EN

ფოტოგრაფების საქმე

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2011 წლის 8-16 ივლისი

გავრცელების არეალი

ეროვნული, რეგიონი

პროტესტის სფერო

მედია

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ოთხი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება

ორგანიზატორი

ჟურნალისტები

მთავარი მოთხოვნა

გათავისუფლებულიყვნენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფები

პროტესტის ადრესატი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ლოზუნგები, ტრანსპარანტები

„NO PICTURES, NO DEMOCRACY“
ახსენით საქმეს გრიფი საიდუმლო

ვიზუალური ელემენტები

გადახაზული ფოტოაპარატი

პროტესტის შედეგი

დაკავებული ფოტოგრაფები 12 დღეში გაათავისუფლეს

მნიშვნელოვანი რესურსები

ნეტგაზეთი- სატელევიზიო აქცია

რადიო თავისუფლება – სოლიდარობის აქცია შსს-თან 

2011 წლის 7 ივლისს, გამთენიისას თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ფოტოგრაფი დააკავა – ევროპის პრესის ფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, „პრაიმ ტაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე. მეხუთე ფოტოგრაფი, „ასოშეიტედ პრესის“ თანამშრომელი შაჰ აივაზოვი პოლიციამ რამდენიმე საათში გაათავისუფლა. წაყენებული მუხლი 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ფოტოგრაფების საქმე მაშინვე მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ.

საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო, ამიტომ ადვოკატებს აუკრძალეს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე საუბარი და საზოგადოებისთვის დეტალები არ გასაჯაროებულა.

8 ივლისს ჟურნალისტებმა აქცია გამართეს თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო განთავსებული და კოლეგების გათავისუფლება მოითხოვეს. განცხადება გაავრცელა ჟურნალისტების უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც წუხდა ცნობილი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების გამო და ხელისუფლებას საქმის გასაჯაროებისკენ მოუწოდებდა. აქციები  მომდევნო დღეებშიც იმართებოდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის პარლამენტის წინ.

9 ივლისის ღამით ნათია გედენიძე გაათავისუფლეს, დილით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს პატიმრობა შეუფარდა. შსს-მ გაავრცელა ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენება. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ირაკლი გედენიძემ  და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც საჯარო უწყებებში მუშაობდნენ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება, რაც  შემდეგ ზურაბ ქურციკიძეს მიაწოდეს. ამ უკანასკნელმა კი ინფორმაცია მოსკოვში  გააგზავნა.

11 ივლისს გაზეთმა „ალიამ“, რომელთანაც აბდალაძე თანამშრომლობდა, ციხიდან მისგან გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა – „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი“, – წერდა აბდალაძე. მისი თქმით, 26 მაისს, როცა სპეცრაზმმა აქცია დაშალა, მათ გადაიღეს ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას.

16 ივლისს 10 დამოუკიდებელი ტელე და რადიომაუწყებლის პირდაპირ ეთერში 19:00 საათზე დაიწყო ე.წ. სოლიდარობის მარათონი. ერთი საათის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული სტუდიებით მაუწყებლები საერთო ეთერით მაყურებელსა და მსმენელს სთავაზობდნენ პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მოსაზრებებს.

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ბრალი აღიარეს გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემაც, თუმცა, საჯაროდ არ გავრცელებულა აღიარების დეტალები. 22 ივლისს სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ აღიარებითი ჩვენებები გამოძიებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიცეს, ამ დღეს პროკურატურამ სასჯელის მსუბუქი ფორმები მოითხოვა: გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძისთვის პირობით სასჯელები 4–4 წლის გამოსაცდელი ვადით, ქურციკიძისთვის – 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ნათია გედენიძისთვის – 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლე ზვიად ესებუამ სრულად დააკმაყოფილა. ფოტოგრაფები გაათავისუფლეს. 

ხელახალი გამოძიება

მას შემდეგ რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა, ფოტოგრაფების საქმე გადაისინჯა. მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”. 2016 წელს ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე აქტიურად აშუქებდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლას და ძალის გადამეტებას, ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, „რაც ნეგატიურად აისახებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების რეიტინგზე“.

„სწორედ ამ ფაქტით გამოწვეული ხელისუფლების უკმაყოფილების შედეგად, ანგარიშსწორების მიზნით, 2011 წლის 7 ივლისს, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით, ღამის საათებში, საგანგებოდ ჩატარებული სპეცოპერაციის გზით, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაკავებული იქნენ ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ნათელა გედენიძე”, – აცხადებდნენ პროკურატურაში.2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გააუქმა და ისინი გაამართლა.

Media

ჟურნალისტების აქცია ფოტოგრაფების საქმეზე-2011 წელი

ჟურნალისტების აქცია ფოტოგრაფების საქმეზე-2011 წელი

ფოტო: თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი

ჟურნალისტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - 2011 წელი

ჟურნალისტების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - 2011 წელი

ფოტო: თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი

ფოტოგრაფები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

ფოტოგრაფები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

2018 წლის 22 ნოემბერი. ფოტო:  1TV.ge