გუდიაშვილის მოედნის გადასარჩენად პროტესტი 2011 წლის მიწურულს დაიწყო. 20 დეკემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ გუდიაშვილის მოედანზე მულტიფუნქციური პროექტი უნდა განხორციელებულიყო. იმავე დღეს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო: „პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება“ და „იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია“.
ამ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, 24 დეკემბერს, გუდიაშვილის მოედანზე აქცია გაიმართა, სადაც 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან მოითხოვდნენ, გუდიაშვილზე მდებარე სახლების გამაგრებას და განახლების პროექტის საჯარო განხილვას.
გაამაგრე გუდიაშვილი – ამ მოწოდებით პროტესტი 2012 წლის მაისში განახლდა, როცა შენობების მფლობელმა კომპანიამ „ირაო მაგნატ გუდიაშვილმა“ სამუშაოები დაიწყო. აქციები პერმანენტულად იმართებოდა, აწყობდნენ გამოფენა-გაყიდვებს, მუსიკალურ საღამოებს, პერფორმანსებს, მათ შორის, გამორჩეულად ორიგინალურსაც. მაგალითად, მხატვარმა ნატალია ნებიერიძემ, მეძუძურმა ქალმა პერფორმანსი მოაწყო – „დედის რძე გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად“. ის საკუთარ რძეს ჭიქებში ასხამდა და 50 თეთრად ყიდდა.
2013 წლის 19 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ გუდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეწყდა – ამ დღეს თბილისის მერიის დაქვემდებარებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ საზოგადოებას აცნობა, რომ მთელი უძრავი ქონება დაუბრუნდა მუნიციპალიტეტს. როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, სამუშაოებზე უარი თავად ინვესტორმა თქვა 2012 წლის 20 დეკემბერს. ამ წერილით ირკვეოდა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ძირითადი შენობების ნგრევა თბილისის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის ინიციატივა იყო და მათ პროექტი ამ ფორმით მიყიდა.
2014 წელს „ტფილისის ჰამქარსა“ და მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მოედანი ისტორიულ სახეს შეინარჩუნებდა. ნარმანია მერი გახდა, ორი წლის შემდეგ კი ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნულმა კავშირმა („ICOMOS საქართველო“) შეიმუშავა მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონსერვაციის გეგმა. სწორედ ამ გეგმის მიხედვით, 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო რეაბილიტაცია. მოედანი 2021 წლის 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.