო, რომ საზოგადოების ნაწილი “იმედის” შენობასთან მივიდა გასაპროტესტებლად. ნაწილი მათგანი შეძახილებით ხვდებოდა ტელეკომპანიიდან გამოსულ გადაცემის მონაწილეებს და აკრიტიკებდა იმის გამო, რომ გადაცემის მსვლელობისას არაფერი თქვეს გამოგონილ ამბავზე.
აქციის მონაწილეებს მოგვიანებით პოლიტიკოსებიც შეურთდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ ”იმედმა” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი დაარღვია.
გადაცემის დასრულებიდან დაახლოებით საათნახევარი იქნებოდა გასული, როდესაც ”იმედზე” გამოჩნდა მორბენალი სტრიქონი: ”ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას ”სპეციალურ რეპორტაჟში” გასული იმიტირებული ”ქრონიკის” გამო, რომელიც არ ასახავდა სინამდვილეს”.
ამ გადაცემამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი კონფლიქტის ზონაში ხალხმა საცხოვრებელი სახლები დატოვა, მოსახლეობის ნაწილი ტყეში გაიხიზნა. რიგები იყო ბენზინგასამართ სადგურებთან და სასურსათო მაღაზიებში. კატასტროფულად გახშირებული გამოძახებების გამო სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
საპროტესტო აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა. “ქრონიკას” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ. აქციაზე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 13-ე მუხლის ბეჭდური ვერსია გაავრცელეს, რომელიც, მათი აზრით, ტელეკომპანია ”იმედმა” დაარღვია. ამ მუხლის თანახმად, “აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული”.
სოციალურ ქსელებში არ შეწყვეტილა დისკუსია ”იმედის” ირგვლივ, მოქალაქეებმა გადახაზული “იმედის” ლოგო ფეისბუქში ე.წ. პროფილის ფოტოდ დაიყენეს. პროტესტის მიუხედავად, “იმედის” ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ არ აპირებდა არხის დატოვებას და არც საკადრო ცვლილებებს განიხილავდა. “ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხალხის დაპანიკება, არამედ გვსურდა, მათთვის რუსეთში მომზადებული სცენარი გაგვეცნო”, – განმარტა არველაძემ.
ამ პროტესტის ფონზე “იმედი” მხოლოდ ერთმა, გადაცემა ”ჟურნალისტის დღიურის” ჟურნალისტმა, იასე ცინცაძემ დატოვა.