2011 წლის 5 ივლისს ”ქართულმა პარტიამ”, რომელიც სამართალდამცავებს ადანაშაულებდა მისი წევრებისა და მხარდამჭერების უკანონოდ დაკავებასა და წამებაში, საპროტესტო აქცია გამართა. ”შეწყდეს დაკავებულთა წამება” – ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ე.წ. მოდულის შენობასთან „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი მოდულის შენობის გასწვრივ უხმოდ მოძრაობდნენ ერთ მწკრივში.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მოდულის გამჭვირვალე შენობაში იმყოფებოდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები და მათგან წამების მეთოდით იღებენ ჩვენებებს, რომლებსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა.
„ქართული პარტიის“ ლიდერების ინფორმაციით, მოდულის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ გოჩა ჩიხლაძეს – თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეები გოჩა ჩიხლაძესთან ერთად სოლიდარობას უცხადებდნენ „ქართული პარტიის“ წევრებს და ამ პარტიასთან დაახლოებული ადამიანების ჯგუფს – დაახლოებით 20 ადამიანს, რომელთაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. მათ ბრალად ედებოდათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა. თუმცა „ქართული პარტია“ ირწმუნებოდა, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული და საეჭვოდ მიაჩნდათ ის გარემოება, რომ 4-მა დაკავებულმა უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე.
ამ პრობლემის პარალელურად „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ თავიანთ ოფისთან შემჩნეულ თვალთვალზეც, რომელიც 4 ივლისს ღამით პარტიის ოფისში სამართალდამცველების შეჭრით დასრულდა. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანდა, თუ როგორ შედიოდა პოლიციელების დიდი ჯგუფი „ქართული პარტიის“ ოფისში და როგორ ცდილობდა რამდენიმე პოლიციელი შემოღობილ ტერიტორიაზე მოსახვედრად რკინის მესერზე გადაძრომას. 4 ივლისის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნასა და დაპატიმრებას გმობდნენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ინდივიდუალური პირები. ისინი შეუერთდნენ და ხელი მოაწერეს „ქართული პარტიის“ მიერ მომზადებულ მიმართვას საერთაშორისო საზოგადოებისადმი.