2021 წლის 6-8 მაისი
რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია
მიწები, რომელსაც საძოვრებად იყენებდნენ, აუქციონზე გაიტანეს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა
აუქციონის გაუქმება და მიწების საძოვრებად გამოყენება
ეკონომიკის სამინისტრო
უცნობია
2021 წლის 8 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის თემს მიერთებული ორი სოფლის, კვენაკელისა და ასანურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ის მიწის ნაკვეთები, რომელთაც მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში საძოვრად იყენებდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. მათი ინფორმაციით, საერთო ჯამში ლაპარაკი იყო ორ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით 90 ჰექტარს შეადგენს.
ადგილობრივები მოითხოვდნენ, რომ აუქციონი გაუქმებულიყო და მათთვის საძოვრებით სარგებლობის უფლება მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებოდნენ საქონელი გაეყიდათ, რაც მათი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენას გამოიწვევდა.
აქციაზე ისიც თქვეს, რომ ოფიციალური წერილით მიმართეს სიღნაღის მერიას და დახმარება სთხოვეს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, მერია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შუამავლის ფუნქციას შეასრულებდა და მათ მოთხოვნას სამინისტროს გაუგზავნიდა, თუმცა გაითვალისწინებდა თუ არა სამინისტრო მათ მოთხოვნას, წინასწარ ვერ განსაზღვრავდნენ.
იმ დღეს წნორში აქციის მონაწილეებს შეხვდა პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მან გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებს მოუწოდა, უარი ეთქვათ მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწების გაყიდვაზე.
იმავე პრობლემის გამო, 2021 წლის 15 მაისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების – საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობაც გამოვიდა. ადგილობრივების თქმით, 250 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელსაც მანამდე საძოვრად იყენებდნენ, სახელმწიფომ სტატუსი შეუცვალა და სახნავ-სათესის კატეგორია მიანიჭა.
საძოვრების გასხვისებამ პროტესტი ქარელის მუნიციპალიტეტშიც გამოიწვია. 15 მაისს სოფელ მოხისშიც ეკონომიკის სამინისტროს მოსთხოვეს გადაწყვეტილების გადახედვა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, სოფელ მოხისში 28 ჰექტარი 5-წლიანი იჯარით ექვს ოჯახს ჰქონდა აღებული და ერთწლიანი კულტურები მოჰყავდათ. ვადის გასვლის შემდეგ მათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართეს, მიიღეს თანხმობა და შემდეგ, ვადის გაგრძელების მოთხოვნით, დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროში გადაგზავნეს.
მოხისელების აქცია 23 მაისსაც გაგრძელდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ბადრი ნანეტაშვილის ძმა, ჯონდო ნანეტაშვილი იყო, ამიტომ მოხისელები ფიქრობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულმა პირებმა თავიანთი გავლენა გამოიყენეს და მიწა ასე მიისაკუთრეს.
აქციის მონაწილეებმა სოფელში მაჟორიტარი დეპუტატის ჩასვლა მოითხოვეს. ზაალ დუგლაძე აქციის მონაწილეებს ქარელის მერთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად შეხვდა. მან განაცხადა, რომ აუქციონზე მიწა კანონიერად გავიდა და კეთილსინდისიერი მყიდველი გამოუჩნდა.
ცნობისთვის, დეპუტატის ძმა, გიორგი დუგლაძე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო და მოხისის მიწაც აუქციონზე მან გაიტანა.
მაჟორიტარმა მოხისელებს ურჩია, მოძებნონ სოფელში სხვა მიწა, რომელსაც იჯარით მიიღებდნენ. საუბრის პროცესში მოხისელებმა და ევროპული საქართველოს წევრმა, ბესიკ დონაძემ დეპუტატს შესთავაზეს, რომ მიწის ადგილმონაცვლეობა კომპანია “აგროინდუსტრიისთვის” გაეკეთებინათ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და გინება მოჰყვა.