2005 წლის 30 ივნისს თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ალექსი დავითაშვილსა და სპორტსმენ გიორგი რევაზიშვილს (მეტსახელად “ჯღანა”) თბილისის საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, სპორტსმენები თანხას სამარშრუტო ტაქსის მძღოლებსა და ბაზარში მოვაჭრეებს სძალავდნენ. მათ მფარველობდნენ ე.წ. “კანონიერი ქურდები” – რამაზ ჯინჭარაძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, ტარიელ ონიანი და სულხან თვალჭრელიძე და შს სამინისტროს მეექვსე გაყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი დავით კაჭკაჭიშვილი. დანაშაულებრივ ჯგუფს სათავეში ედგა ყოფილი მოჭიდავე დავით ქარსელაძე მეტსახელად “კალატოზა”, რომლის ძმა ვასილ ქარსელაძე იგივე “ბოი ვასო” დაკავებული მოჭიდავეების ადვოკატი იყო.
როგორც პრესა წერს, მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაკავებულების ახლობლებმა “სასამართლო დარბაზი ნაომარ ველს დაამსგავსეს”, ისმოდა გინება პრეზიდენტისა და შს მინისტრის მისამართით.
ახლობლები გამორიცხავდნენ სპორტსმენების მხრიდან თანხის გამოძალვის მცდელობას. მათი განცხადებით, საქმეში დაზარალებულად ცნობილ გივი იორდანოვს, რომელსაც თითქოს თანხას სძალავდნენ, ალექსი დავითაშვილის ვალი ჰქონდა. სასამართლო შემდეგ რევაზიშვილისა და დავითაშვილის ახლობლებმა ქართველ სპორტსმენებთან ერთად რუსთაველის გამზირი გადაკეტეს – ისინი დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოჭიდავეები იმუქრებოდნენ, რომ რუსთაველი იქამდე იქნებოდა გადაკეტილი, სანამ დაკავებულებს არ გამოუშვებდნენ. მოჭიდავეების გვერდით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
სავალი ნაწილიდან მომიტინგეთა გადაყვანას შეეცადა პოლიცია, შემდეგ კი საქმეში ჩაერთო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პოლიციელები, უშიშროების ოპერატიული მუშაკები. ამან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, რადგან რთულად გასარჩევი იყო მომიტინგე და სამართალდამცველი. დემონსტრანტები მათ არ ემორჩილებოდნენ და დარტყმას დარტყმით პასუხობდნენ. მალე სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა, რომლებმაც ძალა გამოიყენეს მომიტინგეთა მიმართ და, როგორც გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს, უფორმო პოლიციელებიც “შემოელახათ”. რუსთაველზე მივიდნენ ანტიტერორისტული ცენტრის სპეცრაზმელებიც ყველგანმავალი “დოჯებითა” და ავტომატებით. ბოლოს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს სპეცრაზმიც გამოჩნდა, ფარებითა და ხელკეტებით აღჭურვილი. საბოლოოდ მიტინგი დაშალეს.
რუსთაველზე მომხდარმა ამბავმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პარლამენტში ამ საკითხის განხილვას შეხლა-შემოხლა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მომხდარს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ალექსანდრე რონდელმა, გია ნოდიამ, დავით დარჩიაშვილმა და თეა თუთბერიძემ ერთხმად აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება რუსთაველის პროსპექტზე და ის პირებიც აუცილებლად უნდა დაისაჯონ, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს შენობა დაარბიეს. მათი თქმით, არალოგიკური იყო ხელისუფლების ქმედება, როდესაც უსუსურობა გამოავლინა დილით სასამართლოსთან მომხდარის გამო, უფრო მეტიც, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა დაკავებულების ახლობლებთან, საღამოს კი ძალის გამოყენება გახდა საჭირო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მიიჩნევდა, რომ სპეცრაზემელებმა ძალას გადაამეტეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა დოლიძის განცხადებით, დაუშვებელი იყო სისხლის სამართლის წესით მომიტიგეთა დაკავებაც. მისი ინფორმაციით, 10 ადამიანი იყო დაკავებული. 8 მათგანი მალევე გაათავისუფლეს. რესპუბლიკური პარტია ყველაზე პრობლემურად მიიჩნევდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამართალდამცველების მიერ ხალხის დაკავებას. სახალხო დამცველ სოზარ სუბარს კი მიაჩნდა, რომ უფრო მკაცრი ზომები შეეძლო გამოეყენებინა ხელისუფლებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დარბევისა და რუსთაველის გადაკეტვის გამო, დაკავებულ ხუთ მოქალაქეს – გიორგი საურს, კარლო კუბლაშვილს, დიმიტრი ტურაშვილს, ბადრი გოგიასა და იმედა ზურაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ორი მათგანი ბადრი გოგია და იმედა ზურაბიშვილი სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე ინციდენტისას, 30 ივნისს დააკავეს, დანარჩენები კი – 2 ივლისს, სასამართლოში გადაღებული კადრების შესწავლის შემდეგ.