EN

ცენტრ-პოინტის დაზარალებულები

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის 28 აპრილი – 2019 წლის 20 სექტემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი, რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ცენტრ-პოინტის კრიზისი

ლიდერები, ორგანიზატორი

დაზარალებული მობინადრეები, კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი

მთავარი მოთხოვნა

დასრულებულიყო მშენებლობები, მიეღოთ კომპენსაციები, დასჯილიყვნენ კომპანიის ხელმძღვანელები

პროტესტის ადრესატი

კომპანიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„დაგვაბრუნეთ სამშობლოში“, „თაღლითი და აფერისტი პარლამენტში არ უნდა იჯდეს! კერვალიშვილის ადგილი ციხეშია!“, „მოვითხოვთ კერვალიშვილის გასამართლებას“, „სად გაქრა მილიონები?“

ვიზუალური ელემენტები

ხაჭო, სასტვენები

პროტესტის შედეგი

საკითხის მოგვარებაში დედაქალაქის მერია ჩაერთო და დეველოპერებთან შეთანხმებით განახლდა მშენებლობის პროცესი. გარდა ამისა, სასჯელი მოიხადეს „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებმა მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“ 1999 წელს დაფუძნდა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ის ვახტანგ რჩეულიშვილმა, მისმა ცოლმა მაია რჩეულიშვილმა და მაიას დამ  რუსუდან კერვალიშვილმა დააფუძნეს. ამ ჯგუფში 70 სხვადასხვა კომპანია იყო გაერთიანებული. ვახტანგ რჩეულიშვილი – 1992-2004 წლებში, ხოლო რუსუდან კერვალიშვილი 2008-2012 წლებში პარლამენტის წევრები იყვნენ. კომპანიამ ე.წ. პირამიდის სქემის მეშვეობით ათასობით ადამიანის, მათ შორის ემიგრანტების, ნდობა მოიპოვა და მათ ისე მიჰყიდა ბინები, რომ მშენებლობა დაწყებული არ იყო. დაჰპირდნენ, რომ აშენების შემდეგ ბინები საკუთრებაში გადაეცემოდათ. შემოსავლად მიღებული 300 მილიონი დოლარი კომპანიამ არამიზნობრივად გამოიყენა, რის გამოც 6,2 ათასმა ოჯახმა დაკარგა თანხა და ვერ მიიღო ბინა.

“ცენტრ პოინტის” პრობლემები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაშკარავდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე 2008 წლის 12 დეკემბერს კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს მშენებლობების გაჩერების შედეგად კომპანიამ 1 მლნ. 300 ათასი დოლარი იზარალა.

2010 წლის 3 სექტემბერს ვახტანგ რჩეულიშვილმა თქვა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად აქტივები ახლად შექმნილ „დექსუსს“ გადაეცა იმ პირობით, რომ კლიენტებთან დაპირებულ ვალდებულებებს შეასრულებდა და გაჩერებულ მშენებლობებს დაასრულებდა. 2011 წელს „დექსუსმა“ რამდენიმე პროექტი დაასრულა, მათ შორის: CHAVCHAVADZE CORNER, „მაგნოლია“, „დიდი დიღმის ოაზისი“.

სხვა პროექტების დაუსრულებლობით უკმაყოფილო ადამიანების ნაწილმა, დაახლოებით 300-მა მოქალაქემ, ერთ-ერთი პირველი აქცია 2011 წლის 28 აპრილს გამართა საქართველოს პარლამენტის შენობასთან. მათ ჰქონდათ სასტვენები და პლაკატები წარწერებით: SOS, „სად არის ჩვენი ხელისუფლება“, „ცენტრ-პოინტი, დექსუსი – თაღლითები“. ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, რუსუდან კერვალიშვილისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და ჩაბარებული და დაუმთავრებელი მშენებლობების შესწავლის დაწყებას.

დაზარალებულმა ოჯახებმა 2011 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია“ დააფუძნეს, რომელიც დაახლოებით 100 ადამიანისგან შედგებოდა. დაზარალებულებმა სასამართლოში ათეულობით სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს: „ცენტრ პოინტსა“ და „დექსუსს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმება, უკვე დასრულებული ბინების გადაფორმება და კომპენსაცია. გადაწყვეტილებები 2011 წლის 29 ნოემბერსა და 2012 წლის 26 იანვარს გამოცხადდა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – კომპანიას მშენებლობის დასრულება ან დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა დაავალა, თუმცა, ამავდროულად, გაითვალისწინა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და გადაწყვეტილების აღსრულება გადაავადა.

სასამართლოს დასრულების მიუხედავად ცენტრ-პოინტის დაზარალებულები არ წყვეტდნენ პროტესტს. სხვადასხვა დროს აქცია გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და პრეზიდენტ სააკაშვილს პრობლემების მოგვარება სთხოვეს; სახალხო დამცველის აპარატთან კი ომბუდსმენს უნდობლობა გამოუცხადეს, რადგან უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ; იუსტიციის სამინისტროსთანაც მივიდნენ ობიექტური გამოძიების მოთხოვნით;  ტელეკომპანია „რეალ ტივისთან“ „დექსუსის“ შესახებ გასული სარეკლამო მასალაც გააპროტესტეს, შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია გაიმართა ბათუმშიც, სადაც „ცენტრ პოინტს“ მშენებლობა ჰქონდა წამოწყებული. 2012 წლის 23 თებერვალს აქციის მონაწილეებმა დეპუტატ კერვალიშვილს ხაჭო მიუტანეს, რადგან მან 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ დაზარალებულებს ვერაფრით დაეხმარებოდა, ხაჭოს ფულიც კი არ ჰქონდა თვითონ.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა. ახალი ხელისუფლების პირობებში, 22 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თაღლითობის მუხლით. 2012 წლის 6 ნოემბერს დაზარალებულებს შეხვდა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. დეკემბრიდან საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. 

2013 წლის 1 მარტს „დექსუსსა“ და „ცენტრ პოინტს“ შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა. როგორც „ცენტრ პოინტის“ თანადამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა თქვა, “განსხვავებული ხედვების” გამო. ამ დროისთვის სულ 705 მესაკუთრე იყო დარჩენილი, რომელიც ბინას ელოდა. 

სისხლი სამართლის საქმის დაწყების მიუხედავად, დაზარალებულები არ წყვეტდნენ პროტესტს.

რამდენიმე თვეში, 2013 წლის 11 ივლისს, გაირკვა, რომ „ცენტრ პოინტ ჯგუფს“, „დექსუსსა“ და მასთან დაკავშირებულ „ალანს კაპიტალს“ ყადაღა დაედო. ამავდროულად, ბრალი წინასწარ შეთანხმებული თაღლითობის მუხლით წაუყენეს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს. ასევე, „დექსუსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ივანე ცაგურიას (თაღლითობაში დახმარება), ის იმავე დღეს დააკავეს. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ის თაღლითურად დაეუფლა „ცენტრ პოინტის“ 2 მლნ დოლარის ღირებულების ქონებას. მეორე დღეს, 12 ივლისს, რუსუდან კერვალიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ სრულად იზიარებდა პასუხისმგებლობას, მან კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა. ამავე პრესკონფერენციაზე მან თქვა: „ექვსმა მენაშენემ თავი მოიკლა. მე ეს ვერ შევძელი“.

13 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კერვალიშვილსა და რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 250-250 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, ცაგურიას კი, რომლის მიმართაც პატიმრობას ითხოვდნენ, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს და 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრეს. 

საქმეზე გამოძიება მომდევნო წლებში გრძელდებოდა, 2016 წლის ივლისში დააკავეს „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. 

მაია და გუკა რჩეულიშვილებს (კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების ვაჟი), ასევე სალომე ჩარკვიანს და ირაკლი მინდელს 2016 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა  (ჩარკვიანი და მინდელი დაკავებულები იყვნენ, მაია რჩეულიშვილს ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს, გუკა რჩეულიშვილი კი  დააკავეს). დაზარალებულები, რომლებიც სასამართლოსთან აქციას მართავდნენ, გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრნენ, ტაშით შეხვდნენ და თქვეს, რომ „აღდგა სამართლიანობა“ „დამნაშავეების ციხეში“ გაშვებით. 

შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა:

  • 16 ივლისს სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა – მას 4-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა;
  • 20 ივლისს რუსუდან კერვალიშვილმა მისი დაპატიმრება და დის გათავისუფლება მოითხოვა;
  • 11 აგვისტოს ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88-ის” თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილი დააკავეს;
  • 21 დეკემბერს ადვოკატმა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა;
  • 2017 წლის 31 მარტს დებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს;
  • 2017 წლის 6 აპრილს გუკა რჩეულიშვილი წინასწარი პატიმრობიდან 30 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს;
  • იმავე  წლის 13 აპრილს 63 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი;
  • 2017 წლის 28 სექტემბერს გუკა რჩეულიშვილმა თქვა, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა (მოგვიანებით განმარტა, რომ ინვესტორი ყიდულობდა არა კომპანიას, არამედ პასივებსა და აქტივებს) და მთავარ პირობად ჩაიდო დაზარალებულთა დაკმაყოფილება. 2018 წლის სექტემბერში ითქვა, რომ ეს ინვესტორი კომპანია m2 იყო. გუკა რჩეულიშვილს იმედი ჰქონდა, რომ დედისა და დეიდის გასათავისუფლებლად გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება;
  • 2019 წლის 20 თებერვალს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ „ცენტრ პოინტსა“ და m2 შორის შეთანხმება არ შედგა;
  • 2019 წლის 10 აპრილს მაია რჩეულიშვილს საცხოვრებელი კომპლექსის,  „მიონის“ ეპიზოდზე 7-წლიანი, ხოლო შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ საორგანიზაციო განყოფილების ყოფილ უფროსს ქეთევან ჟორდანიას – 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ;
  • 2021 წლის 30 მარტს რუსუდან კერვალიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა და საპატიმრო დატოვა;
  • 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და 6 ათასამდე ოჯახი ბინას მიიღებდა;
  • 2021 წლის 17 სექტემბერს მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. “მიონის” ეპიზოდზე მას და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა.

სასამართლო პროცესების პარალელურად, წლების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულთა ნაწილი შიმშილობდა კიდეც.  ერთ-ერთი ბოლო აქცია 2019 წლის 20 სექტემბერს გაიმართა. ამ დროს მოსახლეობას დედაქალაქის მერიისგან უკვე ჰქონდა დაპირება, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. 

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ “ცენტრ-პოინტის” პრობლემა მოგვარდა და ცენტრ-პოინტის დაზარალებულები მიიღებდნენ ბინას. ინვესტორი კომპანია “ნექსთორი” იყო. თავად კომპანიამ თქვა, რომ გადაიბარეს ორი ობიექტი – მარიჯანის ქუჩასა და გელოვანის ქუჩაზე. დაზარალებულთა საერთო რაოდენობა 550 იყო. 2025 წლის 11 თებერვლისთვის გელოვანის ქუჩაზე ძველი შენობის ნაცვლად ახალს აშენებდნენ. პროექტის დასრულების ვადად 2027 წლის აგვისტო იყო განსაზღვრული. აქ 112 მობინადრე მიიღებდა ბინას. მარიჯანის ქუჩაზე კი “ცენტრ-პოინტის” მიერ აშენებული შენობის დემონტაჟი დასრულებული იყო და ახლის აშენებას იწყებდნენ.  ამ პროექტის დასრულება კი 2029 წლისთვის იგეგმებოდა. 

Media

ცენტრ პოინტის დაზარალებულები მთავრობის კანცელარიასთან

ცენტრ პოინტის დაზარალებულები მთავრობის კანცელარიასთან

2012 წლის 16 ივლისი, ფოტო: ინტერპრესნიუსი

დაზარალებული მენაშენეები სახალხო დამცველთან

დაზარალებული მენაშენეები სახალხო დამცველთან

2012 წლის 2 მაისი ფოტო: ინტერპრესნიუსი

ვახტანგ რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი

ვახტანგ რჩეულიშვილი, მაია რჩეულიშვილი

ფოტო: ინტერპრესნიუსი

რუსუდან კერვალიშვილი ტოვებს საპატიმროს

რუსუდან კერვალიშვილი ტოვებს საპატიმროს

2021 წლის 30 მარტი. ფოტო: პუბლიკა