EN

კორტების სპეცოპერაცია

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის 2 მაისიდან

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ბუტა რობაქიძის საქმის გამოუძიებლობა

ორგანიზატორი

იური ვაზაგაშვილი

მთავარი მოთხოვნა

სამართლიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. საქმის ხელახალი გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე (საშა) ხუბულოვი მოკლეს. მედია ამ ამბავს მოიხსენიებს როგორც კორტების სპეცოპერაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ვაზაგაშვილი იყო ყაჩაღური ჯგუფის წევრი, რომელიც თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდა, რაც სამართალდამცავებმა აღკვეთეს. თუმცა, ოჯახი შს სამინისტროს ამ განმარტებას არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევდა. ვაზაგაშვილისა და მისი მეგობრების შესახებ პოლიციას ჰქონდა მხოლოდ წინასწარი ოპერატიული ინფორმაცია და არა – დანაშაულის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ის, რომ მათ, როგორც დადასტურებულად დამნაშავეებს ადევნებისას ცეცხლი ხალხმრავალ, მანქანებით გადაჭედილ ქუჩაზე გაუხსნა. . კრიმინალური პოლიციის ვერსიით,  სამართალდამცავებმა მანქანას, რომელშიც ალექსანდრე ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბუბა ბუთურიძე ისხდნენ, თავდაპირველად საბურავები დაუცხრილეს, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. ისევ ოფიციალური ინფორმაციით, ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია იმის გამო გახდა გარდაუვალი, რომ მათ მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელი და დაზიანდა სამართალდამცავების ავტომანქანა. გამოძიება 2007 წელს დაიხურა

ბრძოლა დამნაშავეთა დასასჯელად

ადამიანის უფლებების დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეს ამბავი მაშინვე შეფასდა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებად. კორტების სპეცოპერაცია 2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის და 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ძალადობის მაგალითად იქცა. სახალხო დამცველმა მაშინვე დაასკვნა, რომ საქმე ჩასაფრებით განხორციელებულ განზრახ მკვლელობად კვალიფიცირდებოდა. თუმცა, სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისე შეწყდა, რომ არავინ დასჯილა. მოკლული ახალგაზრდის მშობლებს დაზარალებულის სტატუსი მოეხსნათ. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი დიდხანს ცდილობდა სამართლის პოვნას, მათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართეს. 

სპეცოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ, 2011 წლის 2 მაისს, ყოფილი კორტების მიმდებარედ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა  კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქმის სამართლიანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.  საქმეების სამართლიანი გამოძიების მისაღწევად  2009 წელს შექმნეს მოძრაობა „გადაარჩინე  სიცოცხლე“, დამფუძნებლებს შორის იყვნენ პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდების მამები: იური ვაზაგაშვილი – ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, სოსო რობაქიძე – 2004 წელს მოკლული 19 წლის  ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა და ჯამბულ გამცემლიძე – 2008 წელს მოკლული 31 წლის გიორგი გამცემლიძის მამა.

რობაქიძისა და გამცემლიძის საქმეები

  • ბუტა რობაქიძის საქმე:  დიდუბის ეკლესიასთან პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. გასროლამდე, ბუტა რობაქიძისა და მის თანმხლებთა მანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულში“ ნაჩვენები ვიდეოს თანახმად, რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა რობაქიძეს თავდაცვის მიზნით ესროლა. რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები პასუხისგებაში მისცეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. 2006 წელს პოლიციელ გრიგოლ ბაშალეიშვილს სასამართლომ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ოჯახი ამბობდა, რომ გამოძიება მაღალჩინოსნებს აფარებდა ხელს.
  • გიორგი გამცემლიძის საქმე: 2008 წლის 8 მაისს საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი დაედევნა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას, რომელსაც გიორგი გამცემლიძე მართავდა. ზანდუკელის ქუჩაზე მანქანა ბორდიურს შეეჯახა, გიორგი გამცემლიძემ იქვე მდებარე  ავტოფარეხის სახურავზე აძრომით გაქცევა სცადა.   მას პოლიციელი გაეკიდა და პისტოლეტი ესროლა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილების ან/და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე. გამცემლიძე ადგილზე გარდაიცვალა. 2009 წლის 16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლო, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვახტანგ აბუაშვილი დამნაშავედ სცნო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის, მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით და ორი წლით პირობით გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა 41,500 ლარის გადახდა გარდაცვლილის მეუღლის სასარგებლოდ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, ამტკიცებდა, რომ დანაშაულის  კვალიფიკაცია და სასამართლოს განაჩენით პოლიციელისთვის დაწესებული სასჯელი არაადეკვატური იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ 2009 წლის 26 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4 წელიწადში სამართალდამცავების მიერ იარაღის გამოყენების შედეგად დაღუპული იყო 54 ადამიანი. 

ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და გამცემლიძის ოჯახის წევრები დამნაშავეთა დასჯას რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მკვლელობის დღეს კი კორტებთან იკრიბებოდნენ (იქ, სადაც შემდეგ იუსტიციის სახლი აშენდა). მაგალითად, 2012 წლის 2 მაისს აქციის მონაწილეებმა ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოები და სხვადასხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს. ”არ შეგრჩებათ ზურაბ ვაზაგაშვილი”, ”შენი სიცოცხლე საფრთხეშია”, ”დაისაჯონ მკვლელები”, ”გადაარჩინე სიცოცხლე”… იქვე ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და სხვა ძალოვანი უწყებების ჩინოვნიკების ფოტოებიც გამოფინეს, რომელთაც თავზე ეწერა: “მკვლელია”.   

აქციების მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ვაზაგაშვილების ოჯახმა სამართლის პოვნა ვერ შეძლო. 2015 წლის 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს მოქმედ პოლიციელს გიორგი (გია) სოსანაშვილს, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ხელახალი გამოძიების შედეგები

ამ საქმეების ხელახალი გამოძიება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.  წლების შემდეგ თითოეულ საქმეზე ასეთი შედეგი დადგა:

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე:

2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ საქმე გახსნილად გამოაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველებმა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას „პირადი დაინტერესების“ გამო დახოცეს. საქმე ისაა, რომ 2006 წლის 07 აპრილს სოდის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა და ეს მოხდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველებს მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა. ირაკლი ფირცხალავამ შურისძიება სწორედ ამის გამო გადაწყვიტა. ავტომანქანას, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, 97 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მას სამართალდამცველებმა სროლა მაშინ დაუწყეს, როცა შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე იყო გაჩერებული. ამ საქმეზე 11 პირი დააკავეს. 5 მათგანს პატიმრობა მიუსაჯეს. 2017 წელს განაჩენი ძალაში დატოვა და პატიმრობაში დარჩნენ ირაკლი ფირცხალავა, გიორგი ცააძე, ლევან ბეროძე, გრიგოლ კვინიკაძე და კახაბერ ნაკანი.

ვაზაგაშვილის ოჯახმა საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც მოიგო.   გადაწყვეტილება სასამართლომ 2019 წლის 18 ივლისს მიიღო და ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლების დარღვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც დადგინდა. სასამართლომ საქართველოს  50 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ბუტა რობაქიძის საქმე:

5 წლიანი სასამართლო განხილვები 2018 წელს დასრულდა. ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა BMV-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახა აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ამირან (ბუტა) რობაქიძე. გიორგი ქურდაძის გარდა ყველა მათგანი გადმოსული იყო მანქანიდან და ესაუბრებოდა საპატრულო ეკიპაჟს. გიორგი ქურდაძემაც გადაწყვიტა მანქანიდან გადმოსვლა, რამაც გამოიწვია უნებური ხმაური. ხმაურზე პატრულის თანამშრომლები დაიძაბნენ და გამოიძახეს დამხმარე ეკიპაჟი. დამხმარე ეკიპაჟი ლევან ლობჟანიძისა და გიორგი ბაშალეიშვილის შემადგენლობით რამდენიმე წუთში მივიდა ადგილზე. პატრულმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე.

პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლად შექმნილი „პატრულის იმიჯის“ გადასარჩენად მტკიცებულებები გააყალბეს.  ადგილზე მიიტანეს  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე. ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით. ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ 2018 წელს ბუტა რობაქიძის საქმეზე იმ დროისთვის უკვე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნეს. 4 მათგანს პატიმრობა მიესაჯა. ზაზა ბაქრაძეს კი, რომელმაც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და სასჯელის სახით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრეს. მოგვიანებით ბრალი აღიარა გურამ დონაძემაც და საპროცესო შეთანხმების შემდეგ 2020 წელს საპატიმრო დატოვა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე დანაშაულის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე, 2019 წლის 19 ნოემბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ბრალი წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. მკვლელობის დროს ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო ადეიშვილი – გენერალური პროკურორი. ოქრუაშვილს ახალი ბრალი მაშინ დაუმატეს, როცა ის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო – ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაკავებული. ეს ბრალი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნიეს. ამ საქმეზე ბოლო ინფორმაცია მედიაში 2025 წლის 12 ივნისს იძებნება, სასამართლოში არსებითი განხილვა იმდინარეობდა.

გიორგი გამცემლიძის საქმე:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2010 წლის 10 მარტს გიორგი გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით  საჩივრით „გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. 2014 წელს, ახალი ხელისუფლების პირობებში, ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს მთავრობამ გამცემლიძის სიცოცხლის უფლების დარღვევა აღიარა. სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პოზიციის (ცალმხრივი დეკლარაციის) თანახმად: „მთავრობა მზად არის ჩაატაროს ხელახალი გამოძიება ბატონი გიორგი გამცემლიძის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე; უზრუნველყოს მომჩივნების მონაწილეობა გამოძიების პროცესში, კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. გადაიხადოს 20,000 ევრო“. დაიწყო გამოძიებაც,მაგრამ 2018 წელს, როცა მედიაში უკანასკნელად იძებნება ცნობები ამ საქმის შესახებ, დასრულებული  არ იყო. 

Media

კორტების სპეცოპერაცია

კორტების სპეცოპერაცია

კადრი ვიდეოდან

ბანერი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას

ბანერი ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილას

2011 წლის 2 მაისი. ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

2011 წლის 2 მაისი, სეპცოპერაციის ადგილი

2011 წლის 2 მაისი, სეპცოპერაციის ადგილი

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილი, 2011 წლის 2 მაისი

ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილი, 2011 წლის 2 მაისი

ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი, რადიო თავისუფლება

გიორგი გამცემლიძე, ზურა ვაზაგაშვილი,  ბუტა რობაქიძე

გიორგი გამცემლიძე, ზურა ვაზაგაშვილი, ბუტა რობაქიძე