2005 წლის 28 ივნისს წყაროსთავის და ნინოწმინდის მოსახლეობამ აქცია გამართა და ნავთობმომპოვებელი კომპანია “კანარგო ჯორჯიასგან” მკურნალობის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. ამბავი ერთი წლით ადრე დაიწყო, როცა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მე-100 ჭაბურღილიდან დიდი რაოდენობით ნავთობი და გაზი 2004 წლის 10 სექტემბერს ამოიფრქვა. ღია შადრევნის დალუქვა სპეციალისტებმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხეს. მაშინ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განკარგულებით, ბირთვული სამსახურის თანამშრომლებმა ავარიულ ტერიტორიაზე რადიაცია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ რადიაციის მომატება ნორმის ფარგლებში იყო და ადგილობრივების შეშფოთება უსაფუძვლო იყო. მოსახლეობამ კომისიის დასკვნა მაშინვე ეჭვქვეშ დააყენა, რადგან სოფელში სხვადასხვა სიმპტომით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობდა. მოსახლეობა ამბობდა, რომ ნინოწმინდის გარდა, წყაროსთავის და საგარეჯოს ნაწილის მოსახლეობაც მოიწამლა. ადგილობრივების თქმით, ნავთობის ამოფრქვევის შედეგად გულსისხლძარღვთა დაავადებებთან ერთად, ხშირად სასუნთქი გზების ალერგია, წყლულოვანი გამონაყარი და მხედველობის დაქვეითება დაეწყოთ. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სოფელში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა.
“ჩვენს უბანში ყოველ კვირას მკვდარია, ცოცხლად დარჩენილები ერთმანეთს თვალებში შევყურებთ, ეხლა ვისი ჯერი იქნებაო”, – აცხადებს ნინოწმინდის მკვიდრი დარიკო ივანიაშვილი, რომელიც მომხდარიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის 28 ივნისს გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.
ნინოწმინდელები ამბობდნენ, რომ ნავთობკომპანიის და რეგიონის ჯანდაცვის სამსახურის მკაცრი გაფრთხილებით, ექიმები დაავადებულებს ზუსტ დიაგნოზს არ ეუბნებოდნენ. ამას კატეგორიულად უარყოფდა ჯანდაცვის სამსახურის კახეთის წარმომადგენლობა და ამბობდა, რომ მოსახლეობა ნავთობისგან ნამდვილად დაავადებულია, თუმცა საგანგაშო არაფერია.
ვითარების გასარკვევად ნინოწმინდაში, გარემოს დაცვის სამინისტროს, ჰიგიენის ინსტიტუტის, სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონული ჯანდაცვის სამსახურთან ერთად, “კანარგო ჯორჯიას” ხელმძღვანელიც ჩავიდა. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მათ დაზარალებულებს, სხვადასხვა კომპენსაციასთან ერთად, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” პოლისებიც დაურიგეს.
“პრობლემა აქ ის არის, რომ პოლისებში არ წერია ისეთი დაავადებები და მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება რამდენიმეს დასჭირდეს. ამიტომ ამ საქმეში უშუალოდ მე ჩავერთვები და მოვითხოვ სტატისტიკურ მონაცემებს, რა დაავადებებია წინა პლანზე, რათა პოლისში ჩაიწეროს ის, რაც ნამდვილად სჭირდება ავადმყოფს”, – აცხადებდა ჯანდაცვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი გაგა ღამბაშიძე.
ადგილობრივი მოსახლეობა ნავთობმომპოვებელ კომპანიას ორი კვირით ადრე თავდამტყდარ სტიქიაშიც ადანაშაულებდა. იმისათვის, რომ ნავთობმომპოვებელი კომპანიის მანქანებს სავალი გზა ჰქონოდათ, სოფელში მდებარე “გოგილოს ხევი” რამდენიმე ადგილას ხელოვნურად გადაკეტეს. ძლიერი წვიმის დროს კი, მდინარის ადიდება, სწორედ ამ ხელოვნურმა დამბებმა გამოიწვია. თავსდამტყდარმა წყალდიდობამ კი სოფელში სასმელი წყლის სათავე-ნაგებობაც დააზიანა, რის გამოც, სასმელ წყალს ნავთობი შეერია და მოსახლეობის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეუქმნა. “ორი კვირაა ნავთშერეულ წყალს ვხმარობთ. ისედაც დაავადებულ ხალხს უარესი დაგვემართა”, – უთხრა გაზეთ “24 საათს” ნინოწმინდელმა ნათელა ივანიაშვილმა.
28 ივნისს მოსახლეობასა და ნინოწმინდაში ჩასულ სტუმრებს შორის კამათი და ხმამაღალი გარჩევა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მარიკა სუხიშვილს, რომელსაც გერმანულმა კლინიკამ მოწამლული წყლის და ჰაერის გამო სისხლში დიდი რაოდენობით ბენზოლი დაუდგინა, აქციის მსვლელობის დროს გული წაუვიდა. მოსახლეობა ნინოწმინდიდან “კანარგო ჯორჯიას” გასვლას ითხოვდა.
როგორც “კანარგო ჯორჯიას” ხელმძღვანელმა ნიკო თევზაძემ განაცხადა, კომპანია ზარალს მხოლოდ იმ შემთხვევაში აანაზღაურებდა, თუ მოსახლეობა შესაბამის სამედიცინო დასკვნებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს წარმოადგენდა. მისი თქმით, გარდა სამედიცინო მომსახურებისა, მან, კომპენსაციის სახით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები და მოსავალი გაუფუჭდა, 875 ათასი ლარი გამოყო. მოსახლეობა კი ამბობდა, რომ ამ ფულს მათთან არ მიუღწევია. აღელვებული მოსახლეობის დამშვიდებას პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში პეტრე ცისკარიშვილი ცდილობდა. აქცია რამდენიმე საათში დასრულდა, მაგრამ მოსახლეობის ბრძოლა გრძელდებოდა. მათ საამართლოს მიმართეს და კომპანიისგან კომპენსაციის სახით 29 მილიონი ლარი მოითოხვეს.
ნინოწმინდის მოსახლეობა ამბობდა, რომ 2007 წლის 30 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვიძემ დააკმაყოფილა მათი ადვოკატის შუამდგომლობა და ეკოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა. თუმცა, მოგვიანებით საქმიდან ეს გადაწყვეტილება გაქრა. საქართველოში ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ, როცა მათი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2011 წელს ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით დაზარალებული 2 420 ადამიანის საჩივარი გადაიგზავნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. თუმცა ამ დავის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.