2023 წლის 10 მაისს მეხორბლეებმა წნორში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ფერმერები ჩიოდნენ, რომ ბაზარზე არსებული ფასის გამო წინა წელს მოყვანილ ასობით ტონა ხორბალს ვერ ყიდდნენ, ამასობაში კი ახალ მოსავალს ელოდნენ. ისინი მთავრობისგან დახმარებას ითხოვდნენ.
როგორც თავად ამტკიცებდნენ, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს 20 ათასი ტონა მარცვლეული ჰქონდათ გასაყიდი, იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზაციას ვერ შეძლებდნენ, მოსავლის გადაყრა მოუწევდათ. ფერმერებმა წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს და ტომრებით მიტანილი ხორბალი დაყარეს.
ისინი ელოდნენ 15 მაისს დანიშნულ მთავრობის სხდომას, რის შემდეგაც გადაწყვეტდნენ გააგრძელებდნენ თუ არა პროტესტს. მთავრობამ საკითხის გადაჭრა ასე გადაწყვიტა – ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი დააწესა.ამ წესით, იმპორტიორი, რომელიც 200 კგ-ზე მეტ ხორბლის ფქვილს შემოიტანდა, თითოეული კილოგრამზე 20 თეთრს გადაიხდიდა. რეგულაცია 1 ნოემბრამდე მოქმედებდა. ამასთან საიმპორტო გადასახადის ამოქმედების პარალელურად, წისქვილები ვალდებულნი ხდებოდნენ, ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი კონკრეტულ ფასად შეესყიდათ.