2011 წლის მაისის დასაწყისში „სახალხო კრებამ“, რომლის აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ნინო ბურჯანაძე იყო, საპროტესტო აქციები დააანონსა. საპროტესტო გამოსვლები 21 მაისს თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებით დაიწყო. იმ დღეს ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რეგიონში მათ აქტივისტებზე ზეწოლა იყო – დედაქალაქში წამოსვლაში ხელს უშლიდნენ. 21 მაისს, სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს მოუწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან (თბილისი, კოსტავას #68) მისულიყვნენ. ითხოვდნენ ეთერის დათმობას – სურდათ, საზოგადოებისთვის მიემართათ მთავარი საინფორმაციო გამოშვების მიმდინარეობისას, რომელიც 20:00 საათზე იწყებოდა. აქტივისტებმა კოსტავას ქუჩა გადაკეტეს და ის ღამე ტელევიზიასთან გაათენეს.
აქცია გაიმართა ბათუმშიც. 21 მაისს, საეთერო დროის დათმობის მოთხოვნით, ადამიანები შეიკრიბნენ აჭარის ტელევიზიასთანაც. გაურკვეველმა პირებმა ისროლეს ქვები, რის გამოც პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა „დარბევა“ მოულოდნელად დაიწყეს.
22 მაისს პოლიციამ დაარბია თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეკრებილებიც მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის ავტომობილები დროშის ტარებით დააზიანეს. ხალხის დაშლისას პოლიციელებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
22 მაისს სახალხო კრებისა და ქართული პარტიის ლიდერები სამოქმედო გეგმებზე სალაპარაკოდ შეხვდნენ ერთმანეთს. ქართული პარტიის ლიდერი, სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მისი პარტია „რეჟიმის შესაცვლელად გადამწყვეტ ბრძოლას“ 25 მაისს დაიწყებს, რომელიც, მისი თქმით, “ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“ გადაიქცევა. ამ პარტიის აქტივისტები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
აქციები იმართებოდა რეგიონებშიც.
საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აქციებს მასკარადი უწოდა, თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიება „ჩვეულებრივად“ ჩატარდებოდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან 5-დღიანი აქციების შემდეგ სახალხო კრების მხარდამჭერები 25 მაისს თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ, თუმცა პარლამენტთან შეჩერდნენ. ამ დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობდა სხვა პირების დაყოლიებას, გამოეყენებინათ „მოლოტოვის კოქტეილი”.
25 მაისს საღამოს სახალხო კრების ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეეცვალა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარების ადგილი. თბილისის მერიამ კი აქციის მონაწილეებს მიუთითა, თვითონ გადასულიყვნენ ალტერნატიულ ადგილზე გადასულიყვნენ. უწყების განმარტებით, რომ აქციათა ორგანიზატორებს დემონსტრაციების გამართვის თარიღად 21-25 მაისი ჰქონდათ მითითებული. „მანიფესტაციების შესახებ“ კანონით კი, აქციის გამართვის წინ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გაეფრთხილებინათ იმ შემთხვევაში, თუ აქცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო არეალში გაიმართებოდა. თუ იმავე დროს სხვა დემონსტრაცია იქნებოდა დაგეგმილი მუნიციპალიტეტი ცნობას არ მიიღებდა. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი აღლუმი იყო ჩანიშნული, ამიტომ აქცია 25 მაისს უნდა დასრულებულიყო.
26 მაისის დადგომისთანავე, რამდენიმე წუთში რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით, ცრემლმდენი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. პოლიცია დემონსტრანტებს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ოფიციალური მონაცემებით, მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის, 8 პოლიციელი, 1 ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი.
აქციის დაშლას მსხვერპლიც მოჰყვა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა თქვა, აქციის დაშლის დროს ნინო ბურჯანაძემ ტერიტორია ესკორტის თანხლებით დატოვა, გადაჭარბებული სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ორ ადამიანს – ერთ პოლიციელსა და ერთ დემონსტრანტს დაეჯახა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. პოლიციამ 105 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
აქციის დაშლის დროს სპეცრაზმმა მოქალაქეები „ალყაში“ მოაქცია და არ მისცა გასვლის შესაძლებლობა, ასე ახსნა შემდეგ ნინო ბურჯანაძემ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში „დაკარგული იყო“. როგორც მან მოგვიანებით თქვა, აქციის დაშლის დროს, მას თავში დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად კინოთეატრ „რუსთაველის“ სახურავზე „აღმოჩნდა“. ამბობდა, რომ ესროდნენ იარაღიდან, რადგან მისი ლიკვიდაცია სურდათ და, საბოლოოდ, სამშვიდობოს გასვლა ერთი შენობიდან მეორის სახურავზე გადასვლით შეძლო. ის იხსენებდა, რომ დაახლოებით 15 საათის განმავლობაში, აღლუმის მიმდინარეობის დროსაც კი, „მძიმე დაზიანებებით (ხილულად არ ეტყობოდა) თავს აფარებდა ერთ-ერთ შენობას”.
აქციის დარბევიდან მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ 26 მაისს კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, აქციის ორი მონაწილე დარბევის დროს იქვე მდებარე მაღაზიის სახურავზე აძვრა, სადაც დაზიანებულ ელექტროკაბელთან შეხების შედეგად დაიღუპნენ.
26 მაისის აქციის დარბევა დაგმეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა და სახეზე იყო დანაშაულის ნიშნები. Amnesty International ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებდა და აღნიშნავდა, რომ პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა ცემას გამართლება არ ჰქონდა.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, აღლუმის ჩაშლა კი “საქართველოს ფარგლებს გარეთ დაწერილი სცენარით” სურდათ. აქციის დარბევის შემდეგ გზა გაწმინდეს და დამოუკიდებლობის 20 წლისთავი საზეიმო აღლუმით აღნიშნეს. წინასწარ დაგეგმილი სცენარიდან ამოიღეს მხოლოდ ბოლო ნაწილი – სუხიშვილების ცეკვა ”ხორუმი”, რომელიც საპროტესტო აქციის დაშლის დროს ორი ადამიანის (ერთი სპეცრაზმელისა და ერთი მომიტინგის) დაღუპვის გამო აღარ შესრულდა.
მიტინგის დარბევისას დაკავებულთა ოჯახებს ოფიციალურად არ აცნობეს. 30 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ გაუჩინარებულად მიიჩნიეს. სიაში აღრიცხული იყო 50 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კი კვლავ აცხადებდა, რომ დაკარგულების შესახებ განცხადება არ მიუღიათ, შესაბამისად, არც ერთ მოქალაქეს დაკარგულად არ განიხილავენ.
14 ივნისს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის შენობის წინ, ქალთა ორგანიზაციების მშვიდობიანი აქცია გაიმართა. ისინი ითხოვდნენ დამნაშავეთა დასჯას და უდანაშაულო პირთა გათავისუფლებას, ღირსების შემლახავი მოპყრობის შეწყვეტას, გაუჩინარებულთა მოძიებას. ქალთა ორგანიზაციებმა პარლამენტში სპეციალური მიმართვა შეიტანეს.
იმავე დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ყველა იმ პირს, რომლებსაც 26 მაისის მოვლენების შემდეგ ახლობლები დაკარგულებად მიიჩნევდნენ და დახმარებისთვის სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა დროებითი დაკავების იზოლატორებში მიაკვლიეს.