2005 წლის 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბრის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში საერთაშორისო ქორეოგრაფიული ცენტრი განთავსდებოდა. მოსწავლეთა სასახლე კი ჩიქობავას ქუჩაზე ყოფილი საბალეტო სკოლის შენობაში გადაინაცვლებდა. ამის შესახებ სასახლის ხელმძღვანელს ქალაქის პრემიერმა ორი დღით ადრე აცნობა, კულტურის სამინისტროში კი ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებასთან ერთად გაიგეს. ოფიციალური დადგენილება ჯერ არ არსებობდა. 1 სექტემბერს სასახლესთან პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომელსაც ცნობილი ადამიანებიც შეუერთდნენ – სხვადასხვა თაობის “მზიურელები”, აგრეთვე, ნინელი ჭანკვეტაძე, ზურაბ ყიფშიძე, ირაკლი კაკაბაძე, რამაზ საყვარელიძე… ყველა გამომსვლელი განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავდა ქალაქის მერის გიგი უგულავას გამონათქვამზე, რომ სასახლე არის კომუნისტური გადმონაშთი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სტუდიისთვის გადაცემის პროცესი დროებით გადაიდო. მან სპეციალური განკარგულება გასცა, განსაკუთრებულად იქნეს შესწავლილი აღნიშნული საკითხი და გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ისე მოხდეს, რომ მის სამართლიანობაში არც მოსწავლესა და არც მასწავლებელს ეჭვი არ შეეპაროს. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის გია შალამბერიძის განცხადებითაც, ამის შემდეგ სასახლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.