2010 წლის 26 მარტს გორის რაიონის სოფელ ერგნეთის მოსახლეობამ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად მთავრობის დახმარება მოითხოვა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება სუბსიდიას დაჰპირდა, თუმცა პირობა არ შესრულდა.
ერგნეთელების თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ და მოსავლის გარეშე დარჩებოდნენ.
სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომამდე სარწყავ წყალს ცხინვალიდან იღებდა, მაგრამ ეს არხი დიდი ხანია, გადაკეტილი იყო. გარდა ამისა, სოფლის ჩრდილოეთით, ცხინვალის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები გაუნაღმავი იყო და იქ მოსახლეობა შესვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ ისინი ხელისუფლებას კომპენსაციას სთხოვდნენ.
ერგნეთელები საპროტესტო აქციის გამართვას თბილისში აპირებდნენ, მაგრამ მათი თქმით, პოლიციელებმა ავტობუსებს ჯერ გზა გადაუკეტეს, შემდეგ კი აქციის მონაწილეები გორში გამგებელთან შესახვედრად ჩაიყვანეს.
ერგნეთელების თქმით, გამგებელთან შეხვედრა უშედეგო იყო, რადგან კომპენსაციის გაცემის საკითხს ადგილობრივი ხელისუფლება ვერ წყვეტდა, ეს ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მათ მხოლოდ მიწის სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფას დაჰპირდა. მას შემდეგ, რაც ცხინვალმა სარწყავი არხები გადაკეტა, სოფელ ნიქოზთან მდინარე ლიახვზე კაშხალი აიგო, რომლის მეშვეობითაც გორის და ქარელის რაიონები უნდა მოერწყათ, მაგრამ ეს კაშხალი ერგნეთზე დაბლა იყო, ამიტომ წყალი თვითდინებით სოფლში ვერ მიაღწევდა.