21-დღიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, 2021 წლის 18 მაისს მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „ბორჯომის“ (IDS ბორჯომი საქართველოს) თანამშრომლები გაიფიცნენ ხელფასების მატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით – შესვენებისა და დასვენების უფლებას ითხოვდნენ, რადგან ზოგი მათგანი 7 დღეს მუშაობდა. ამ მიზეზით სრულად გაჩერდა ორივე ქარხანა. გაფიცული იყო 400-მდე თანამშრომელი. მათ კარვები გაშალეს კომპანიის შესასვლელთან.
დასაქმებულები ამბობდნენ, რომ მათი ხელფასები 400-500 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 20 მაისს კომპანიის გაფიცულმა თანამშრომლებმა ბორჯომში მსვლელობა მოაწყვეს.
26 მაისს ცნობილი გახდა, რომ 400-მდე თანამშრომლის მოთხოვნა ხელფასების ზრდაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე დაკმაყოფილდა – მათ შორის შეთანხმება გაფორმდა. 27 მაისიდან თანამშრომლები სამუშაო ადგილს დაუბრუნდნენ.