2015 წლის 24 აგვისტო
რეგიონი
სოციალური პრობლემები
პიკეტი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა
დასაქმება, ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი გზის შეკეთება და სასწრაფო დახმარების მანქანების დამატება
მესტიის მუნიციპალიტეტი
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ ყველა ჩამოთვლილ პრობლემაზე მუშაობა დაწყებულია და ის ეტაპობრივად გვარდება.
დასაქმების, ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი გზის შეკეთების და სასწრაფო დახმარების მანქანების დამატების მოთხოვნით მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ 2015 წლის 24 აგვისტოს ხაიში-ჭუბერის დამაკავშირებელი გზა თითქმის მთელი დღის განმავლობაში გადაკეტა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გზა ქვებით და ავტომანქანების საშუალებით ჰქონდათ ჩახერგილი. მოძრაობის პარალიზების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ტურისტები, რომლებიც სვანეთიდან ზუგდიდის მიმართულებით მიდიოდნენ. სვანები კი უკმაყოფილონი იყვნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უყურადღებობით. ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის თქმით, სამი წლის განმავლობაში ტენდერი იყო გამოცხადებული ხაიში-ჭუბერის შვიდკილომეტრიანი გზის შეკეთებაზე, მაგრამ გამარჯვებული კომპანია კიდევ არ იყო გამოვლენილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ელვარდ ჭკადუა ამბობდა, რომ სვანები ძირითადად თავს ხე-ტყის მოპოვებითა და რეალიზებით ირჩენდნენ, ეს საქმიანობა კი მათ ხელისუფლებამ აუკრძალა, რამაც სვანების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
შეკრებილების განმარტებით, მესტიის სოფლებისთვის წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობა პრობლემაც, რის გამოც სასწრაფო დროულად ვერ მიდიოდა და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
აქციის მონაწილეებს შეხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ჩამოთვლილ პრობლემაზე მუშაობა დაწყებული იყო და ეტაპობრივად მოაგვარებდნენ. მისი თქმით, ხე-ტყის უკანონო მოპოვება რეგულირდებოდა კანონით. შესაბამის სამინისტროებთან ეს საკითხი უკვე განხილული იყო და სპეციალისტები სწავლობდნენ სვანეთის ტყის მასივს, რის შემდეგაც გამოიყოფოდა ტერიტორია ხე-ტყის მოპოვების ნებართვებით.
გამგებლის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტს სულ ორი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა, რომელიც, კანონის თანახმად, უნდა ემსახურებოდეს საავადმყოფოს და არა სოფლის ამბულატორიას. კაპიტონ ჟორჟოლიანის მტკიცებით, მცდელობის მიუხედავად, ამბულატორიისთვის სასწრაფოს დახმარების მანქანების გადაცემის უფლება ვერ მოიპოვეს. ამასთან, გამგებელი ირწმუნებოდა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო ამ სამუშაოების შესახებ, ამიტომ მისთვის გაუგებარი იყო, რამ გამოიწვია პროტესტი.
2015 წლის 24 აგვისტო. ფოტო: თამარ ზანთარაია, რადიო თავისუფლება