2015 წლის 5 -14 სექტემბერი
რეგიონი
პოლიტიკა
აქცია, პიკეტი
კახელი მევენახეები
გაიზარდოს ყურძნის სუბსიდირება
ხელისუფლება
სუბსიდია არ გაზრდილა
2015 წლის 10 სექტემბერს გურჯაანის რაიონის გამგეობასთან შეკრებილმა მევენახეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ყურძნის ფასის გამო. ღვინის ქარხნები ერთ კილოგრამ რქაწითელსა და მწვანეში 35 თეთრს იხდიდნენ, საფერავში კი – 70 თეთრს. ამას ემატებოდა სახელმწიფო სუბსიდია რქაწითელზე – 35 თეთრი, ხოლო საფერავზე – 15 თეთრი. შესაბამისად, ჯამური ფასი 70 და 85 თეთრი გამოდიოდა, რაც მიუღებელი იყო მევენახეებისთვის.
„თუ ეს ფასი დარჩება, ვაზს ამოვძირკვავთ! ვინ ხართ, აღა-მაჰმად-ხანი თუ ჯალალედინი? კაპიკებში არ მოგცემთ ყურძენს“, – ამბობდნენ გურჯაანში გამგეობის შენობის წინ შეკრებული მევენახეები.
აქციების დაწყებიდან მეათე დღესაც ხელისუფლება სუბსიდირების თანხის ზრდას არ აპირებდა. მევენახეები ამბობდნენ, რომ თუ ყურძნის ფასი რქაწითელში 1 ლარამდე, ხოლო საფერავში 1,50-მდე არ გაიზრდებოდა, ისინი მოსავალს არ ჩააბარებდნენ. მევენახეები ყოფილ და მოქმედ პრემიერ-მინისტრებთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდნენ. მევენახეთა ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკების მოთხოვნას აზრი დაეკარგა, რადგან ყურძნის მოსავალი კახეთში უკვე მოსაკრეფი იყო. მათი თქმით, კახელი მევენახეები უკვე დაზარალდნენ და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა აეღო.
მოსახლეობამ თელავი-ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალი რამდენჯერმე გადაკეტა. დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს აქციის მონაწილეებიც, თუმცა შემდეგ ისევ გაათავისუფლეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქციების ორგანიზატორად „ნაციონალურ მოძრაობას“, კერძოდ კი, გურჯაანის დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს ასახელებდა.
ამ საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო ფორმატშიც იმსჯელეს. საბოლოოდ, სუბსიდიის თანხა არ გაზრდილა.
2015 წელი. ფოტო: გიორგი ალადაშვილი, რადიო თავისუფლება